შადრევნისკენ არ გაიქცე! - გოგონა და "მკვლელი" შადრევანი

ყვავილები ვაკის პარკის შადრევანთან, თამუნა ჩქარეულის ფოტო

"აქ დარჩი, შადრევნისკენ არ გაიქცე! - ხმამაღლა ეძახის ქალი ოთხიოდე წლის ბიჭს ვაკის პარკში. ბავშვი იმ შადრევნის სიახლოვეს თამაშობს, რომელშიც გუშინ, 13 ოქტომბერს, მოზარდებს ბურთი ჩაუვარდათ, ამოსაღებად ჩავიდნენ და სამივეს დენმა დაარტყა. მათგან ერთს, 13 წლის მარიტას, ვერ უშველეს. დანარჩენი ორი გადარჩა.

შადრევანთან ჩოჩქოლი და ყვირილი უცებ ატყდა. ჩვენს რესპონდენტს, ნელის, რომელიც ძიძად მუშაობს, ბავშვი გუშინაც ვაკის პარკში ჰყავდა სასეირნოდ წამოყვანილი. შადრევანს მაშინ მიუახლოვდა, როცა ხმაური და ბავშვების ყვირილი გაიგონა.

„ცხრა-ათნი იქნებოდნენ, მოზარდები. გვიშველეთ, ბავშვები არიან შიგნითო - ყვიროდნენ“.

შადრევნის გარშემო უკვე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი.

„მე რომ მივედი, ერთი ბიჭი უკვე ამოყვანილი იყო წყლიდან, მერე მეორე ბიჭი ამოიყვანეს, გოგოს ამოყვანა კი ვერ ხერხდებოდა... ვერ ვივიწყებ იმ სცენას. ბავშვებს და წყალში მოტივტივე ბურთს. დღესაც, ბავშვი უნდა გამომესეირნებინა ჰაერზე, თორემ აქ რა მომიყვანდა. ვერც ვიხედები შადრევნისკენ. არც ბავშვს ვუშვებ იქით“.

უკვე მოხსნილი ამკრძალავი ლენტი ვაკის პარკის შადრევანთან

ვაკის პარკის უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ამოიყვანა შადრევნის აუზიდან სამივე ბავშვი, უკვე მერამდენედ, ჟურნალისტებთან გუშინდელ ამბავს იხსენებს.

დეტალები ყველას აინტერესებს.

„დღეს სამუშაო დღე იყო და მოვედი, ნეტა არ მოვსულიყავი“, - ამბობს დევი.

ახლოს მუშაობდა გუშინ, როცა მანაც გაიგონა ხმაური - ვიღაც შველას ითხოვდა და შადრევნისკენ გაიქცა.

„ჩქარა, ჩქარაო, ბავშვები წყლიდან ვერ ამოდიანო“.

არც იმაზე უფიქრია, რა ეცვა, არც იმაზე, შეიძლებოდა თუ არა წყალში დენი ყოფილიყო, პირდაპირ შიგნით ჩავიდა.

„ალბათ, ყველა ეგრე მოიქცეოდა. შიგნით რომ შევედი, ჩაძირული ბავშვები დავინახე. ძალიან ძნელი იყო მომაკვდავი ბავშვების ყურება, მაგრამ ვიცოდი, რომ როგორმე მათთვის უნდა მეშველა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მეც ვგრძნობდი, რომ დენი მარტყამდა, მაგრამ რასაც გავუძელი - გავუძელი“.

იხსენებს, რომ წყალში გადაადგილება და განსაკუთრებით, ჩაძირულ მოზარდებთან მიახლოება უჭირდა - „კინაღამ მეც შიგნით დავრჩი“.

წყალში სამჯერ შებრუნდა. შადრევანი მხოლოდ მესამე ბავშვის, მარიტას ამოყვანისას გამორთეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდები შადრევნის კიდემდე მიჰყავდა და ხალხს აწვდიდა.

დაახლოებით რა დრო გაატარა წყალში, დევი მეზურნიშვილი ვერ იხსენებს. მაშინ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მათი გამოყვანა უნდა მოესწრო.

„მაგრამ დრომ მაჯობა. დრო გადიოდა და მესამე ბავშვს ვეღარ ვუშველე. ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს და ვუსამძიმრებ“.

დევი მეზურნიშვილს 15 წლის წინაც გადაურჩენია ადამიანი ალაზანში დახრჩობას.

„ეგ წამები გამახსენდა“, - გვეუბნება.

ვაკის პარკის მთავარი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა, მომხდარს იხსენებს

პარკში დღეს ცოტა ხალხია.

