მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრა ყირიმის ხიდზე აფეთქების საქმეში

აფეთქება ყირიმის ხიდზე

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის სამ მოქალაქეს: ალექსანდრ ბილინს, ოლეგ ანტიპოვსა და დმიტრი ტიაჟელიხს, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება. ამის შესახებ "ინტერფაქსს" 17 ოქტომბერს სასამართლოს პრესსამსახურმა აცნობა.

რამდენიმე დღის წინ ეფესბემ განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილია რუსეთის ხუთი მოქალაქე, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

13 ოქტომბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დააკავეს ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირველი ხუთი პირი, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები: არტემ აზატიანი, გეორგი აზატიანი, რომან სოლომკო, ვლადიმირ ზლობი და არტურ ტერჩანიანი.

ეფესბემ უკრაინის მოქალაქეები სოლომკო და ზლობი, ასევე სომხეთის მოქალაქე ტერჩანიანი დაასახელა ასაფეთქებელი ნივთიერების ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით რუსეთში გაგზავნის პროცესის მონაწილეებად.

ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა 8 ოქტომბერს, დილით. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას უწოდა ტერაქტი და განაცხადა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.