ალინა კაბაევას სახლი შვეიცარიაში გასაყიდად გაიტანეს 75,5 მილიონ დოლარად - "დოსიე"

რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა

შვეიცარიაში მდებარე ვილა, რომლითაც, სავარაუდოდ, რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა სარგებლობდა, 75 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად (დაახლოებით 75,5 მილიონ ამერიკულ დოლარად) გაიტანეს გასაყიდად. ამის შესახებ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საიტი "დოსიე" იუწყება.

"დოსიეს" კორესპონდენტი დაუკავშირდა რეალტორს, რომელიც ამ ობიექტის გაყიდვით არის დაკავებული. კაბაევა - "ნაციონალური მედია ჯგუფის" ტოპ მენეჯერი, რომელსაც ბევრი ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შვილების დედას უწოდებს - საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობის გამო.

ასევე ნახეთ

კანადამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, სიაშია პუტინის სატრფოდ მიჩნეული ალინა კაბაევა

კერძო სახლი შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ მუნიციპალიტეტში, კოლონიში, მდებარეობს. ამ სახლს კაბაევას შვეიცარიაში ცხოვრების შესახებ სტატიაში ახსენებს Wall Street Journal-იც, რომლის თანახმად, ტანმოვარჯიშე ქალი ლუგანოს რეზიდენციაში და ასევე კოლონიში, შვეულმფრენის მოედნიან ვილაში ცხოვრობდა. "დოსიეს" ჟურნალისტმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთ ვილას აქვს შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი.

ვილა მდებარეობს Rampe de Cologny-ის ქუჩაზე, იმ კერძო სახლის გვერდით, რომელიც ადრე პრეზიდენტ პუტინის მეგობარ გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნოდა.

"დოსიეს" კორესპონდენტი სახლის შეძენას ბანკირის თანაშემწის სტატუსით შეეცადა. რეალტორმა თავდაპირველად მას უამბო დეტალები უძრავი ქონების შესახებ, ვიდრე არ დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა ეს ვილა დაკავშირებული კაბაევას სახელთან. ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, ხოლო მალე რეალტორმა განაცხადა, რომ ობიექტი გაყიდვიდან ამოიღეს. ოფიციალური ჟურნალისტური მოთხოვნიდან მალევე, გაყიდვის შესახებ განცხადებაც მოიხსნა.