რუს ოლიგარქ დერიპასკას დახმარებისთვის სანქციების გვერდის ავლაში, ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს

ოლეგ დერიპასკა, რუსი ოლიგარქი

62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ კარტერი ამერიკული მხარის მოთხოვნით ლონდონში დააკავეს, მას ბრალი ედება რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

ბრალდების პოზიციის თანახმად, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. როგორც ირწმუნებიან, ის მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა, ასევე იყო დერიპასკას ლონდონის ცენტრში მდებარე სახლის მმართველი. ამასთან, ბრალდებული მალავდა დაფინანსების წყაროებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ბონემ კარტერი ეჭვმიტანილია ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში დერიპასკასათვის ნაყიდი ხელოვნების ნიმუშების უკანონო ტრანსპორტირებაში. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი ბიზნესმენი შეგნებულად მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს იყო რუსი ოლიგარქის საკუთრება.

ვაშინგტონმა დერიპასკას სანქციები 2018 წელს დაუწესა. იტყობინებოდნენ, რომ ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ატარებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ფლობს და ათეთრებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აქტივებს. გარდა ამისა, იგი ეჭვმიტანილი იყო ამერიკის არჩევნებში ჩარევაში.

2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დერიპასკა სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა - რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ბრალდების ინფორმაციით, ოლიგარქი ქვეყნის ტერიტორიაზე იყენებდა ქონებას, მისი პარტნიორი კი ორჯერ იმყოფებოდა აშშ-ში შვილების გასაჩენად. ამ საქმეზე მისი ერთ-ერთი სავარაუდო თანაშემწეც დააკავეს.

დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება 1,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. დერიპასკამ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალი 7,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის უარყოფს მის წინააღმდეგ ბრალდებებს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანა სასამართლოში გაასაჩივრა.