ბელარუსში, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოემზადოს რუსი სამხედროების მისაღებად. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა და, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინასთან ომში.
რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენა ბელარუსი პლაცდარმად უკრაინაში შეჭრისთვის, მაგრამ ლოგისტიკის პრობლემებმა და უკრაინის არმიის მზარდმა წინააღმდეგობამ რუსეთის სარდლობა აიძულა მიეტოვებინა კიევის მისადგომები და უკან დაეხია.
ბელარუს-უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან კიევამდე, სულ რაღაც, 280 კმ-ია, თუმცა კრემლის სავარაუდო გეგმებში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ შეტევა კიევზე, არამედ პოლონეთთან მოსაზღვრე ვოლინის ოლქში შეჭრაც, რათა დაიბლოკოს უკრაინისათვის დასავლური სამხედრო დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი გზა.
მეორე ფრონტის გახსნის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსკოვის სურვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ სექტორებიდან, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, გადაისროლოს ჩრდილოეთის მიმართულებაზე.
- როგორია ბელარუსის ომში ჩართვის ალბათობა?
- გაუძლებს თუ არა ლუკაშენკა პუტინის ზეწოლას?
- როგორ უყურებს უკრაინა ბელარუსიდან მომავალ საფრთხეს?
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნულ გვარდიასთან და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურთან ერთად, განაგრძობენ რეგულარულ სამხედრო წვრთნებს ბელარუსის სახელმწიფო საზღვართან. წვრთნების ოფიციალურად გაცხადებული მიზანია ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე შესაძლო ახალი თავდასხმისათვის მზადება და ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში მტრის არმიის შეტევის შეკავება.
8 ოქტომბერს მინსკმა უკრაინა ბელარუსზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. უკრაინის ელჩს იგორ კიზიმს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ბელარუსის ტერიტორიაზე დარტყმას ამზადებს. პასუხად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ამ ბრალდებებს ბელარუსის რეჟიმის ინსინუაცია და უკრაინის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ტვიტერში დაწერა, რომ უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს ბელარუსისთვის.
„ეს არის ლუკაშენკას ტყუილი, რომლის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ ტერორში მონაწილეობის გამართლება, რაც ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ უსაფროთხოებას. მოვუწოდებ ბელარუსის არმიას: არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები, უარი თქვით ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ პუტინის ომში მონაწილეობაზე“, - განაცხადა ემიგრაციაში მყოფმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
რისთვის იქმნება ბელარუს-რუსეთის სამხედრო დაჯგუფება
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, კიევმა იცის, რომ პუტინი ძლიერ ზეწოლას ახორციელებს მინსკზე და ცდილობს დაიყოლიოს ლუკაშენკა ბელარუსი სამხედროების რუსეთის მიერ დაწყებულ ომში მონაწილეობაზე.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, 26 სექტემბერს სოჭში პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრის შემდეგ დაიწყო მზადება რუსული ჯარებისა და ტექნიკის ბელარუსში გადასაყვანად. ნაჩქარევად მიმდინარეობს რკინიგზისა და სამხედრო აეროდრომების მოდერნიზაცია.
10 ოქტომბერს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მართლაც განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ:
„რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული დაჯგუფების ფორმირებაზე. თუ საფრთხის მასშტაბი მიაღწევს ამჟამინდელ დონეს, ჩვენ მოქმედებაში მოვიყვანთ საკავშირო სახელმწიფოს ერთობლივ დაჯგუფებას“.
ლუკაშენკას თქმით, ერთობლივი დაჯგუფება, რომლის ფორმირება უკვე დაწყებულია, ძირითადად ბელარუსი სამხედროებისგან იქნება დაკომპლექტებული, თუმცა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასევე განლაგდებიან რუსეთის საჯარისო ნაწილებიც.
"ნუ იმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, თუმცა საუბარია არა ერთსა და ორ ათასზე", - ასე მიმართა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ვიკტარ ხრენინს, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ხაზი გაესვა დაჯგუფების თავდაცვითი ხასიათისათვის.
„ჩვენ არ გვინდა ომი არც ლიტველებთან და არც პოლონელებთან, მით უფრო არ გვინდა ომი უკრაინელებთან. თუ არც მათ არ უნდათ და თუ არასწორ ნაბიჯებს არ გადადგამენ, მაშინ ომი არც იქნება“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სპეკულაცია უწოდა ანალიტიკურ წრეებში გამოთქმულ ვარაუდს, რომ ბელარუსი თითქოსდა შესაძლოა ჩაერთოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
"ბელარუსის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია. მით უფრო, რომ დასავლეთი ავრცელებს მოსაზრებას, რომ ბელარუსის არმია უშუალოდ აპირებს ჩაერთოს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ევროპის რიგი ქვეყნები უკვე ღიად განიხილავენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ვარიანტებს, ბირთვული დარტყმის ჩათვლითაც კი. ეს ჩვენთვის სიახლე არ არის“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
ლუკაშენკა ორ ცეცხლშუა
უკრაინის ხელისუფლება ბელარუსს უკვე მიიჩნევს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ, რადგან რუსეთის ჯარებმა ბელარუსის ტერიტორია ერთხელ უკვე გამოიყენეს უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად. გარდა ამისა, რუსული ჯარები პერიოდულად ბომბავენ უკრაინის ტერიტორიას ბელარუსში მდებარე აეროდრომებიდან და სარაკეტო-გამშვები პუნქტებიდან. ომის პირველ დღეებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ბელარუსის ჯარები უშუალოდაც ჩაერთვებოდნენ ომში, მაგრამ ეს ვარაუდი ჯერ არ გამართლდა.
