უკრაინაში ფეიკ-სტრუქტურა უწოდეს რუსეთის უშიშროების სამსახურს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერთა შევრონი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ფეიკ-სტრუქტურა უწოდეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რომელმაც დღეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა და ისინი არიან ფეიკ-სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს. „ამიტომ, მათ მორიგ განცხადებებს კომენტარს არ გავუკეთებთ. უცნაურია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ კიდევ არ უპოვიათ არანაირი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა იუსოვმა.

ასევე ნახეთ რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავეს რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინეს თანამონაწილეებიც, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად დადგენილია, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა".

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.