რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ანექსირებული ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციას“ დაეხმაროს ოლქის მცხოვრებთა ევაკუაციაში. რუსეთის მთავრობას ამ თხოვნით 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მიმართა პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ. მან მიზეზად დაასახელა უკრაინის არმიის ყოველდღიური სარაკეტო შეტევა ოლქის ქალაქებზე, მათ შორის ხერსონსა და კახოვკაზე. სალდოს განცხადებით, ადგილობრივ მცხოვრებთ შესთავაზეს ბავშვები წაიყვანონ და თავადაც წავიდნენ „რუსეთის სხვა, მეზობელ რეგიონებში, პირველ ყოვლისა, ყირიმში, როსტოვში, კრასნოდარსა და სტავროპოლში“.
ხერსონის ოლქის დე ფაქტო ხელმძღვანელის ამ მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება ოლქის მცხოვრებთა სხვა რეგიონებში გამგზავრებაში დახმარების ორგანიზების შესახებ“ და ხერსონის ოლქის მცხოვრებთ „უფასოდ განათავსებენ რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში“.
ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვა: ხერსონში ამზადებენ სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციასდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით 13 ოქტომბერს, დილით წერდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა ხერსონიდან სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციისთვის მზადების ბრძანება, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ელოდებიან საბრძოლო მოქმედებების გავრცელებას უშუალოდ ქალაქ ხერსონზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რომლებიც ხერსონის ოლქში კონტრშეტევას აწარმოებენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტროლი აღადგინეს ოლქის არაერთ დასახლებულ პუნქტზე.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, ხერსონის ოლქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წლის გაზაფხულიდან, რუსული ჯარების მიერ ოლქის ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ხერსონი დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს.