“უკრაინელთა 96,7% რუსი იყო” - როგორ აქეზებენ ბროშურებით რუს ჯარისკაცებს

მობილიზებული რუსეთის მოქალაქეები, დაღესტნის რესპუბლიკა, 2022 წლის 4 ოქტომბერი.

რუსეთში, წვევამდელებისთვის გამოცემულ ბროშურაში წერია, რომ უკრაინელები რუსები არიან, პუტინისთვის დაღუპულები კი აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. ბროშურას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოიწონა, უკვე არიგებენ.

იცოდით, რომ რუსეთი უკრაინაში მსოფლიო სატანიზმს ებრძვის? აი, ათასობით რუს წვევამდელს კი ამიერიდან ეცოდინება. „ვცხოვრობ, ვიბრძვი, ვიმარჯვებ” - ასე ჰქვია ბროშურას, რომელიც გამოიცა რუსი დეპუტატის, ანდრეი სკოჩის დაფინანსებით. ბროშურა ატვირთულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო პორტალზე.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „რასია“ ამბობს, რომ ბროშურის 8 ათასი ეგზემპლარია დაბეჭდილი. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში პატარა წიგნაკებს უკვე არიგებენ.

ასე გამოიყურება ბროშურა: "ვცხოვრობ, ვიბრძვი, ვიმარჯვებ! ომში ცხოვრების წესები"

64-გვერდიანი ბროშურის მიზანია, ასწავლოს წვევამდელებს, როგორ იმოქმედონ და გადარჩნენ ბრძოლის ველზე, რა ჩაიცვან, როგორ მოამზადონ საკვები… და არამხოლოდ. ბროშურის ცალკეული თავები იმეორებს კრემლის პროპაგანდას, თუ რატომ იყო აუცილებელი უკრაინაში შეჭრა, რატომაა რუსეთი სიკეთის მხარეს და უკრაინა, დასავლეთთან ერთად - ბოროტების.

ვის ებრძვიან სინამდვილეში?

წასაქეზებლად, რუს ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ უკრაინაში შეჭრა მეორე მსოფლიო ომის, მათი ბებია-ბაბუების საქმის გაგრძელებაა.

„უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს. არის ყოფილი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორია, რომელიც დროებით ხელში ჩაიგდო ტერორისტულმა ბანდამ”, - წერია ბროშურაში.

ავტორების მტკიცებით, რუსეთი უკრაინას არ ეომება. იქაურობას აკონტროლებენ ისრაელი, აშშ და დიდი ბრიტანეთი, მათ მოაწყვეს გენოციდი, ადგილობრივი მოსახლეობა დაიმონეს და გამოიყენეს საზარბაზნე ხორცად.

„გადასარჩენად, ადამიანები [იგულისხმება უკრაინელები - რ.თ.], როგორც ოდესღაც ზანგები აშშ-ში, ევროპულ პლანტაციებზე გროშების სანაცვლოდ მუშაობენ. ევროპის საროსკიპოები ახალგაზრდა უკრაინელი ქალებითაა სავსე”.

თუმცა ავტორებისთვის, უკრაინული ეთნოსიც პირობითი ცნებაა. 40-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას ისინი რუსებს ეძახიან.

„სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინელთა 96,7% რუსი იყო. მაგრამ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე მათ ართმევდნენ ნორმალურ განათლებას, კულტურას, მშობლიურ ენას და “გადაგვარებულ” რუსოფობებად აქცევდნენ”.

“ჩვენთან არს ღმერთი”

ახალწვეულებს უხსნიან, რატომ არ უნდა იმაროდიორონ, და არ აწამონ ტყვეები. ასევე, მკაცრად აფრთხილებენ, რომ არ ჩავარდნენ ტყვედ. რადგანაც უკრაინელები ტყვეებს „ჯოჯოხეთს უწყობენ”.

„ჩვენი ტყვეებისადმი ცხოველური სისასტიკის მიღმა დგას საკუთარი არასრულფასოვნების განცდა და მტრების საუკუნოვანი შიში რუსების წინაშე. მათთვის ჩვენ ყველანი - ჩეჩნები, თათრები, ბურიატები, აფხაზები, უდმურტები - ყველანი რუსები ვართ. დაუცველი ტყვის დამცირება, წამება, კასტრაცია, მკვლელობა - ჩვენი მტრებისთვის თვითდამკვიდრების გზაა. ჩვენთვის - დაუშვებელია და ტეხავს”, - წერია ბროშურაში.

ავტორები არწმუნებენ წვევამდელებს, რომ სწორ საქმეს ემსახურებიან და მათ მხარეს ღმერთია. „ომის გამოვლა ერთგვარი განსაწმენდელია. მას რომ გავივლით, სულს ვიწმინდავთ და ვიძენთ რწმენას“.

პუტინმა რაღაც იცის

ბროშურა არა მხოლოდ იმეორებს რუსული პროპაგანდის მესიჯებს, არამედ ერთგან პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ციტირებს.

ავტორები ამტკიცებენ, რომ ომში უკვე წავიდა სხვადასხვა აღმსარებლობის „ათასობით მოხალისე, ვისაც სინდისმა მოუწოდა, ბოროტებას დაუპირისპირდეს”. არადა, უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთში საომრად პატიმრები მიჰყავთ.

„დღეს ჩვენ ყველანი - მართლმადიდებლები და მუსლიმები, ბუდისტები და შამანისტები, ერთად დავირაზმეთ უკრაინული ნაციონალიზმისა და მათ უკან მდგარი მსოფლიო სატანიზმის წინააღმდეგ. იქნებ არც ხუმრობდა ჩვენი პრეზიდენტი, როცა ამბობდა, ჩვენ წამებულივით სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი უბრალოდ ჩაძაღლდებიანო. ეტყობა, პუტინმა იცის რაღაც, რისი გამხელის დროც ჯერ არ მოსულა“.

***

21 სექტემბერს, უკრაინის აღმოსავლეთით განცდილი არაერთი მარცხის კვალდაკვალ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სულ საომრად წაიყვანენ სამასი ათას ადამიანს.

ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს, გამოცემა „ფორბსის“ რუსული საიტი წერდა, რომ ქვეყანა დატოვა 700 ათასმა ადამიანმა. მათი უმეტესობა კაცია.