არისტოკრატი მესასთუმლე - რას გვიამბობს ელისაბედ ერისთავის მემუარები?

„მე დავიბადე შუაგულ ქართლში, ქალაქ გორში,რომელიც მაშინ წარმოადგენდა ლამაზ ქალაქს თავისი ლამაზი ბაღებით შემორტყმული ფეოდალური სასახლეებით... ჩვენ ვიდექით საკუთარ სახლში, მამიჩემის აშენებულში. მოწყობილნი ევროპიულად ჰქონდა... დიდი შუშაბანდი ვენეციანური შუშებით იატაკამდე, მშვენიერი ლიმონის ხეები, ალოე, აპელსინი... მებაღე გვყავდა ფრანცუზი“ - ასე იწყება ელისაბედ (ლიზა) ერისთავის მემუარები, რომელიც ახლახან დასტამბა გამომცემლობა „არტანუჯმა“ და რომელსაც, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ შესავალ სიტყვაში უწოდა „ერთი საუკეთესო გზამკვლევი ეპოქის სულში ჩასახედად და შესაცნობად“.

ელისაბედი, ელიზბარ ქსნის ერისთავის უმცროსი ქალიშვილია - რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, 1832 წელს, ქართველი თავადაზნაურობის მიერ მოწყობილი ცნობილი შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორის და ხელმძღვანელისა.

ელისაბედ (ლიზა) ერისთავი

თავის მემუარებში ელისაბედ ერისთავი გვიყვება თავისი ეპოქის იმ ამბებს, რომლებსაც ისტორიულ ქრონიკებში ვერ ამოიკითხავთ. ეს მემუარები - ქსნის ერისთავთა ერთგვარი საგვარეულო მატიანეც არის და ძვირფასი მასალაც იმ სურათის აღსადგენად, რაც მაშინ, რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოში ხდებოდა. და შესაძლებლობაც, უკეთ გავიცნოთ მაშინდელი ქართული არისტოკრატია, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

ელისაბედ ერისთავის მამა, ელიზბარ ერისთავი

2022 წელს, 190 წელი შესრულდა 1832 წლის შეთქმულებიდან, რომლის მიზანიც, საქართველოდან რუსეთის იმპერიის განდევნა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. წიგნის შემდგენელმა, ლიტერატურათმცოდნე მაია ცერცვაძემ, ამ მემუარების გამოცემა სიმბოლურად სწორედ ამ თარიღს დაამთხვია. თავად წიგნი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამშობლოსათვის დაღუპული შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის და სხვათა ხსოვნას მიუძღვნა.

ელისაბედ ერისთავის მოგონებების ნაწყვეტები სხვადასხვა დროს სამეცნიერო და ლიტერატურულ პერიოდიკაშიც იბეჭდებოდა. მემუარების ხელნაწერი ტექსტი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. სწორედ ეს, მკრთალი მელნით ნაწერი ტექსტები აქცია წიგნად მაია ცერცვაძემ და მას კომენტარებსა და შენიშვნებთან ერთად, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი და სპეციალურად მომზადებული გენეალოგიური ტაბულებიც დაურთო.

ეს მოგონებები, ქართული არისტოკრატიის თავდაღმართზე და კომუნისტების მიერ მათ განადგურებაზე მოგვითხრობს. ცხადია, ამას ვერც ელისაბედის ოჯახი გადაურჩა. მათ მთლიანად ჩამოართვეს კუთვნილი ქონება. თავად ელისაბედი კი, ქსნის ერისთავების ქალიშვილი და მეფე ერეკლეს შთამომავალი თამარ და ანასტასია ბატონიშვილების მხრიდან, 1920-იან წლებში თბილისის საავადმყოფოებში მესასთუმლე ქალად მუშაობდა“, - გვიამბობს მაია ცერცვაძე.

ელისაბედ ერისთავის წინაპრები

მემუარებში რუსეთის მიმართ განწყობები შეფარულად, მაგრამ მაინც იკითხება. და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან რეპრესიულ რეჟიმს ყველა უფრთხოდა. თუმც კი, ელისაბედ ერისთავი თავის მოგონებებში მაინც წერს, როგორ ყიდიან ყველაფერს თავის გასატანად, როგორ აფარებენ თავს ნათესავებს.

