თბილისში, ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს იქ ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, 2 მოზარდი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ექსპლუატაციაში გაშვებამდე შადრევანი “შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც”.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ 29 აგვისტოთი დათარიღებულ ინსპექტირების ბოლო ანგარიშში, არაფერია ნათქვამი სამუშაოების შესრულების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ.
ვაკის პარკში შადრევნების რეაბილიტაციის დაწყებიდან დასრულებამდე (2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე) სატენდერო დოკუმენტაციაში 6 ინსპექტირების ანგარიშია ატვირთული - ყველა მხოლოდ სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების სიზუსტეს ეხება.
როგორ შეამოწმა მერიამ რეაბილიტირებული შადრევნის უსაფრთხოება?
მერიასა და კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”- ს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებისთვის თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას უნდა გაეწია - ამ კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიის დასკვნები სხვა ორი შემმოწმებელი კომპანიის, სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსა და მშენ-ექსპერტის მიერ მომზადებულ ინსპექტირების ანგარიშებს აქვს დართული. ამ დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნაკლოდ - “პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად არის შესრულებული და პასუხობს მიმღების მოთხოვნებს”.
რადიო თავისუფლებამ სცადა მუნიციპალურ ლაბორატორიასთან დაკავშირება - უწყების ყველა პასუხისმგებელი პირი დღეს, 14 ოქტომბერს პროკურატურაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ვერ მოხერხდა ვერც გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება - მერიის პრესსამსახურის განმარტებით, გიგა გიგაშვილი, რომელიც პოლიციამ გუშინ გამოჰკითხა, დღესაც, ასევე, დაკითხვაზე იყო.
მერიისა და “გრინსერვის +”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მერია კონტრაქტორი კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშოების ჩაბარებისას უნდა დაეყრდნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული კომპანიის/ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას. ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ მოუმზადებია, ისინი მხოლოდ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩაერთნენ საგამოძიებო პროცედურებში.
ექვსი დასკვნა - ერთი შედეგი
სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული 6 დასკვნიდან 5 “სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს” ეკუთვნის, ხოლო ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტი, კომპანია “მშენ-ექსპერტს”. არცერთ ამ დასკვნაში საუბარი არ არის სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და შეფასებულია მხოლოდ სამუშაოს მოცულობები და ღირებულება.
"სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო" 2022 წლის აპრილიდან სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი ტენდერის მოსაგებად არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო - 2022 წლის თებერვალში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისას მან წარადგინა ექსპერტად ადამიანი, რომელიც გასული წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა.
რა შეამოწმეს შადრევნის გახსნამდე ბოლო ინსპექტირებისას?
როგორც "მშენ-ექსპერტის" დირექტორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხარისხის შემოწმება მათი ამოცანა არ ყოფილა და დასკვნა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მანამდე მომზადებული დასკვნების, ანუ იმ დოკუმენტების საფუძველზე შეადგინეს, სადაც ეწერა რომ სამუშაოები “პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად არის შესრულებული".
“მე დავადასტურე მხოლოდ ღირებულება - რა დაიხარჯა. ზედამხედველობა ჩემი არ იყო. ზედამხედველობა თბილისის მერიის ლაბორატორია უწევდა - ფარულ სამუშაოებს, შიგნით რა ჩაიდო და როგორ გაკეთდა. მე ვადასტურებდი ხარჯვით ნაწილს. ხარისხთან მე შეხება არ მქონდა - პასუხისმგებელი თბილისის ლაბორატორიაა… სამშენებლო ნორმები და წესები, რაც წერია ნიშნავს, რომ ხარჯვითი ნორმები როგორია, მაგალითად ბეტონი რამდენი სჭირდება.
თბილისის ლაბორატორია მიგზავნიდა ფარული სამუშაოების აქტებს, რომელსაც მე ვეყრდნობოდი. შიგნით რა კაბელი და რა ტიპის არის ჩადებული, მე ხომ არ მინახავს, მე ვეყრდნობოდი აქტებს. ხარჯვით ნაწილს, რაც ჩანდა ზედაპირულად - სანათები ეყენა თუ არა და რამდენი, დანადგარი ეყენა თუ არა - ფასი დავადგინე იყო თუ არა დახარჯული” - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია მშენ-ექსპერტის დირექტორმა, ნუგზარ ქიტიაშვილმა.