უკრაინის მომავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსი იგორ ტიშკევიჩი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები არც ამჯერად ჩაერთვებიან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, რადგან ლუკაშენკასათვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის იდეა შიშისმომგვრელი იყო მაშინაც კი, როდესაც ისე ჩანდა, თითქოს რუსეთს ყველაფერი გამოსდიოდა, კიევიდან უკან დახევის შემდეგ კი ეს შიში კიდევ უფრო გაიზარდა.
„საუბარია, არა იმდენად ბელარუსის მოქალაქეების პროტესტზე, რამდენადაც სახელისუფლო ვერტიკალის, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობის დაკარგვაზე, რადგან რუსულ ავანტიურაში მონაწილეობის იდეა არავის აღაფრთოვანებს. ბელარუსელი ოფიცრების უმრავლესობისთვის რუსული არმია იყო რეგიონში ბრძოლისუნარიანობის ეტალონი, მაგრამ კიევთან მარცხის შემდეგ ამ ეტალონმა რღვევა დაიწყო. მოიხსნა როგორც უძლეველობის ილუზია, ასევე შიში - რუსებს „არას“ ვერ ეტყვი, რადგან ყველაზე დიდი ჯარი ჰყავთ. ახლა კი ხედავენ, რომ შესაძლებელია "არას" თქმა, შესაძლებელია გალაწუნება, რუსეთი აღარც უსაფრთხოების გარანტია. ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია, მომდევნო ორ წელიწადში, უნიფორმაში გამოწყობილ ბელარუსთა ცნობიერებაში კოლოსალური პროცესები მოხდება, რამაც შეიძლება ქვეყანა პოლიტიკურ ცვლილებებამდე მიიყვანოს“, - უთხრა იგორ ტიშკევიჩმა რადიო თავისუფლებას.
ბელარუსი პოლიტოლოგის არტემ შრაიბმანიც ვარაუდობს, რომ ლუკაშენკა წინააღმდეგობას გაუწევს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას, რადგან ეს მისთვის საშიშია არაერთი რამის გამო.
"ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა. ბელარუსის ლიდერის მოსკოვისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნარჩენები ჩვენს თვალწინ აორთქლდება", - უთხრა პოლიტიოლოგმა New York Times-ს, რომელიც ასევე ელაპარაკა ბელარუს ოპოზიცონერ პოლიტიკოსს ანდრეი სანნიკოვს:
„ლუკაშენკა მოქცეულია ორ ცეცხლს შორის: ერთი მხრივ, მოსკოვი მისგან ითხოვს სამხედრო დახმარების გაწევას რუსეთის დემორალიზებული ჯარისთვის, მეორეს მხრივ კი ესმის, რომ ბელარუსის სამხედრო შენაერთების მონაწილეობა კონფლიქტში იქნება უკიდურესად არაპოპულარული ნაბიჯი თავის მხარდამჭერებს შორისაც კი“.
ანდრეი სანნიკოვი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ლუკაშენკას მაინც მოუწევს ჯარების გაგზავნა უკრაინაში, რადგან „მას არჩევანი არ აქვს. ყველა გადაწყვეტილებას იღებს პუტინი და ის ეუბნება ლუკაშენკას, რა უნდა გააკეთოს".
კიდევ ერთი ბელარუსი პოლიტილოგი, პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელი პავლო უსოვიც მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში პუტინი შეძლებს ლუკაშენკას დაყოლიებას, და ომში ჩართვის წინააღმდეგი, არც ბელარუსის პოლიტიკური ელიტა იქნება და არც ე.წ. ძალოვანი ფლანგი.
„ბელარუსის უშიშროების ძალები - პუტინის ყველაზე მომხრე კონტიგენტია, დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დამთავრებული გენერლებით. ლუკაშენკას შემდეგ პოლიტიკურ სფეროში მთავარი ფიგურა უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩია, რომელიც რუსია და ძალიან აქტიურად ცდილობს ბელარუსში „რუსული სამყაროს“ იდეის დამკვიდრებას. შეიძლება დაჟინებით არ მოითხოვენ ბელარუსის ჯარის ომში ღიად ჩართვას, მაგრამ მხარს ნამდვილად უჭერენ მსხვილი რუსული სამხედრო დაჯგუფის განლაგებას ბელარუსის ტერიტორიაზე“, - უთხრა პავლო უსოვმა რადიო თავისუფლებას.
რისი იმედი აქვს პუტინს?