იმ დროის ცნობილი ქალი იყო ელისაბედის დედა, ქეთევან ერისთავიც. ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილის ადრესატის, კოზლოვის ცნობილი „შეშლილის“ ქართულად მთარგმნელის, რევაზ შალვას ძე ერისთავის და, და ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო მეგობარი. სწორედ მას უძღვნა ტატო ბარათაშვილმა ლექსი „ქეთევან“.

ელისაბედის დედა, ქეთევან ერისთავი

მემუარების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთიც, ქეთევან ერისთავის მონათხრობია ნიკოლოზ ბარათაშვილზე.

„სასადილო ოთახში გაჭიმულია სტოლი და მთელი აულის დარბაისელი ქალები სხედან და ლოტოობა გაჩაღებულია. ყმაწვილი ქალები დიდ გასტინაში ხალიჩამოფენილში თამაშობენ და მხიარულობენ. ფანჯარა ღია არის. მშვენიერი მთვარიანე ღამეა. ქალები ძირს ხალიჩაზე სხედან. უცფათ ვიღაცა გადმოაგდებს ჯერ ქუდს, მერე ფერჩატკებს და ცხვირისსახოც და მერე, რაც მოხდება: ყველანი წამოცვივდებიან და მხიარულათ მიეგებებიან ფანჯრიდამ გადმამხტარს ყნაწვილს.

„ტატო მოვიდა, ტატო მოვიდა“: ეს არის ჩვენი მშვენიერი უკვდავი ბარათაშვილი. მგოსანს შემოჰყვება ერთი ყმაწვილი აფიცარი ლამაზი სახისა, თეთრწითელი, ლურჯთვალებიანი. მაიკოს სევდიანი თვალები გაუბრწყინდება იმის დანახვაზე, მარამ მალე ისევ მოიწყენს.

ლევან ყველას რომ მიესალმება, ბოლოს მივა მაიკოსთანა და ეუბნება: გამხიარულდი, ჩემო მაიკო, რა გაქვს სამწუხარო? ლევან, გენაცვალე, როდის, როდის? ... მალე, მაიკო, აბა, თუ გზა არ გავიკვლიეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ? აი, ეხლაც მგზავნიან დაღისტანში და რო დავბრუნდები, მაშინ. ეს მალე იქნება. მაიკო მწუხარეთ ამოისუნთქამს და არარას ეტყვის... ქალები დაირას უკრამენ და ლეკურს თამაშობენ.

ქეთევანს ჩააცივდებიან და ძალათ გამოათრევენ სათამაშოთ. ლეკურის შემდეგ ტატო მიუახლოვდება ქეთევანს და ეუბნება: ქეთევან, სწორეთ რომ ჰაეროვანი ხარ, რა მშვენივრათ თამაშობ! მაიცა, ტატო, აქ დაჯექი, მხოლოთ არავი გაიგონოს ჩვენი ეს ლაპარაკი. ავმა ენებმა ჩვენი წმინდა მეგობრობა და ნათესაობა ჩაგვიშალეს.

დედაჩემმა მიბძანა, რომ ძალიან იყო გამწყრალი ჭორაობაზე და მითხრა, ეხლა უნდა გაგათხოვოვო ელიზბარ ერისთავზეო. ძალიან კარგი ყმაწვილიაო, შეძლებაც კარგი აქვსო, ჩვენივე არისო და ბედნიერი იქნებიო. ბარემ ჯერ არ მინდოდა გათხოვება, მარა, ტატო, რა გაეწყობა.

მე ეგ სუყველა შენზე წინათ ვიცოდი ძალუა ელისაბედისაგან და აი ლექსები გიძღვენ. წაიღე, შეინახე, მერე წაიკითხამ. აგრეთვე ვეფხვისტყაოსანი მშვენიერათ გადამიწერეს და ფერადებით შეამკეს. იმას ხვალ შემოგიტან. იცოდე, სახსოვრათ. „სიკვდილამდე, ტატო, სიკვდილამდე!(სტილი დაცულია).

