დეგნანი: მკაფიოდ და გამჭვირვალედ ვსაუბრობთ იმაზე, რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დეპუტატებმა, რომლებიც „ქართული ოცნების" დატოვების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან, ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მიზნობრიობა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ ვსაუბრობთ იმაზე, რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და დავეხმარებით საქართველოს, რომ ის გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკურად, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, - განაცხადა კელი დეგნანმა და გაიხსენა საქართველოს ისტორია, - საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ასი წლის წინ [პირველი რესპუბლიკის დროს], სანამ რუსეთი დაიპყრობდა მას. ის იყო ძალიან პროგრესული ინსტიტუტების კუთხით და ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს".

დიპლომატმა ილაპარაკა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ინსტიტუტების მშენებლობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. მთელი კონცენტრირება, ყურადღება საქართველოს ლიდერების უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. იმიტომ, რომ მიღწეული იყოს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით - აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა არის ახალი მიზანი [ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება], რაც სრულიად მიღწევადია, თუ საქართველოს ლიდერების ყურადღება 100%-ით მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის სურვილი", - თქვა დეგნანმა.

ელჩი იმყოფებოდა რონდელის ფონდის „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" 2021-2022 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. პროგრამა ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ხალხის ძალის" განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

ასევე ნახეთ „ხალხის ძალა" აშშ-ის დაფინანსებაზე განცხადებას აქვეყნებს: „მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა"

15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, „ხალხის ძალის" განცხადებებს.

ასევე ნახეთ „ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად" - დეგნანი „ხალხის ძალის" განცხადებებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".

ასევე ნახეთ „ხალხის ძალა" აშშ-ის დაფინანსებაზე განცხადებას აქვეყნებს: „მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა"

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოძრაობა "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ - საგარეო საკითხებზე "კულისებში" განხილული საკითხების საჯაროდ გამოტანა.

ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძის თქმით, "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ძლიერი ურთიერთობა სჭირდება აშშ-სთან და ევროკავშირთან