რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ძეგლების დამხობის ახალი ტალღა გამოიწვია როგორც თავად უკრაინაში, ასევე მეზობელ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ფინეთში, თუმცა ყველაზე მძლავრი ტალღა, გასაგები მიზეზების გამო, მაინც უკრაინაში აგორდა. რუსეთმა, რომელიც ომის დაწყების წინ დენაციფიკაციითა და დეუკრაინიზაციით ემუქრებოდა კიევს, პასუხად მიიღო დესოვეტიზაცია და დერუსიფიკაცია, რაც გამოიხატა რუსეთთან და საბჭოთა ეპოქასთან დაკავშირებული სახელდებების მასობრივ შეცვლასა და ძეგლების ჩამოგდებაში.
ამ ტალღას ვერ გადაურჩა ალექსანდრე პუშკინიც, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი, რომლის მორიგი ბიუსტი ორიოდე დღის წინ გაიტანეს უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან.
კიევის პეჩერსკის რაიონში, ეროვნული სატრანსპორტო უნივერსიტეტის შესასვლელთან, პუშკინის ეს ბიუსტი 1899 წელიდან იდგა.
ძეგლი აღიმართა მწერლის 100 წლის იუბილეზე და, ვიდრე არ აიღეს, მიიჩნეოდა კიევში პუშკინის ყველაზე ძველ ქანდაკებად, რომლის ბრინჯაოში ჩამოსხმა და ბაზალტის კვარცხლბეკზე შემოდგმა, კიევის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 9000 რუბლი დაუჯდათ.
პეტერბურგელი მოქანდაკის, ბაზის მიერ გაკეთებული ბიუსტის კვარცხლბეკს ამშვენებდა წარწერა: "ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინს, კიევ-პეჩერსკის გიმნაზია. 1799 წელი. 1899 წლის 26 მაისი."
„დემონტაჟი მიეძღვნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ დენის ანტიპოვს („Бук“), ცნობილ საზოგადო აქტივისტს, კორეული ენის მასწავლებელს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც დაეცა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში 2022 წლის მაისში“, - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვადიმ პოზდნიაკოვმა, რომელიც პროექტ „უკრაინის დეკომუნიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ვადიმ პოზდნიაკოვის თქმით, კიევში ჯერ კიდევ არის დარჩენილი პუშკინთან დაკავშირებული 7 ობიექტი:
- ძეგლი (გამარჯვების გამზირი, 40)
- ძეგლი XIX საუკუნის კიევის ყოფის მუზეუმის ტერიტორია (კუდრიავსკაიას ქუჩა, 9)
- მემორიალური დაფა (მიხაილ ჰრუშევსკის ქ. 14)
- ბიუსტი მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ფოიეში
- ბიუსტი შენობის ფასადზე (კონსტანტინოვსკაიას ქ. 16);
- ბიუსტი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში (გოლოსეევსკის გამზირი, 3);
- ბარელიეფი მწერალთა გალერეის თაღზე უკრაინის ბავშვთა ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელთან (იანუშ კორჩაკის ქ., 60).
2022 წლის აგვისტოში, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, კიევში ასევე აიღეს პუშკინის კიდევ ერთი ბიუსტი, რომელიც მწერლის სახელობის 153-ე გიმნაზიის წინ იდგა.
ალექსანდრე პუშკინის ძეგლების აღება უკრაინაში (ცნობილია როგორც პუშკინცვენა, უკრ. Пушкінопад), უკრაინის დერუსიფიკაციის პროცესის ნაწილია, რომლის აქტიური ფაზა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაიწყო. უკვე აღებულია საბჭოთა პერიოდში დადგმული 90-მდე ძეგლი.
თუ 2014 წლის (ყირიმის ანექსიის) შემდეგ ძირითადად ქვისა და ბრინჯაოს ლენინები ცვიოდნენ, ამჯერად პუშკინები და გორკები ენარცხებიან მიწაზე.
- პუშკინის პირველი ძეგლი, რომლის აღებაც ფართოდ გახმაურდა, 2022 წლის 7 აპრილამდე სოფელ მუკაჩევოში იწონებდა თავს.
- 2022 წლის 9 აპრილს პუშკინის ძეგლები აიღეს უჟგოროდსა და ტერნოპოლში.
ტერნოპოლში პუშკინს ძეგლს, რომელიც 1961 წლიდან იდგა, ჯერ კიდევ 2022 წლის 22 მარტს წააწერეს წითელი საღებავით: „შეაჩერე ომი“.
ტერნოპოლის მერმა, სერჰი ნადალმა ძეგლის აღების შემდეგ განაცხადა:
„რუსეთის დანაშაულებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ: მკვლელობებმა, ადამიანების წამებამ, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებამ, უკრაინის ქალაქების ნგრევამ - წაშალა რუსი ხალხის მთელი კულტურა. ამ დანაშაულებს ახსნა არ აქვს. არჩევანს არ გვიტოვებენ. ყველაფერი რუსულის დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის რუსი მწერლის ძეგლისაც“.
2022 წლის აპრილიდან მოყოლებული უკრაინაში პუშკინის ძეგლები, ბიუსტები და მემორიალური დაფები აიღეს კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ლვოვში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიეში და სხვა ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში.
რატომ მაინცდამაინც პუშკინი?
ყირიმელი ბლოგერის, ქერჩის მკვიდრის ანდრეი ფურდიკის დაკვირვებით, ალექსანდრე პუშკინი რეკორდსმენია უკრაინაში ძეგლების რაოდენობის მიხედვით, რაც შესაძლოა იყოს კიდეც დერუსიფიკაციის ფოკუსში პუშკინის მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი.
„ვფიქრობ, პუშკინი რომ არ ყოფილიყო ასე თავბრუდამხვევად მრავალი უკრაინის ქალაქების ქუჩებში, ალბათ ასე ინტენსიურად არ მოხდებოდა მისი გაიგივება რუსეთთან და, შესაბამისად, არ გამოიწვევდა ამგვარ ნეგატიურ რეაქციასაც“, - მიაჩნია ბლოგერს, რომელიც რადიო თავისუფლების ერთ-ერთი პროექტის, „კრიმ.რეალიისთვის“ წერს.
თუმცა ძნელი მისახვედრი არაა, რომ ძეგლების რაოდენობა ასევე გააზრებული რუსული ექსპანსიური პოლიტიკის ნაწილია და არა შემთხვევითობა.
როგორც ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი წერდა, წარსულის მოღვაწეთა ძეგლების მასობრივად აღმართვა დაიწყო მე-19 საუკუნეში და ის წარმოადგენს „ტრადიციების გამოგონების“ სახელმწიფო პროექტის ნაწილს. შესაბამისად, მონუმენტური ფიგურებიც ეროვნული ისტორიის ინტერპრეტაციის სიმბოლური ნაწილია.
"მონუმენტები, როგორც წესი, საჭიროა რაღაც სიმბოლური სისტემის კონსოლიდაციისთვის. იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ, როგორ მუშაობს სამყარო და ვინ იმსახურებს ხსოვნასა და მადლიერებას და ვინ - არა", - ამბობს რუსი ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ივანე კურილა.
აკი, იოსიფ ბროდსკიც იმ თავის საშინელ ლექსში, უკრაინის დამოუკიდებლობაზე რომ დაწერა, პირდაპირ ამბობს (მიმართავს უკრაინელებს), რომ ხსოვნასა და გახსენებას იმსახურებს რუს ალექსანდრეს [პუშკინის] სტრიქონები და არა უკრაინელ ტარასის [შევჩენკოს] როშვა.
ალექსანდრე პუშკინი რუსული კულტურის, ალბათ, მართლა ყველაზე დიდი ფიგურაა, იგივე, ვინც გოეთეა გერმანელებისთვის და შექსპირი ინგლისელებისთვის. როგორც რუსი მეცნიერი, დიმიტრი ლიხაჩოვი ამბობდა, პუშკინი რუსეთის ეროვნული ავლადიდებაა:
„ის ყოველთვის ჩვენთანაა, ის ჩვენი სულისა და ზნეობის უმაღლესი კრიტერიუმია... პუშკინი გენიოსია, რომელმაც მოახერხა რუსული ეროვნების, რუსული კულტურის იდეალის შექმნა“.
