ISW: კრემლი ცდილობს მობილიზაციის პრობლემებიდან ყურადღების გადატანას

უკრაინასთან საომრად რუსეთის მიერ მობილიზებულთა გამცილებელი ქალები. სტავროპოლის მხარე. 2022 წლის 30 სექტემბერი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, უკრაინაზე ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმებით კრემლი განაგრძობს ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების დროებით დამშვიდების საერთო სქემით მოქმედებას და ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებიდან.

ამერიკელი ექსპერტების თანახმად, პირველმა საჯარო ცნობებმა უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა სიკვდილის შესახებ, რუსეთში გამოიწვია სამხედრო ხელმძღვანელობისადმი კრიტიკის ახალი ტალღა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთში ბევრმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მობილიზებულებს შორის დაღუპულების და დაჭრილების რიცხვი გაცილებით მეტია დაპირებული მომზადების, სათანადოდ აღჭურვის და ქვედანაყოფების და მეთაურების ერთიანობის არარსებობის გამო.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის ერთი რაიონიდან მობილიზებული 5 კაცი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს რუსი ბლოგერების განცხადებებზე მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მათ შორის, სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეების გაგზავნაზე ისეთ ნაწილებში, რომლებიც მათ კვალიფიკაციასთან შეუსაბამოა. ასევე, მობილიზებულების სხვადასხვა ქვედანაყოფში განაწილების აღრიცხვის არარსებობაზე, რაც ოჯახების უკმაყოფილებას იწვევს. როგორც ერთ-ერთმა სამხედრო ბლოგერმა დაწერა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობა, ოჯახებს აცნობოს ნათესავების ადგილსამყოფელი, იმას გამოიწვევს, რომ მობილიზებულთა დედები და ცოლები უფლებადამცველ ჯგუფებს შექმნიან და „რუსეთს შიგნიდან დაანგრევენ".

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა.