კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო

თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნიუ ჰოსპიტალსში“ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო.

კალაძემ განაცხადა, რომ თუ დამნაშავეა, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს. მისი თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა დაისჯება.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - თქვა თბილისის მერმა.

კალაძეს არ უსაუბრია თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ.

თბილისის მერმა კლინიკაში მოინახულა ვაკის პარკში დაზარალებული მოზარდი, რომელიც მკურნალობას განაგრძობს. მერის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე ნახეთ კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

13 ოქტომბერს, საღამოს, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო. ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ასევე ნახეთ შსს-მ „ვაკის პარკის საქმეზე" ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ბრიფინგი გამართა

შსს-მ მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".