საით წავა ჩინეთი - რა ხდება ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობაზე?

სი ძინპინს სავარაუდოდ უპრეცედენტო, მესამე ვადით აირჩევენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენმდივნად, რაც არ მომხდარა მაო ძედუნის შემდეგ

16 ოქტომბერს, პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მდებარე სახალხო შეკრებათა დიდ დარბაზში გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომლის 2296-მა დელეგატმა ხუთი დღის განმავლობაში (22 ოქტომბრამდე) უნდა განიხილოს პარტიის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები, დასახოს პარტიისა და ქვეყნის ამოცანები მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისთვის, აირჩიოს პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი წევრები, გადახედოს პოლიტბიუროსა და მისი მუდმივი კომიტეტის შემადგენლობას და ბოლოს, გადაჭრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის საკითხი, რადგან მოქმედ პრემიერს ლი კეციანს 2023 წლის მარტში ეწურება კონსტიტუციით განსაზღვრული ორი ხუთწლიანი ვადა. თვითონ სი ძინპინს კი, სავარაუდოდ უპრეცედენტო, მესამე ვადით აირჩევენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენმდივნად, რაც არ მომხდარა მაო ძედუნის შემდეგ.

  • კიდევ რას უნდა ელოდეს მსოფლიო ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობისგან?
  • რა შეიძლება შეიცვალოს დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

რა თქვა ამხანაგმა სიმ

ყრილობა გაიხსნა 69 წლის სი ძინპინის 2-საათიანი სიტყვით, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის კომუნისტური პარტია არ გადაუხვევეს არჩეულ გენერალურ ხაზს და მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც იმუშავებს შემდეგ მთავარ მიმართულებებზე:

  • „ნულოვანი კოვიდი“: მუდმივი ჩაკეტვა სიცოცხლისა და ეკონომიკის დასაცავად
  • მსოფლიო ლიდერობა და განვითარების დასავლური მოდელის მთავარი ალტერნატივა
  • ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარება - უმთავრესი პრიორიტეტები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
  • სიმდიდრის გადანაწილება ჩინელებს შორის „საერთო კეთილდღეობისათვის“
  • ტაივანთან გაერთიანება

სი ძინპინმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ მომდევნო 5 წელი იქნება „საკვანძო პერიოდი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მოდერნიზებული სოციალისტური სახელმწიფოს ყოვლისმომცველ მშენებლობას“, რომ „აუცილებელია უსაფრთხოების სისტემის მშენებლობის გაძლიერება როგორც ეკონომიკის, ძირითადი ინფრასტრუქტურის, ფინანსების, ინტერნეტის, მონაცემების, ბიოლოგიისა და რესურსების სფეროში, ასევე ბირთვულ, კოსმოსურ და საზღვაო კვლევებში“.

სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ასევე იგეგმება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის რეფორმირება და მოდერნიზაცია. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთის ხელმძღვანელობის პრიორიტეტია 2027 წლისთვის არმიის ტრანსფორმაცია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს შეიარაღებულ ძალად.

გარდა ამისა, პეკინი გააგრძელებს მუშაობას ტაივანის მიერთებაზე და შეეცდება ამ მიზნის მშვიდობიანი გზით მიღწევას, თუმცა, როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი ინარჩუნებს საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის უფლებას.

საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი არ ეთანხმება „ცივი ომის აზროვნებას, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას“ და, რომ ეწინააღმდეგება როგორც ორმაგ სტანდარტებს, ასევე „ჰეგემონიის და უხეში ძალის, პროტექციონიზმის, ცალმხრივობის და დევნის ნებისმიერ ფორმას“. „აუცილებელია სანქციებთან, გარე ჩარევებთან და ექსტრატერიტორიულ იურისდიქციასთან გამკლავების მექანიზმების გაუმჯობესება“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის სახალხო არმიის ჯარისკაცი თვალს ადევნებს სამხედრო სწავლებას, რომელშიც მონაწილეობას იღებს ტაივანის საზღვაო ფლოტის ფრეგატი "ლან იანი"

ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა გასული ხუთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ და ბოლო ათწლეულში მიღწეულ პროგრესზე:

10 წლის განმავლობაში ჩინეთი გახდა უფრო ღია, შესთავაზა მსოფლიოს ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმად იქცა, ხოლო თავად ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა 54 ტრილიონი იუანიდან 114 ტრილიონამდე.

„მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა პილოტირებული კოსმონავტიკა, მთვარისა და მარსის, დედამიწის სიღრმეებისა და ოკეანეების გამოკვლევა, სუპერკომპიუტერები, სატელიტური ნავიგაცია, კვანტური ინფორმატიკა, ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიები, დიდი თვითმფრინავების წარმოება, ბიომედიცინა და ბიოფარმაცევტიკა“.

ჩინეთის ლიდერის თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში გარდამტეხი გამარჯვება იქნა მოპოვებული კორუფციასთან ბრძოლაში, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ერთდროულად დაარტყეს „როგორც ვეფხვებს, ასევე ბუზებს“ და არც „მელიებზე ნადირობა“ დაივიწყეს, თუმცა, როგორც ამხანაგმა სიმ აღნიშნა, ჩინეთი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. „კორუფცია ყველაზე დიდი სიმსივნეა, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს პარტიის ბრძოლასა და სიცოცხლისუნარიანობას“, - განაცხადა ამხანაგმა სიმ და დასძინა, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი მეთოდებით გაგრძელდება.

რიცხვები სი ძინპინის წინააღმდეგ

ჩინეთის აღმავლობასა და წარმატებებზე 2-საათიანი საუბრის მიუხედავად, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ჩინეთის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემას საუკეთესო წლები არ უდგას. 10 წლის წინ, როცა სი ძინპინი ხელისუფლებაში მოვიდა, ჩინეთი იყო ყველაზე დინამიკური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში: 2010 წელს გადაუსწრო იაპონიას და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა, რომელიც 2008-2020 წწ. პერიოდში, არც მეტი, არც ნაკლები, გაორმაგდა.

წინა ლიდერების - ძიან ძემინისა (1992-2002) და ჰუ ძინტაოს (2002-2012) მმართველობის დროს ჩინეთის ეკონომიკა 8-14%-ით იზრდებოდა წელიწადში, სი ძინპინის ხელში კი ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა 6-8%-მდე წელიწადში. სპეციალისტების შეფასებით, 2022 წელსაც ეს მაჩვენებელი დაგეგმილ 5,5%-ზე ბევრად ნაკლები იქნება და სავარაუდოდ 3,5%-ს არ აცდება. ეკონომისტების მტკიცებით, ჩინეთის ეკონომიკის პრობლემები შემდეგ სამ ვეშაპზე დგას:

  • კოვიდი - ჩინეთი მე-3 წელია პერმანენტულ ლოკდაუნში ცხოვრობს. კოვიდის ახალი ტალღის პირველსავე ნიშანზე მთელი ქალაქების მოსახლეობას კეტავენ სახლებში, რაც ძირს უთხრის მოხმარებას, ვაჭრობას, ტურიზმს და, მთლიანობაში, ეკონომიკას.
  • დემოგრაფია - „ერთი ოჯახი - ერთი შვილი“ - პოლიტიკამ ჩინეთი სწრაფად დაბერებად ქვეყნად აქცია, ახალგაზრდებში კი რეკორდული, 20%-იანი უმუშევრობაა. ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, როგორც ზრდის მამოძრავებელმა, როგორც ჩანს, ამოწურა საკუთარი თავი. ქალაქებში უკვე ცხოვრობს ჩინელების 60%-ზე მეტი. ყველაფერი, რაც აკლდა მრეწველობას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებას, უკვე აშენებულია. შესაბამისად, დაეცა მოთხოვნის ტემპი.
  • გლობალური ეკონომიკური პრობლემები - პანდემიამ და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად დააზარალა გლობალური ეკონომიკა. პანდემიას მოჰყვა რეკორდული ინფლაცია მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რამაც მკვეთრად შეამცირა მოხმარება, რომლის უზრუნველყოფაზეც დიდწილად იდგა ჩინეთის ეკონომიკა. ჩინეთი, როგორც სავაჭრო საქონლის მწარმოებელი ყველაზე დიდი ფაბრიკა, ასევე დააზარალა რუსეთ-უკრაინის ომმა, რამაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ - ევროკავშირის ბაზარზე ენერგოკრიზისი და სხვა ნაწარმის მომხმარების შემცირება გამოიწვია, რამაც ასევე დაარტყა ჩინეთის ეკონომიკას. Bloomberg Economics-ის თანამშრომლების გათვლით, იმისათვის, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა გენმდივანმა 2020 წელს დასახული ამოცანა შეასრულონ (2035 წლისათვის გააორმაგონ ჩინეთის ეკონომიკა), მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდა, სულ ცოტა, 5% მაინც უნდა იყოს, რაც შეუძლებელი იქნება, თუ დასავლეთი ვერ დააღწევს თავს რეცესიას და ჩინეთის მთავრობა არ გაატარებს მტკივნეულ რეფორმებს და უარს არ იტყვის კოვიდთან ბრძოლის დღევანდელ პრაქტიკაზე.

კოვიდის პანდემია - ჩინეთის ეკონომიკის თავის ტკივილი

მესამე ვადით

სი ძინპინმა ყრილობის გახსნის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში (2017-2022 წწ.), განხორციელდა პარტიული და სახელმწიფო ორგანოების რამდენიმე რეფორმა, ცვლილებები შევიდა ქვეყნის კონსტიტუციაში და მოგვარდა რამდენიმე ძირითადი პრობლემა.

სწორედ ჩინეთის კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ერთ-ერთი ცვლილება აძლევს უფლებას სი ძინპინს, მესამე ხუთწლიანი ვადით დაიკავოს მმართველი პარტიის გენმდივნისა და ქვეყნის ლიდერის თანამდებობები, რომლებიც, მაო ძედუნის გარდაცვალების (1976 წ.) შემდეგ, შეზღუდული იყო ორი ხუთწლიანი ვადითა და მემკვიდრის დასახელების ვალდებულებით. სი ძინპინის მესამე ვადა ძირს უთხრის მემკვიდრეობის სისტემას და ზრდის ძალაუფლების დაურეგულირებელი გადაცემისა და, შესაბამისად, ძალაუფლებისათვის ბრძოლის რისკს.

სი ძინპინი

პატრიცია თორნტონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარი, ამბობს, რომ როდესაც სი ძინპინი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ჩინეთის კომპარტიაში არსებობდა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ „საჭირო იყო ძალისხმევა, რათა გამოსწორების გზაზე დამდგარიყო დისციპლინამორყეული და კორუფციაში ჩაფლული პარტია”:

„სი ძინპინმა გამოიყენა კრიზისი და მისი თანმდევი გარემოებები თავისი პოზიციების გასამყარებლად, რამაც რეალურად საკმაოდ დიდი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირების შესაძლებლობა მისცა“.

თორნტონი ყურადღებას ამახვილებს ანტიკორუფციულ კამპანიაზე, რომელიც სი ძინპინმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. 10 წლის განმავლობაში გატარებული „სამართლებრივი ზომების“ შედეგად 4,7 მილიონზე მეტ პარტიულ ფუნქციონერს დაეკისრა სხვადასხვა სახის სასჯელი (სულ ჩინეთის კომპარტიაში 100 მლნ-მდე წევრია), ხოლო თავად სი ძინპინმა შეძლო როგორც საჭირო ცვლილებების გატარება პარტიის სტრუქტურებში, ასევე საკვანძო თანამდებობებზე თავისი ერთგული ადამიანების დანიშვნა.

პატრიცია თორნტონის თქმით, „ექსპერტებმა, რომლებმაც შეისწავლეს სი ძინპინის ანტიკორუფციული კამპანია, დაასკვნეს, რომ მისი მიზნების ნახევარი, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო”.

ჩინელ სამართალმცოდნესა და უფლებადაცველ თენგ ბიაოს რომ დავესესხოთ, „სი ძინპინმა პარტია კოლექტიური დიქტატურიდან პერსონალისტურ დიქტატურად გადააქცია“.

რა იცვლება რუსეთისთვის?

