ნატოს სივრცეში ანტიბირთვული ყოველწლიური წვრთნა დაიწყო

ორშაბათიდან ნატომ დაიწყო ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებაში თავისი ყოველწლიური სწავლება Steadfast Noon, რომელშიც ალიანსის 14 ქვეყნის დაახლოებით 60 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. მათ შორის - მეოთხე თაობის გამანადგურებლები და მზვერავი თვითმფრინავები.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბოლო ხანს გაკეთებული განცხადებებით, ალიანსში ამბობენ, რომ აღნიშნული სწავლება რუტინულია და არ უკავშირდება რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას.

ამ კონტექსტში ნატოს გენერალურმა მდივანმა უარყო მოწოდებები, რომ პუტინის სახიფათო ბირთვული რიტორიკის ფონზე გადაედო დაგეგმილი წვრთნა, რომელიც 17-დან 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

"ეს იქნებოდა ძალიან არასწორი სიგნალი, თუ ჩვენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უეცრად გადავდებდით დიდი ხნის წინ დაგეგმილ მანევრებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნატოს მტკიცე და პროგნოზირებადი ქმედება და ჩვენი ძალა, ესკალაციის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ანტიბირთვული სწავლების გეგმით, საწვრთნელი ფრენები განხორციელდება ჩრდილოეთის ზღვის თავზე, ასევე ბელგიასა და ბრიტანეთში.