„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ - ასე ჰქვია ედუარდ შევარდნაძის მოგონებების წიგნს, რომლის შესავალში აღნიშნავს, წიგნის წერას რომ შევუდექი, ჩემს შვილს, პაატას ვთხოვე გვერდით დამდგომოდაო. ასე რომ, „შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი, პაატა შევარდნაძე გარკვეული თვალსაზრისით ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს მეორე პრეზიდენტის წიგნის თანაავტორიცაა.
რადიო თავისუფლება დიპლომატს, „იუნესკოს“ მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტს პაატა შევარდნაძეს კრწანისის ყოფილ რეზიდენციაში შეხვდა - იქ, სადაც დაკრძალულია ედუარდ შევარდნაძე, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.