ლურჯტენტგადაფარებული გელათის კადრები, სადაც სახურავიდან ტაძარში წყალი ჟონავდა და ფრესკებს აზიანებდა და ამავე სახურავის დამტვრეული კრამიტების ფოტოები სოციალურ ქსელში პირველად 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ დაზიანების გამო, გელათი, ბაგრატის ტაძრის მსგავსად, შეიძლებოდა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდანაც ამოეღოთ.
ამ საფრთხეს მოჰყვა კითხვები: ვინ იყო დამნაშავე იმაში, რაც მე-12 საუკუნის სამონასტრო კომპლექსს დაემართა? რა ბედი ელოდა გელათს და რამდენად ხარისხიანად მიდიოდა რესტავრაცია?
სახელმწიფოს მხრიდან ამ კითხვებზე პასუხები დღემდე ბუნდოვანია. კულტურის სამინისტრო მხოლოდ იმას ამბობს, რომ მედია გელათზე დეზინფორმაციას ავრცელებს.
„წარმოიდგინეთ, წინ გიდევთ „ვეფხისტყაოსანი“, რომლიდანაც ფურცლებს გლეჯთ. დაახლოებით ამ ტიპის წონასწორობაა დღეს ჯანსაღ დამოკიდებულებასა და იმ პროცესს შორის, რომელიც დღეს გელათში მიდის“, - გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილმა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.
რამდენიმე დღის წინ მან „საუკუნის დანაშაული“ უწოდა გელათში ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანებას - მის საჯარო პოსტს ფეისბუკზე თან ფოტოც ახლდა, რომელზეც მოჩანდა დაზიანებული ღაწვის მონაკვეთი.
''ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული, ამიტომაც ჯერ ის ჩამოვარდა.ლაქები გარშემოც გამოიკვეთა. ჩამოცვივდება სმალტებიც. ჩანს, რომ პროცესი ინტენსიურია", - წერდა ნიკა ვაჩეიშვილი.
„კონსერვის ქილით დახურული“ გელათი
ნიკა ვაჩეიშვილს ვკითხეთ, მისი აზრით, როდის დაუშვეს პირველი შეცდომა, რა მოჰყვა 2013 წელს დაწყებულ, მისივე შეფასებით, „არასწორ საკონსერვაციო სამუშაოებს“ და დღეს რა არის გელათის უმთავრესი პრობლემა?
„ეს არის სისველე" - გვეუბნება ნიკა ვაჩეიშვილი, - და ამ სისველის გავლით კედლებში ჩამავალი დამაზიანებელი ხსნარის არსებობა, რომელიც, სავარაუდოდ, ტაძრის სახურავის „გაურკვეველი წარმოშობის“ იზოლაციას უნდა გაეჩინა. ამით არის გაჟღენთილი ტაძრის კედლები, მთლიანი კომპლექსი კი დახურულია „კონსერვის ქილით“. ამ "დაავადებას", როგორც ნიკა ვაჩეიშვილი გვიხსნის, გარეთ გასასვლელი გზა არ გააჩნია, ამიტომ ის შემოდის შიგნით, რის გამოც ხან ერთი ფრესკის ნაწილი ვარდება, ხან მეორისა. და ეს პროცესი შეუქცევადია.
„ოღონდ ჩვენ ამას ვხედავთ შორიდან. ჩვენ ამას გვიმალავენ. მონიტორინგის სისტემა მოშლილია, ხოლო შიგნით შესულები არიან არაკვალიფიციური პირები. ჩვენ გვაშინებს ის, რომ გელათის სახით, უმძიმესი ავადმყოფი გვყავს, რომელსაც კუსტარულად მკურნალობენ“.
ნიკა ვაჩეიშვილი გვიყვება, რომ როდესაც სულ პირველად, გელათის ტაძრის სახურავი აიყარა და პირველად შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში იქ არსებული ჰაერის იზოლაცია, შეცდომაც მაშინ დაუშვეს. მისი თქმით, იზოლაციის სისტემის გასაკეთებლად ჯერ გაურკვეველი ხარისხის მასალები გამოიყენეს, შემდეგ მას ზემოდან დაადეს უხარისხო სახურავი, ხოლო სახურავს დააწყვეს ასევე უხარისხო კრამიტი, რომელიც მალევე დასკდა, გაატარა წყალი, წყალი ვერ დაიჭირა სახურავმა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიწოვა არასწორად გაკეთებულმა საიზოლაციო სისტემამ და დაიწყო მისი შიგნით გაჟონვა, რასაც მოჰყვა კიდეც პირველი დაზიანებები.
„მაშინაც ავხმაურდით, მაგრამ არავინ შეგვიმჩნია. ყველაფერი უხარისხო კრამიტს დააბრალეს და უარესი ქნეს - გელათი თუნუქით გადახურეს. ცხადია, ვითარება უფრო დამძიმდა და ფრესკებმა ცვენა დაჩქარებული ტემპით დაიწყო. დღეს კი გელათი სამკურნალოა“.
ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, სასწრაფოდ არის შესაქმნელი კონსერვაციის გეგმა და, რაც მთავარია, შესაქმნელია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, საერთაშორისო კომისია, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. ეს იყო „იუნესკოს“ მოთხოვნაც, თუმცა, როგორც ნიკა ვაჩეიშვილმა გვითხრა, არც ერთი ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის.
„და რაც ყველაზე მთავარია, დამალულია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონსერვაციის სპეციალისტების დასკვნა. თუმცა ვიცით, რომ ეს არის ძალიან კრიტიკული ტექსტი, რომლის გასაჯაროებისაც, როგორც ჩანს, სახელმწიფოს ძალიან შეეშინდა. იმდენად, რომ საპატრიარქოსაც აუკრძალა მისი გამოქვეყნება. სწორედ ამ ტექსტში იმალება ის, რაც გელათში ხდება. ხოლო საპატრიარქო, რატომღაც, დღემდე დუმს და ამით მხოლოდ ხელს უწყობს ტყუილების გამრავლებას“, - უთხრა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ამ „გასაიდუმლოებული“ დასკვნის ქართული თარგმანი წაკითხული აქვს ხელოვნების ისტორიკოს მზია ჯანჯალიას, რომელიც დიდი ხანია, გელათის პრობლემაზე ღიად ლაპარაკობს. მან გვითხრა:
„ამ დასკვნაში წერია, რომ ყველა ფიზიკური სამუშაო არის არასწორად შესრულებული, არასწორად შერჩეული მასალით, არასწორი მიდგომით. ამ დასკვნის დაწერის დროს, მათი წინამორბედი იტალიელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ გამაგრებული ადგილები უკვე დაზიანებული იყო“.
მზია ჯანჯალია და მისი კოლეგები მანამდეც ამბობდნენ, რომ ფიზიკური სამუშაოების დაწყება ტაძარში, სადაც კლიმატური პირობები არ იყო სტაბილური, უარეს შედეგს გამოიწვევდა, რაც მოხდა კიდეც.
გელათში ახლა ნელ-ნელა იშლება მხატვრობა. ჯერ იშლება ფერწერული ფენა. როგორც მზია ჯანჯალია გვიხსნის, დაშლის ეს კვალი მოზაიკას ქვემოდან, ერთი შეხედვით, არ ეტყობოდა, თუმცა, ეს აუცილებლად შესამჩნევი იქნებოდა ხარაჩოდან, სადაც მზია და მისი კოლეგები, თხოვნის მიუხედავად, არავინ მიუშვა.
მაგრამ ახლა დაზიანება გამოჩნდა ქვემოდანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ღრმად არის წასული.
