უკრაინაში, ომში დაიღუპა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის კორკინოს მუნიციპალური ოლქის სამხედრო კომისარიატის მიერ მობილიზებული 5 კაცი. ინფორმაციას გამოცემა URA.RU ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონის ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს ოფიციალურად გათვალისწინებული ფედერალური კომპენსაციის გარდა, დამატებით 1 მილიონი რუბლის (დაახლოებით 44 ათასი ლარი) გამოყოფას დაჰპირდა.
5 მობილიზებულის დაღუპვის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოცემა „It's My City“-ს მონაცემებით, ეს ფრონტის ხაზზე მობილიზებულთა დაღუპვის პირველი ცნობაა. მანამდე მობილიზებულთა პოლიგონებსა და საწვრთნელ ბაზებზე დაღუპვის შესახებ იტყობინებოდნენ - რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამობილიზაციო პროცესის ფარგლებში, სულ მცირე, ცხრამეტი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი, სამმა მათგანმა თავი მოიკლა.
იურისტი პაველ ჩიკოვი აცხადებდა, რომ ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან დაიღუპა მობილიზაციის გზით პეტერბურგიდან ომში გაწვეული ადვოკატი ანდრეი ნიკიფოროვი. როგორც ირწმუნებიან, ის 25 სექტემბერს გაიწვიეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სვერდლოვსკიდან მობილიზაციით გაწვეული ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ის დაჭრილია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მობილიზებულებს პირდაპირ არ გაიწვევდნენ უკრაინაში საბრძოლო ზონაში და ისინი ჯერ მომზადებას და „საბრძოლო კოორდინაციას“ საწვრთნელ პოლიგონზე გაივლიდნენ, ეს პროცესი კი ერთ თვეს გასტანდა, თუმცა, მობილიზებულთა ომში დაღუპვის შესახებ ცნობები ამ დათქმული ვადის გასვლამდე უკვე ვრცელდება.