ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის რეჟიმს "ტერორისტულად" აღიარებს - ჰონჩარენკო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. ფოტო არქივიდან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს.

უკრაინელმა დეპუტატმა და საპარლამენტო ასამბლეაში ვერხოვნა რადის დელეგაციის წევრმა ოლექსი ჰონჩარენკომ, კენჭისყრას "ისტორიული" უწოდა.

"რეზოლუციის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი არის ტერორისტული. ეს არის ძლიერი სიგნალი გლობალური მასშტაბით და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად ჩაითვალოს. პირველად ისტორიაში, ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ აუცილებელია იარაღის მიცემა! ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად", - წერს ჰონჩარენკო თავის ტელეგრამში.

უკრაინელი დეპუტატის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილებები დოკუმენტში ცვლილებების შედეგად იქნა მიღებული.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო.

ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, PACE-მ მოუწოდა ტრიბუნალის შექმნისკენ, რუსეთის ომის დანაშაულების განსახილველად. მას მოჰყვა ევროპარლამენტის რეკომენდაციები დროებითი სასამართლოს შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის ფედერაციის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემა.