ბულგარეთის მთავრობა უარყოფს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა მის ქვეყანაში იმყოფებოდა

ყირიმის ხიდი 8 ოქტომბერს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გალაბ დონევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება სრულიად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

სატვირთო მანქანის ბულგარეთში ყოფნის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა. როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური იუწყება, ბულგარეთის ხელისუფლებამ ბასტრიკინის განცხადების სიზუსტე სპეციალურად შეამოწმა. ამის შემდეგ ბულგარეთის მთავრობამ თქვა, რომ არ დაუშვებს „ქვეყნის სახელის გამოყენებას რაღაც ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში“.

ამავდროულად, ბასტრიკინის განცხადების შემოწმება სოფიის პროკურატურამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. პროკურატურის მოკვლევის საფუძველზე შემოწმდება, საკმარისია თუ არა მონაცემები მომხდარზე წინასასამართლო გამოძიების დასაწყებად.

ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთოს ბულგარეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ ბასტრიკინმა 9 ოქტომბერს შეხვედრაზე აცნობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, ბულგარეთის გარდა, სატვირთო მანქანა იმყოფებოდა საქართველოსა და სომხეთში.

აფეთქება ქერჩის (ყირიმის) ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს დილით მოხდა. ხიდზე მთლიანად შეწყვეტილი იყო მოძრაობა. რუსეთის საგამოძიებო უწყებების თანახმად, აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა ხიდზე. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოედო საწვავის გადამზიდი მატარებლის შვიდ ცისტერნას. დაიღუპა სამი ადამიანი. ჩაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი მონაკვეთი.

ბასტრიკინის თქმით, სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მიემგზავრებოდა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ კრასნოდარის მხარის გავლით. მიმომხილველთა აზრით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო მანქანა სომხეთში, რომელიც არ ესაზღვრება რუსეთს. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ სატვირთო მანქანის მფლობელი არის კრასნოდარელი ბიზნესმენი, საჭესთან კი მისი ნათესავი იმყოფებდა.

ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე განახლდა მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა. ასევე განახლდა მატარებლების მიმოსვლა.

ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი. უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიესალმა მომხდარს. ამავე დროს, კიევს საკუთარ თავზე არ აუღია აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს რუსეთში ხელისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის შედეგი. აშშ-მა კომენტარი არ გააკეთა აფეთქებაზე და მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის პასუხისმგებელია რუსეთი. წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების გამონათქვამების საფუძველზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ აფეთქება შესაძლოა უკრაინის სპეცსამსახურების მოწყობილი იყოს.