სახალხო დამცველის კანდიდატები შეაფასეს - რა იქნება ახლა?

ფოტოილუსტრაცია: ნუგზარ კოხრეიძე, ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველის კანდიდატები შეაფასა და თითოეულ მათგანს შესაბამისი ქულაც მიანიჭა. ახლა პროცესი პოლიტიკოსების ხელში გადადის.

პარლამენტის საიტზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა ომბუდსმენობის თითოეული კანდიდატისთვის მინიჭებული ქულები.

9-კაციანმა კომისიამ 19 კანდიდატის ბიოგრაფია შეისწავლა და თითოეული 4 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა. თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულა იყო 10.

შეფასების მიხედვით, პირველ ოთხეულში სწორედ სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული 3 კანდიდატი მოხვდა.

ქულები ასე განაწილდა:

  1. ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, ხელმძღვანელი - 321
  2. ნაზი ჯანეზაშვილი, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, დირექტორი - 288
  3. ნუგზარ კოხრეიძე, „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, თავმჯდომარე - 237
  4. გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე - 231
  5. სერგო მახარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი​ - 223
  6. მარიკა არევაძე, საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი​ - 221
  7. თინათინ ერქვანია, GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - 221
  8. გიორგი მარიამიძე, „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი​ - 171
  9. ლელა გაფრინდაშვილი, „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი​ - 166
  10. ქეთევან ჩაჩავა, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი​ - 154
  11. სოფიო დემეტრაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი​ - 152
  12. ნიკოლოზ ნიკოლაძე, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი​ - 105
  13. ალექსანდრე კობაიძე, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე​ - 78
  14. იაგო ხვიჩია, საქართველოს პარლამენტის წევრი​ - 62
  15. ჯემალ ნათელაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი​ - 56
  16. ლევან კოკორაშვილი, ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე​ - 53
  17. გიორგი ცობეხია, საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი​ - 53
  18. მაკა მინდიაშვილი, „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი​ - 17
  19. ევგენია თავაძე, დროებით უმუშევარი​ - 4.

კანდიდატებიდან, კეთილსინდისიერებისა და მაღალი რეპუტაციის, ისევე, როგორც მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კატეგორიაში ყველაზე მაღალი ქულა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ მიიღო.

თუმცა, კომისიის შეფასება მხოლოდ რეკომენდაციად თუ გამოდგება. მაღალი ქულები არ არის კანდიდატებისთვის საბოლოო კენჭისყრამდე მიღწევის გარანტია.

აბა ვინ გავა აქედან კენჭისყრაზე?

ქულებით კანდიდატები არ იფილტრებიან, ყველაზე დაბალი ქულის მქონე კანდიდატიც კი შეიძლება მოხვდეს კენჭისყრაზე.

კომისიის შეფასებები და განმარტებები პარლამენტს წარედგინება. ვინ გადავა საპარლამენტო განხილვის ეტაპზე, ამას, საბოლოოდ, მაინც პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ.

ვინ შეაფასა კანდიდატები?

შეფასების 9-კაციანი ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული:

  • დავით ასათიანი ("საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", თავმჯდომარე);
  • თამარ ზარანდია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი);
  • ნათია კუპრაშვილი („რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, თავმჯდომარე);
  • რაისა ლიპარტელიანი („საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“, თავმჯდომარის მოადგილე);
  • ელენე რუსეცკაია („ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, დირექტორი);
  • არნო სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველო“, თავმჯდომარე);
  • ნინო ჩხობაძე („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, თავმჯდომარე);
  • ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი–საქართველო“, თავმჯდომარე);
  • ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, დირექტორი).

ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეადგინა, მისივე 2022 წლის 14 სექტემბერს გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

როგორ შეაფასეს კანდიდატები?

სამუშაო ჯგუფის ცხრა წევრმა კანდიდატები 4 კრიტერიუმით შეაფასეს, ესენია:

  • კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;
  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
  • სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
  • პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

თითოეული ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შესაბამისად, კანდიდატებს 0-დან 10 ქულამდე დაუწერეს, ამას თან დაურთეს განმარტებები შეფასების მოტივებზე.

ვინ რამდენი ქულით შეაფასა კანდიდატები:

საპარლამენტო განხილვების ეტაპი: რა ხდება შემდეგ?

მესამე ეტაპზე, საპარლამენტო ფრაქციები და 7-კაციანი ჯგუფები პარლამენტს წარუდგენენ ერთ, ან ერთზე მეტ კანდიდატს მათგან, ვინც შეფასების ჯგუფის ეტაპი გაიარა. საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ, ერთობლივად წარადგინონ ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა.

კანდიდატების საპარლამენტო განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი მათი რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” 84 ხმა აქვს პარტიიდან გასული 9 წევრის [გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე] ჩათვლით. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ.

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველის არჩევის პროცესს?

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტია.

ამ სტატუსისთვის, საქართველო ვალდებულია, ახალი სახალხო დამცველის სამსახური იყოს ზეგავლენებისგან თავისუფალი.