დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის ხსენება PACE-ს რეზოლუციაში ხელისუფლებამ მიზეზად გამოიყენა

ხატია დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხსენება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) რეზოლუციაში, "ქართულმა ოცნებამ" მიზეზად გამოიყენა იმისთვის, რომ მხარი არ დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის. დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ რეზოლუციის მიზანი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ანექსიის დაგმობა.

ასევე ნახეთ რუსეთი "ტერორისტული სახელმწიფოა", მიხეილ სააკაშვილი "პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი" - PACE-ს რეზოლუცია მოკლედ

"ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა ამ რეზოლუციას აქვს შემდეგი: იგი აღიარებს პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად... მეორე ისტორიული ჩანაწერი იყო სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც პასუხისგებაში მისცემს სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული...

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი, ეს იყო მიზეზი. ეს რეზოლუცია არის ძალიან მძიმე პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც აღიარებენ ტერორისტულ სახელმწიფოდ და ამ რეზოლუციაში არის საქართველოს და მოლდოვის დეოკუპაციაზე საუბარი, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი", - თქვა დეკანოიძემ და დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" შეეძლო სააკაშვილის შესახებ ჩანაწერის გარეშე დაეჭირა დოკუმენტისთვის მხარი.

მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციის ტექსტში ხსენება "ქართულ ოცნებას" ეჭვებს უჩენს. პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.

"როდესაც ჩვენი ოპონენტები იმის თაობაზე საუბრობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მთავარი დანიშნულება რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული განცხადების გაკეთება და კონკრეტული ღონისძიების მიღება იყო, ასეთ დროს ეჭვს იწვევს მცდელობები, რომელიც ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის თემის შეტანას გულისხმობს.

ეს თემა რომ არ გაჩენილიყო, რეზოლუციას საქართველოს მხრიდან ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერა ექნებოდა. სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო", - თქვა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი “ტერორისტულ რეჟიმად” აღიარა, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი “უკანონო” უწოდა. იმავე რეზოლუციაში PACE-მ მოუწოდა საქართველოს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. დოკუმენტს 99 მომხრე ჰყავდა, ერთმა თავი შეიკავა.