რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ოქტომბერს

კვირას მთელი უკრაინის მასშტაბით ერთ საათზე მეტი ხნით გამოცხადდა საჰაერო განგაში

კვირას დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაში იყო გამოცხადებული. მხოლოდ ერთ დღეში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა 30-მდე დასახლებულ პუნქტზე. უკრაინის საჰაერო ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 60-მდე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

ამის საპასუხოდ უკრაინის არმიამ რუსეთის 24 პოზიციაზე განახორციელა კონტრშეტევა.

რუსეთის მიერ 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.

გუშინ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი სამხედრო მიზნების ერთგული რჩება უკრაინაში, მიუხედავად დასავლეთის დახმარებისა. პესკოვის თქმით, ნატო კონფლიქტის „დე ფაქტო“ მხარედ იქცა.

ალიანსი ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ ის არაა ომში მხარე და მხოლოდ ეხმარება თავდაცვაში უკრაინას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა“ - მერიასთან აქცია იმართება

დღეს დილის 9 საათზე თბილისის მერიასთან აქტივისტები იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, სადაც მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ, ვაკის შადრევანში სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო.

„ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე“, - წერენ ორგანიზატორები ფეისბუკზე.

შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო", რომელიც ერთ-ერთია, ვინც ვაკის პარკის შადრევნის ინსპექტირება ჩაატარა, 2022 წლის აპრილიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია.

კომპანიის დირექტორმა, ზურაბ ამირანაშვილმა გუშინ მედიას უთხრა, რომ მას ტენდერებში მონაწილეობა ეკრძალება, თუმცა "გრინსერვის +"-მა, როგორც კერძო დამკვეთმა, ისე დაუკვეთა სამუშაოები. ამირანაშვილის თქმით, მას ეხებოდა მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოების ექსპერტიზა და არა ელექტრობა.

"ელექტროობის ნაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან [გულისხმობს ექსპერტიზის სხვა ბიუროსთან - რ.თ.] წავიდნენ", – აცხადებს ზურაბ ამირანაშვილი.

"სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო" შავ სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ერთ-ერთ ტენდერში ექსპერტად ჩაწერა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

წაიკითხე მეტი.

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ქალაქ კიშინიოვს ეწვევა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.

მათივე განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ბელარუსში 9 000-კაციანი რუსეთის სამხედრო კონტინგენტი განლაგდება - ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო

ბელარუსის ტერიტორიაზე, "რეგიონული დაჯგუფების" შემადგენლობაში 9 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე განლაგდება. ამის შესახებ ტვიტერში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ვალერი რავენკომ, დაწერა.

ბელარუსი მოხელის თქმით, რუსი ჯარისკაცები უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოდიან ბელარუსში და ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას უცხოეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეებს 17 ოქტომბერს გააცნობენ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

წაიკითხე მეტი.

რა შეიცვლება, სამსახურები რომ 7 საათზე დაიწყოს?

რა მოხდება, თუ კომპანიების ნაწილი სამუშაოს დილის 6-ზე ან, ვთქვათ, 7 საათზე დაიწყებს? ბევრი ქვეყანა სწორედ ასე ადრე იღვიძებს. ამით ხალხს მეტი დრო რჩება დასვენების, ოჯახისთვის და ქალაქებს ხერგილებისგან განტვირთვაში ეხმარება.

„სამუშაო დღე მთელ ქვეყანაში 8 საათზე დაიწყოს და 16 საათზე დამთავრდეს“, - ასეთი იდეა ჰქონდა „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს 2021 წელს. თუკი საქართველო ორის საათით ადრე გაიღვიძებდა, ეს ხალხსაც წაადგებოდა და ქვეყნის ეკონომიკასაც, - ამტკიცებდა რესტორატორი.

ასეთივე ინიციატივები ჰქონდათ სხვებსაც და არამარტო საქართველოში. ივლისში სომხეთის დედაქალაქის მერმა, ჰრაჩია სარქისიანმა გადაწყვიტა, რომ ერევანმა ადრე უნდა გაიღვიძოს და ამისთვის „უკიდურეს ზომებსაც“ მიმართა. „ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ“, - თქვა მან. ახლა ერევნის მერიასა და სომხეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დილის 7 საათზე ჰიმნს უკრავენ.

მაინც რა იცვლება, როცა სამსახური არა 10 საათზე, არამედ 2-3 საათით ადრე იწყება? გაიგე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

მიწა, ნამჯა, კირი, წყალი... - ტკეპნილი მიწის არქიტექტურა. ალტერნატიული მშენებლობა ეკოლოგიისა და ბედნიერებისთვის.