ელისაბედ ერისთავი თავის დასთან, ნინოსთან და მის ოჯახთან ერთად

მაია ცერცვაძე ელისაბედ ერისთავის (1864-1949) მოგონებებს ქართული მემუარული მემკვიდრეობის „ოქროს ფონდის“ ნაწილად მიიჩნევს და გვეუბნება, რომ ეს ჩანაწერები იმაზეც მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდნენ, XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართველი არისტოკრატიისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, რა ადარდებდათ, როგორ უყურებდნენ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, როგორ ერთობოდნენ, რა ტრადიციები ჰქონდათ.

მოგონება კარალეთზე, ნაწყვეტი საქორწილო ნადიმის სცენიდან:

"ყველგან გაისმოდა მოძრაობა და ხმაურობა.ზოგან საკლავსა ჰკლამდნენ და ფრინველებსა, ზოგან კარაქი იდღვიბებოდა, თაფლს იღებდნენ, ხილს და ღვინოებს ამზადებდნენ. თბილისიდან ორთქმავალით მოვიდა იაშჩიკებით შამფანსკი და სხვადასხვა ღვინოები და ტკბილეულობა. გუგუშვილმა შუა ეზოში ყურძნით მოსხმული ვაზების ფანჩატური გააკეთა და ხილის ლუსტრა ჩამოჰკიდა.."

ფართოა მემუარების გეოგრაფიაც და ის სცდება საქართველოს საზღვრებს, რუსეთის მთელ იმპერიას და ევროპის ქვეყნებსაც კი სწვდება.

ვის არ ახსენებს ამ მოგონებებში ელისაბედ ერისთავი:- ნიკოლოზ ბარათაშვილს, გრიგოლ, ალექსანდრე, დიმიტრი, ვახტანგ, ყაფლან, მანანა, მაიკო, მარიამ, კოლა ორბელიანებს, დავით ჭავჭავაძეს, ლევან მელიქიშვილს და სხვა არაერთ ისტორიულ ფიგურას და როგორც წიგნის შემდგენელიც გვეუბნება, ერთი შეხედვით, თითქოს საყოფაცხოვრებო წვრილმანებში იმ დროის საზოგადოების ცხოვრების დეტალები იკვეთება. ხედავ, როგორ ლაპარაკობენ, როგორ იქცევიან, როგორია მათი ენა, ჩაცმულობა.

ელისაბედ ერისთავის ბიძა, რევაზ ერისთავი

„ამ მემუარებიდან იმასაც ვიგებთ რატომ უწოდებდნენ მეჯვრისხევს „პატარა პარიზს“ ან როგორ შთანთქა ხანძარმა ტატო ბარათაშვილის ხელით გადაწერილი, ვარაყებით შემკული „ვეფხისტყაოსანი“, როგორ აღმოაჩინა ქსნის ხეობაში ერთმა ერისთავმა „პირისფერი მარმარილო“, როგორ გამოიგონა მეორემ „საფრენი მანქანა“, როგორ დაიკარგა პეტერბურგიდან შვილისა და რძლისთვის გამოგზავნილი ანასტასია ბატონიშვილის წერილებიანი ზარდახშა ან როგორ ოხუნჯობდა ფრანგი დალაქი ბერლემონი პოეტ ვახტანგ ორბელიანის სიმელოტეზე“, - წერს მაია ცერცვაძე წიგნის შესავალ წერილში.

მოგონება მარჯორი უორდროპთან შეხვედრაზე:

"მარჯორი ვორდროპი იმ საღამოს გავიცანი და ვუთხარი, ხომ კარგათ იმოგზაურეთ-მეთქი, ხომ ზღვაზე არ შეწუხდით-მეთქი.პასუხათ ეს მითხრა: "არაო, დასაბამითგანვე ფურთნა არ იყოვო, ზღვა მშვიდობანი იყოვო.".ჩვენი ქვეყანა როგორ მოგწონთ-მეთქი. ფრიად მომწონსო, მშვენიერიაო, სად შეისწავლეთ-მეთქი აგრე ღრმა ქართული და მიპასუხა, სახარებაზეო"...

ელისაბედ ერისთავს საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წლები ახლო ნათესავებთან გაატარა.