ჩინეთის პოლიტიკის მკვლევრები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდება თვითონ ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს რიგების განახლება, რაც ყრილობის დასრულებამდე უნდა მოხდეს. ცვლილება შეეხება მთავრობის მეთაურსაც. ჩინეთში არსებობს ერთგვარი დაუწერელი საპენსიო ცენზი, რომლის მიხედვითაც, 68 წლის მიღწევისთანავე, პოლიტიკოსები გზას უთმობენ ახალგაზრდებს. ამასთან დაკავშირებით, ყრილობის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, თუ ვინ შეცვლის ჩინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ლი კეციანს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა 68 წლის და 2013 წლის მარტიდან იკავებს თანამდებობას.

რა შეიძლება შეიცვალოს რუსეთისა და კოლექსტიური დასავლეთისთვის?

სი ძინპინის პოლიტიკის წყალობით (ჰონკონგი, უიღურების საკითხი, ტაივანი) ჩინეთი დასავლეთის სტაბილურ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა, წინააღმდეგობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რაც ოფიციალურმა პეკინმა ღიად არ დაგმო, თუმცა საქმე არც მეორადი სანქციების დაწესებამდე მივიდა, რადგან ჩინეთი რუსეთს მხარს უჭერს მხოლოდ დიპლომატიურ ასპარეზზე და არა შეიარაღების მიწოდებით ან - ფულით. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს ვითარება სამომავლოდაც შენარჩუნდება, რადგან ჩინეთის ხელისუფლება ყველანაირად ერიდება დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და, შესაბამისად, გლობალური დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრის დაკარგვას (ჩინეთის ევროკავშირთან საქონელბრუნვის მოცულობა, ათჯერ აღემატება რუსეთთან საქონელბრუნვას), რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება სი ძინპინის „ჩინური ოცნების“ (ჩინელი ერის აღორძინების) კონცეფციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაა. ეს კომპონენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ლეგიტიმაცია ფაქტობრივად ეფუძნება მას.

სი ძინპინი და ვლადმირ პუტინი, 2019 წ.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობის ალტერნატივად ვერანაირად ვერ გამოდგება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ იაფი ენერგომატარებლების შეძენით თუ არის მიმზიდველი, არადა, როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, შექმნილ ვითარებაში ჩინეთს პირველ რიგში სჭირდება თავისი ნაწარმის გასაღების ბაზრები, მსყიდველუნარიანი მომხმარებელი და არა იაფი ენერგომატარებლები, მით უფრო მაშინ, როცა წელს ჩინეთის მოთხოვნა ნავთობზე სავარაუდოდ 3%-ით შემცირდება, გაზის მოხმარება კი სერიოზულად მხოლოდ 2030 წლის შემდეგ გაიზრდება.

ტაივანში მცხოვრები რუსი სინოლოგი კონსტანტინ ხახალინიც ამბობს, რომ ჩინეთის ბიზნესსაზოგადოება ყველანაირად ცდილობს ჩინეთის მთავრობის რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ პოლიტიკის ტორპედირებას.

„მეორადი სანქციების რისკის გამო რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მრავალი ფაქტი, რუსული ბაზრიდან მრავალი ჩინური კომპანიის გასვლა და ა.შ. - მოწმობს ჩინეთის ბიზნესის წარმომადგენლების ფუნდამენტურ უთანხმოებას ჩინეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის საგარეო პოლიტიკის არაერთ მიმართულებასთან. ამასთან, ბევრი მსხვილი ჩინელი მეწარმე, პარტიაში „სამი წარმომადგენლობის“ პოლიტიკის შესაბამისად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი და ყრილობის დელეგატია“, - ამბობს რუსი სინოლოგი.

კონსტანტინ ხახალინი, სინოლოგი

ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობისგან მნიშვნელვოან ცვლილებებს არ მოელიან რუსეთშიც. ალექსეი მასლოვი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი, ირწმუნება, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების უცვლელობა ხელს აძლევს რუსეთს.

„თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებებით, რომლებიც სი ძინპინმა გააკეთა თავის მოხსენებაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის გახსნაზე, პეკინი არ აპირებს შეცვალოს თავისი პოლიტიკა (მათ შორის ეკონომიკური) რუსეთის მიმართ. აშკარაა, რომ ჩინეთს უკრაინის მიმართ მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებია, რაც ასევე ხელს აძლევს რუსეთს“, - ამბობს ალექსეი მასლოვი, რომელიც უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს სი ძინპინის ჩინეთის კომპარტიის გენმდივნად მესამე ვადით არჩევის საკითხსაც.