ვაკის პარკის შადრევანზე სამუშაოებს "გრინსერვის+" ასრულებდა - ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოსაა ჩატარებული

ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია "გრინსერვის+" აწარმოებდა. ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან მიღებული აქვს 6 324 286.07 ლარი, რაც საერთო ღირებულების 49%-ია.

"გრინსერვის +"-ს 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული. ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, 2013 წლიდან 2021 წლამდე "გრინსერვის+"-ს ტენდერების გზით დაახლოებით 41,256,287 ლარი ჰქონდა მიღებული. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე 2013 წელს დაკავებული იყო ეკონომიკური დანაშაულისთვის და მსხვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა 2013 წელსვე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს ჩაუტარდა. ინსპექტირების ანგარიში სქელტანიანი, 533 გვერდიანი დოკუმენტია, რომლის თანახმადაც, ყველა შესრულებული სამუშაო წესრიგშია.

თავის მხრივ, "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოების შესასრულებლად, შპს "ჯორჯიან იუნიონია“.

"[გამოძიება] დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო გრინსერვისი.

ცხადია, შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისულები. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.

უდიდესი თემაა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი", - თქვა დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ხეჩინაშვილის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოღებისას დენმა დაარტყა.

ვაკის პარკის შადრევნები გუშინ, 12 ოქტომბერს, საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა. ვაკის პარკის რეაბილიტაცია ქალაქის მთავრობამ 2021 წელს დაიწყო.