დეგნანის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოთან თანამშრომლობას საზღვრის დაცვის საკითხებში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ის იმყოფებოდა რონდელის ფონდის „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" 2021-2022 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. პროგრამა ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ელჩს ჰკითხეს, ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთოს შესახებ, რომელმაც რუსული მხარის მტკიცებით, საქართველოს ტერიტორია გაიარა. როგორც დიპლომატი ამბობს, აშშ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას საზღვრის დაცვის საკითხებში.

„გავრცელებულ ინფორმაციაში არის ბევრი სპეკულაცია, ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან, უკვე ათწლეულებია. უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგებით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია. ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 12 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია თანამონაწილეთა ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

მანამდე კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მიემგზავრებოდა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ კრასნოდარის მხარის გავლით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომლის მიხედვით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, უსაფუძვლო უწოდა.

ასევე ნახეთ ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენი საზღვარი ტროტილით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია
ასევე ნახეთ შს მინისტრის მოადგილე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: საქართველოს შემხებლობა არ აქვს

რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".