რეგიონული დაჯგუფების რუსულმა ნაწილმა, რომელიც I-ლი სატანკო არმიის, XX საერთო-საჯარისო არმიისა და საჰაერო სადესანტო ძალების რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში და, შესაბამისად, მათი საბრძოლო შესაძლებლობები უმნიშვნელოა. სავარაუდოდ, ახალი დაჯგუფება ძირითადად ბელარუსის სამხედრო ნაწილებისგან და რუსი რეზერვისტებისგან დაკომპლექტდება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბელარუსის არმიის რიცხოვნობა დაახლოებით 60 ათასი ადამიანია.
პავლო უსოვის თქმით, მეორე ფრონტის გახსნა ანუ ბელარუსის ჯარების შესვლა უკრაინაში, პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან რუსეთის ლიდერს ეშინია არ წააგოს ეს ომი ელვის სისწრაფით.
„პუტინი ცდილობს გაყინოს კონფლიქტი. თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ ყველანაირად ეცდება თავიდან აიცილოს აშკარა, სამარცხვინო დამარცხება. ამიტომ არის, რომ ყველას მიერეკება ფრონტზე: უფეხოებს, ყრუებს, ხეიბრებს, მოხუცებს და ა.შ. მხოლოდ იმისთვის, რომ შეაჩეროს უკრაინული არმია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი მანევრირების შესაძლებლობას მისცეს ლუკაშენკას. ბელარუსი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული, სამხედრო რესურსია იმისთვის, რომ მოწყვიტოს უკრაინის ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვანძო პოზიციებს აღმოსავლეთის ფრონტზე და ასე შეაჩეროს უკრაინელების წინსვლა“, - ამბობს პავლო უსოვი, რომლის თქმითაც, ლუკაშენკასთვის მთავარი საფრთხე შიდა დაძაბულობა კი არა, უკრაინის შეიარაღებული ძალებია:
„ლუკაშენკას ეშინია, რომ ომი ბელარუსის ტერიტორიაზე გადავა, რაც მისი ძალაუფლების დასასრული იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ამ არგუმენტებმა რაიმე სახის გავლენა იქონიოს პუტინზე. ერთადერთი, რაც ლუკაშენკას შეუძლია არგუმენტად გამოიყენოს, პუტინის შეშინებაა იმით, რომ ბელარუსში შეიძლება დაიწყოს არეულობის, უკმაყოფილების პროცესი და ამან შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის რევოლუცია. თავად რუსეთში უკვე დაწყებულია დუღილი, ბელარუსის მოსახლეობასაც არ სურს ომი. სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ახლა არ ვადევნებთ თვალს რუსული ძალების კონცენტრაციის ზრდას ბელარუსის ტერიტორიაზე და მობილიზაციის გამოცხადებას, თუმცა, როგორც სხვადასხვა საჯარო წყარო იუწყება, ხდება ერთგვარი ფარული მობილიზაცია, ფარული შეკრებები“.
რისი იმედი აქვს ლუკაშენკას?
„სტაბილურობა“ ალიაქსანდრ ლუკაშენკას საყვარელი სიტყვაა. ბელარუსის დიქტატორი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ ბელარუს სამხედროებს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არასოდეს ჩარევდა და, შესაბამისად, არც ქვეყანა ჩაერთვებოდა ომში. ლუკაშენკამ კარგად იცის, რომ ბელარუსის მოსახლეობა მხარს არ უჭერს ამ ომს, მაგრამ ის გარკვეულწილად ვალშია პუტინთან. ორი წლის წინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო მძლავრი საპროტესტო ტალღა აგორდა, ლუკაშენკამ ათასობით ადამიანი გაუშვა ციხეში, ძალაუფლება კი დიდწილად პუტინის მხარდაჭერის წყალობით შეინარჩუნა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას ეშინია პუტინის, თუმცა იგორ ტიშკევიჩი ფიქრობს, რომ წნეხის გაძლიერების მიუხედავად, ლუკაშენკას მანევრირების საშუალება და, შესაბამისად, გადარჩენის გარკვეული რესურსი მაინც აქვს დარჩენილი:
„მართალია პუტინს ომში ბელარუსის მაქსიმალური ჩართულობა სჭირდება, მაგრამ ასევე საკითხავია, აქვს თუ არა პუტინს შესაძლებლობა ამ საჭიროების უზრუნველსაყოფად? სანქციების ფონზე, როდესაც ბელარუსი თამაშობს რუსეთისთვის კონტრაბანდის კუტიკარის როლს, მისი ომში ჩართვა ნიშნავს იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ზის. ამ გარემოების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ლუკაშენკა პუტინს კვლავ სთავაზობს მრავალჯერ გამოყენებულ ფორმატს: ჩავატაროთ მორიგი წვრთნები“.
ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ბელარუსის მთავრობას ყურადღებით აკვირდებიან კიევიდანაც.
„უკრაინა აფასებს რისკებს და მზად არის ნებისმიერი მუქარისთვის. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჯერჯერობით საუბარი არ არის ბელარუსიდან განმეორებით შემოჭრაზე", დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.