რუსეთში ახალწვეულები საეჭვო ვითარებაში იღუპებიან

3 ოქტომბერს დაღუპული ალექსანდრ კოლტუნი (მარჯვნივ)

21 სექტემბრის მერე, რუსეთში თითქმის 20 რეზერვისტი დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ძირითადად გულის შეტევას, სუიციდს ან ნარკოტიკებით ზედოზირებას ასახელებენ. მაგრამ ბევრს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა.

35 წლის ალექსანდრ კოლტუნი ჯარში სექტემბრის ბოლოს საკუთარი ნებით წავიდა. იგი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქში, ბრატსკში ცხოვრობდა.

დედამისი, ელენა გუდო იხსენებს, რომ შვილი ადრე საჰაერო დესანტში მსახურობდა და იცოდა, რომ მალე გაიწვევდნენ, ამიტომაც თქვა, გაწვევის საბუთს აღარ დაველოდებიო.

28 სექტემბერს ალექსანდრი ნოვოსიბირსკში, წვევამდელთა მომზადების პუნქტში გაგზავნეს. დედას ბოლოს 2 ოქტომბერს ელაპარაკა და მოუყვა, რომ ძალიან სციოდა, ახალწვეულები კი ყიდულობდნენ “უხარისხო არაყს”, ბევრს სვამდნენ და ჩხუბობდნენ.

“მიყვებოდა, რომ იქ სრული დომხალია. ამბობდა, წინ და უკან დავდივართ, ირგვლივ ყველა სვამს, ფორმა არ მოგვცეს და არ გვაჭმევენო. ამბობდა, ახლა იმას ვჭამ, რაც სახლიდან წამოვიღეო. როგორ შეიძლება ასეთი რამე ჯარში ხდებოდეს?!” - უთხრა ელენა გუდომ რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრ კოლტუნი დედასთან, ელენა გუდოსთან ერთად

მომდევნო დღეს ოჯახს შეატყობინეს, რომ ალექსანდრი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით - გულის შეტევით. მაგრამ დედამისი დარწმუნებულია, რომ ის მოკლეს.

ცხედარი მხოლოდ 9 ოქტომბერს გადმოასვენეს. ოჯახის მტკიცებით, სხეულზე ჩალურჯებები ეტყობოდა, სახეზე ჰემატომა ჰქონდა, შუბლი კი “ჩაჭყლეტილი იყო”. ექსპერტიზის მტკიცებით, ალექსანდრის სისხლში 5 პრომილე ალკოჰოლი აღმოაჩინეს. ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ის საერთოდ არ სვამდა. გარდაცვლილს დარჩა ცოლი და 6 შვილი.

ხუთი გულის შეტევა

სხვადასხვა წყაროს თანახმად, “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, რუსეთში უკვე თითქმის 20 რეზერვისტი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, იყო ორი ნარკოტიკებით ზედოზირება, ორი - უბედური შემთხვევა, და ორი - თვითმკვლელობა. თუმცა ყველაზე ხშირად, სულ ცოტა 5-ჯერ, გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის შეტევა.

არაერთი დაღუპულის ოჯახს კითხვები აქვს გამოძიებასთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაადასტურეს უწყებებმა ძალადობრივი სიკვდილი.

მობილიზებული რეზერვისტის დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 27 სექტემბერს გავრცელდა. 40 წლის ყაბარდო-ბალყარელის, ბორის შავაევის დაღუპვის მიზეზად “თრომბოემბოლია” დასახელდა. არადა, წინა დღეს სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ ჯანმრთელი იყო.

იმავე დღეს, ქალაქ ვლადივოსტოკის პოლიციის შენობაში 39 წლის მამაკაცი, სერგეი ფედოსეენკო გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგი წაიყვანეს სამხედრო კომისარიატიდან, სადაც “მობილიზაციით უკმაყოფილებას გამოხატავდა”. ოფიციალური ვერსია - ძალიან მთვრალი იყო და გული გაუჩერდა.

3 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, სვერდლოვის ოლქში, ერთბაშად 3 რეზერვისტი გარდაიცვალა. ერთი - გულის შეტევით, მეორემ - თავი მოიკლა, მესამეს, 44 წლის დენის კოზლოვს, ღვიძლი დაეშალა. მაგრამ დედამისი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ის ნაცემი იყო, ცხვირი გატეხილი ჰქონდა, მუცელი კი - ჩალურჯებული.

ბოლო შემთხვევა 12 ოქტომბერს მოხდა. გული გაუჩერდა 33 წლის მამაკაცს, რომელსაც, მისი მეგობრების მტკიცებით, “აქამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია”.

“მივიღებთ ზომებს”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში დამატებით 300 ათასი რეზერვისტის გაგზავნა იგეგმება. ბოლო სამი კვირაა, რუსული ოპოზიციური მედია ბევრს წერს მობილიზაციის პრობლემების შესახებ.

სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, ბევრი ყაზარმა არ თბება, რეზერვისტებს არ აჭმევენ და ზოგს თავად უწევს სამხედრო აღჭურვილობის ყიდვა. რუსეთის პატარა ქალაქის, კარპინსკის ადგილობრივი გამოცემის თანახმად, ომში უკვე რამდენიმე ახალწვეულიც დაიღუპა.

იმას, თუ როგორ არჩევენ კომისარიატები ახალწვეულებს, აკრიტიკებენ არა მხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ პუტინის მხარდამჭერებიც.

მაგალითად, 24 სექტემბერს სახელმწიფო მედიაჰოლდინგის, “რასია სეგოდნიას” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ ჯარში ძალით მიჰყავთ დიაბეტიანები. “ადამიანებს ნერვებს უშლიან, გეგონება, ძალით აკეთებენო”, - დაწერა ტელეგრამში რუსული პროპაგანდის შეფმა.

თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან ოპტიმიზმს ასხივებს.

“პუტინმა ხომ თქვა, ეს [მობილიზაცია] რომ არ გაგვეკეთებინა, პრობლემების შესახებ ვერ შევიტყობდითო. ამიტომ ახლა მივიღებთ ზომებს ამ სისტემის მწყობრში მოსაყვანად”, - განაცხადა მან 12 ოქტომბერს.