განახლებულ შადრევანს, რომლის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდა და რომელიც მომხდარ ამბამდე ერთი დღით ადრე, 12 ოქტომბერს დაათვალიერა ქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრთხილად უახლოვდება ხან ერთი და ხან მეორე გამვლელი და შადრევნის ცარიელ აუზს აკვირდება.

იქ მხოლოდ აბურდული სადენები ყრია. შადრევანი გუშინდელი დღის მერე გამორთულია.

ვაკის პარკის შადრევანი გამორთულია, მასში არც წყალი დგას

ხომ არ იცით, საიდან ითიშება შადრევანი? ვეკითხებით დევი მეზურნიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ მუშაობს სისტემა, თუმცა გვეუბნება, რომ შესაძლოა, ეს პარკის ტერიტორიაზე მდგარი ელექტროჯიხურებიდან ხდებოდეს.

ერთ-ერთი ელექტროჯიხური შადრევნიდან 10-15 მეტრში დგას

შუადღისთვის გამვლელებს ყვავილები მოაქვთ და შადრევნის მოაჯირზე აწყობენ.

ხალხი უფრო პარკის სიღრმეში დადის. ბავშვები სათამაშო მოედნებზე ჰყავთ ძიძებს, ბებიებს, დედებს, მამებს. თითქოს შადრევანთან მიახლოება აკრძალულია, ისე ერიდება ყველა იქაურობას.

ვაკის პარკის შადრევანთან ხალხმა ყვავილების მიტანა დილიდან დაიწყო

პარკის იმ ნაწილში, სადაც ტერიტორია ჯერ კიდევ ნაწილობრივ შემოღობილია, შეიძლება ასეთ სადენებს გადააწყდეთ, რომლებიც საკმაოდ დაბლაა და შეიძლება მათ ბავშვიც მისწვდეს.

სადენები ვაკის პარკის ტერიტორიაზე

იმ ნაწილში კი, სადაც მიკრულია ბანერი წარწერით: „ვაკის პარკში სამუშაოებს აწარმოებს შპს „გრინსერვის +“, ყველაფერი გადათხრილია და სარემონტო მასალები ყრია. პარკის სრული განახლების სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ვაკის პარკის ერთი ნაწილი ისევ შემოღობილია და იქ სამშენებლო მასალები ყრია

ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისთვის თითქმის 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. "გრინსერვის+-ს" სახელმწიფოსგან საერთო ღირებულების 49%-მდე უკვე მიღებული აქვს.

ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე, გუშინვე გამოჰკითხეს.

დევი მეზურნიშვილი რამდენიმე ინტერვიუს მიცემის შემდეგ

„ჩვენი ადგილი, აი, ზემოთ რომ შადრევანია, ისაა“, - ათიოდე წლის ბიჭი გვეუბნება, რომელიც თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ცნობისმოყვარეობით დასტრიალებს ტელეკამერებს.

- აქ ხშირად ხართ ხოლმე? - ვეკითხები.

- სულ, აქვე ვცხოვრობთ. ეს ჩვენი პარკია. მაგრამ გუშინ არ ვყოფილვართ.

საუბარში მისი მეგობარი ბიჭიც ერთვება.

- ზემოთა შადრევანში სულ ჩავდიოდით ხოლმე ზაფხულში, ვწუწაობდით და არავინ გვიშლიდა, მაგრამ აღარასოდეს მივუახლოვდებით. საშიშია.

ვაკის პარკი, ცარიელი ატრაქციონი. დღეს პარკში სიხალვათეა

შადრევნისკენ ბილიკს გოგონა მოუყვება. თან ბურთს კენწლავს. უკან კაცი მოჰყვება. ალბათ, მამაა.

ახლოს არ მიხვიდე“, - აფრთხილებს.

„ალბათ, სულ ეს გამახსენდება აქ რომ მოვალ. ეს შადრევანი სულ სიკვდილს გამახსენებს“, - გვეუბნება შუახნის კაცი, რომელიც ძაღლს ასეირნებს.

პარკში დილიდან მისული ხალხი შადრევანს გარს უვლის და აკვირდება

"თავიდან ვერ ვიშორებ ამ ამბავს. ყვავილები მოვიტანე დაღუპული გოგოს სახელზე. ეს მინიმუმია, რაც შემიძლია", - ილონა შადრევნის მოაჯირზე თაიგულს დებს და მიდის.

ყვავილები მარიტას

შუადღისკენ შადრევანთან ჟურნალისტების რიცხვი იკლებს. პარკში საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი რჩება.

საავადმყოფოდან კი ვრცელდება ამბავი, რომ ორივე გადარჩენილი ბავშვი უკეთაა.

ახლა ყველა ელის, რას იტყვის გამოძიება, რომელიც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილები) არის დაწყებული და რასაც ადამიანის, ამ შემთხვევაში კი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

გამოკითხვები გრძელდება, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.