გრინსერვისის+-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში სამუშაოს ხარისხის შემოწმების შესახებ ასეთი ჩანაწერია:
“მიმწოდებელი (ამ შემთხვევაში “გრინსერვის+” - რ.თ) , ვალდებულია ყველა სამუშაო შეასრულოს მაღალკვალიფიციური მუშახელის მეშვეობით. ასევე, აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი მასალების (ყოველ პარტიასთან ერთად) ლაბორატორიული გამოცდები და წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების, მოწყობილობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები, ქარხნული გამოცდის მონაცემები და სხვა). უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ის უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.”
სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ ინსპექტირების ანგარიშებს დართული აქვს მასალების ხარისხის შემოწმების სერტიფიკატები, თუმცა არსად ჩანს, როგორ ხდებოდა სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
როგორ ჩაიბარა მერიამ ვაკის პარკის შადრევანი?
13 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა შადრევანში დენის დარტყმის შემდეგ 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა მედიას უთხრა, რომ შადრევანი "შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად", - და დაამატა, რომ ოფიციალურ გახსნამდე არაერთხელ იყო სატესტო რეჟიმში ჩართული და მას როგორც ჩართულს, ასევე გამორთულს, რეგულარულად წმენდენ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
29 აგვისტოთი დათარიღებულ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც 533 გვერდიანი დოკუმენტია, ჩანს რომ სატესტო რეჟიმში ამოწმებდნენ ვაკის პარკის შადრევნების სისტემას, თუმცა ძირითადად მოწმდებოდა წყლის ჭავლის მიწოდება.
ამ დასკვნაშივე ვხვდებით დოკუმენტებს, რომლებიც სამშენებლო პროცესში გამოყენებული მასალების, მათ შორის დენის სადენების, წყალქვეშა განათების სისტემების ხარისხს აფასებს. აქვეა ასევე დაბალი ძაბვის კაბინეტის ინსპექტირებისა და ტესტირების ამსახველი ჩანაწერები და ფოტომასალა.
მერიისა და გრინსერვისს + -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 2022 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, ანუ როცა მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერეს ხელი, ვაკის პარკის შადრევნებზე პასუხისმგებელი თბილისის მერია გახდა.
“ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ“, - უთხრა დღეს მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ჟურნალისტებს.
“ვისი ბრალია ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც "შეამოწმა" და აქტიც შეადგინა, შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარეს ერთობლივი "მოღვაწეობის". და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ჰყავს, 21 საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში” - განმარტავს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.
“რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ "შეამოწმა", შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს "ეკოსერვისს" რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.
საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა” - წერს ჟვანია, რომელიც ვაკის პარკის კასკადის 2014 წლის რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და ყურადღებას შადრევნისთვის უსაფრთხოების ტექნიკურ ნორმებზე ამახვილებს: “შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე”.
ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიები
მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+”-ია, რომელსაც 2013 წლიდან ამ დრომდე 70 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო ტენდერები აქვს მიღებული და რომლის დამფუძნებლებიც 2013 წელს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.
ასევე ნახეთ ვაკის პარკის შადრევანზე სამუშაოებს "გრინსერვის+" ასრულებდა - ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოსაა ჩატარებული“გრინსერვის+”- ს ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისთვის თავის მხრივ ჰყავდა სამი ქვეკონტრაქტორი: შპს “დავითმა” შადრევნის მოწყობის სამუშაოები შეასრულა, შპს “ჯორჯიან იუნიონმა” ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები, შპს ,,ნიუ მეტალ დიზაინმა” კი შადრევანი და კასკადის მოაპირკეთა.
"მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი" - თქვა 13 ოქტომბერს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მისულმა გრინსერვის+-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ძველი თბილისის ყოფილმა გამგებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე. მას სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. მეორე დღეს მისმა ადვოკატმა მედიას უთხრა, რომ ფურცხვანიძის დასაკავებლად გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.
“პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- თქვა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ.
ასევე ნახეთ შადრევნისკენ არ გაიქცე! - გოგონა და "მკვლელი" შადრევანი