მაგრამ ვინ არიან პუშკინი და სხვა დიდი რუსი მწერლები რუსეთის მიერ დაპყრობილი ერებისთვის?
აკაკი ბაქრაძის თქმით, „რუსეთმა კავკასიის, ბალტიისპირეთის, შუა აზიის და სხვა რეგიონების ხალხები ისე დაიპყრო, რომ რუსეთის კულტურის მოღვაწეთა შორის ერთი კაციც არ აღმოჩენილა ისეთი, ვინც პირუთვნელად ამხელდა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას. პირიქით, ხოტბა-დიდებას უმღერდნენ.“
რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასა და მის ყველაზე სასტიკ გამტარებლებს ხოტბა-დიდებას ასხამდა პუშკინიც („დახარე თოვლიანი თავი,/ დამორჩილდი, კავკასიავ, ერმოლოვი მოდის“), რომლის „კავკასიის ტყვემ“ რუსეთშიც კი აღაშფოთა ზოგიერთები:
"ვნანობ, რომ პუშკინმა სისხლით შეფერა თავისი პოემის ბოლო ლექსები. რა გმირია კოტლიარევსკი ან - ერმოლოვი? განა კარგია, რომ ის შავი ჭირვით მუსრს ავლებდა მთელ ტომებს? პოეზია ჯალათების მოკავშირე არ არის. პოლიტიკას ისინი შეიძლება სჭირდებოდეს და მაშინ ისტორიაა მათი მსაჯული, მაგრამ პოეტური ჰიმნები ხალხის ხოცვას არავითარ შემთხვევაში არ უნდა განადიდებდეს“ (პიოტრ ვიაზემსკიის წერილი ა. ტურგენევისადმი).
"დღეს რუსული პოეზია და მთლიანად კულტურა სწორედაც რომ ჯალათების მოკავშირეა", - უთხრა რადიო თავისუფლებას პოეტმა რატი ამაღლობელმა, რომლის თქმითაც, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, სანამ რუსეთი ომის გზაზე დგას, სანამ რუსეთი არაფერს აკეთებს ომის დასასრულებლად, რუსეთთან ასოცირებული ყველა მწერალი, კომპოზიტორი თუ სხვა ვინმე - ყველა რუსეთის იმპერიის პლაცდარმია.
„რაც უნდა გენიალური სპექტაკლი დაიდგას სადმე, თუ ის რუსულია, მაშინ ამ სპექტაკლში გადახდილი ფული წასულია ტყვია-წამალში. სანამ რუსეთი და მსოფლიო არ გათავისუფლდება პუტინისგან და რუსული იმპერიალიზმისგან, პუშკინიც და სხვაც იქნება ამ იმპერიის პლაცდარმი. როცა ბავშვები იხოცებიან ყოველ დღე, რთულია იქ მაღალ მატერიებზე ლაპარაკი, რომ 200 წლის წინ თურმე ძალიან კარგი პოეტი ჰყავდა რუსეთს. დამთავრდეს ომი უკრაინის გამარჯვებით, მერე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი როგორც პუშკინზე, ასევე ზოგადად რუსულ-უკრაინულ კონტექსტზე: რა არის ეს კონტექსტი, რა ადგილი უკავია მასში კულტურას, ლიტერატურას და მათ შორის პუშკინს. ზედმეტი სენტიმენტალიზმი ახანგრძლივებს ომს და ამ ომში კიდევ უკრაინელი ბავშვები იხოცებიან“, - ამბობს რატი ამაღლობელი.
2022 წელს უკრაინაში სულ აიღეს პუშკინის 16 და მაქსიმ გორკის 6 ძეგლი. გორკისა და პუშკინის ბედი გაიზიარეს ალ. სუვოროვის, ალექსანდრე ნოველისა და 1812 წლის ომში მონაწილე გრენადერების ძეგლებმაც.
ძეგლების გარდა, უკრაინის ქალაქების მოედნებიდან აიღეს მემორიალური საბჭოთა ტანკები და თვითმფრინავები, შენობებსა და მონუმენტებს კი მოაშორეს საბჭოთა სიმბოლოები - ნამგლები და უროები, წითელი არმიის ვარსკვლავები და სხვ.