თუ ღვთისმშობლის გამოსახულებაზე, სისველის გამო, მისი მე-16 საუკუნეში აღდგენილი ნაწილი ფუჭდება, ეს იმის ნიშანია, რომ სველი უნდა იყოს მის გვერდზე მე-12 საუკუნის ფრესკების ნაწილიც. მზია ჯანჯალია ეჭვობს, რომ თუ წყალი ამ მოზაიკას მოხვდა ღაწვთან, აუცილებლად დასველდებოდა მისი თვალიც, შუბლიც, ნიკაპიც. თუ დღეს ვერ გაუძლო შედარებით სუსტმა საღებავის ნაწილმა, ხვალ ვერ გაუძლებს ვერც მოზაიკის ნაწილი და ჩამოცვივდება, „რადგან ბათქაში, სავარაუდოდ, სველია“.
კიდევ უფრო საფრთხილო და საშიშია ფრესკების გაშრობის პროცესი - თუ მათ სწრაფად გააშრობ, ის მაინც ჩამოცვივდება.
„ამიტომ არის საჭიროა ყველა წესის დაცვა უზუსტესად. მართლა ხნიერი ადამიანივით არის ახლა გელათი, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს. ამ დროს კი, ვიღაცები დადიან ხარაჩოებზე, დაინახავენ დაზიანებულ ნაწილს, მოწმენდენ, ჩაასხამენ საღებავს და მიახატავენ რაღაცას. ასე გელათს ვერ უშველიან. პირიქით, დააზიანებენ მას“, - უთხრა მზია ჯანჯალიამ რადიო თავისუფლებას.
ხელოვნების ისტორიკოსი ფიქრობს, რომ გელათი - ეს მხოლოდ მაჩვენებელია იმისა, რა სჭირს დღეს ზოგადად ამ დარგს, რომელშიც გადაწყვეტილებებს იღებენ ჩინოვნიკები და არა პროფესიონალები.
ასეთი რამ, მისი თქმით, არ მომხდარა არასოდეს. საბჭოთა კავშირის დროსაც კი.
რას წერდნენ იტალიელი ექსპერტები 2021 წლის ზაფხულში
კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულმა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფმა გელათში იმუშავა 2021 წლის ივნისის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტებმა მარიო პულიერიმ, ვინჩენცო ჩენტანიმ და ძეგლის გადახურვის სპეციალისტებმა უგო ტონიეტიმ და სარა სტეფანინიმ ადგილზე შეისწავლეს გელათის მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს გელათში არსებული ვითარების დასკვნებიც გადასცეს.
ისინი მაშინაც კრიტიკულად აფასებდნენ გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების მდგომარეობას და წერდნენ, რომ მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები წყლით იყო გაჯერებული, ტენიანობა კი მათ ყოველდღიურად უქმნიდა საფრთხეს.
ასევე ნახეთ რატომ დაიკეტა გელათიძეგლის გადახურვის სპეციალისტები ასევე წერდნენ, რომ გელათის კომპლექსში გამოყენებული მიდგომების, ტექნიკებისა და მასალების ნაირსახეობის შედეგად, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთებოდა.
„თითქოს, შემსრულებლები მოქმედებდნენ სახელდახელო, გადაუდებელ ვითარებაში ყველანაირი გეგმის გარეშე და უწევდათ სხვადასხვა გადაწყვეტილების იმპროვიზაცია“.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კიდევ უფრო კრიტიკულია ამ დასკვნების შემდგომი დასკვნა, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც უკვე 2022 წელს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ მაისში მოწვეულმა ცნობილმა მეცნიერებმა, ოსტიმ ნევინმა, სარა სტენიფორსმა და ლორი ვონგმა დაწერეს.
რატომ დუმს საპატრიარქო?
საპატრიარქოსაც ვთხოვეთ გელათში შექმნილი ვითარების შეფასებაც და ვიკითხეთ, რატომ არ ხდება დასკვნა ხელმისაწვდომი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გვიპასუხა, რომ „საპატრიარქოს ამ საკითხზე აქვს პოზიცია და განმარტება იქნება“.
ჩვენც ველით მათ გამოხმაურებას.
ეს დეზინფორმაციაა - კულტურის სამინისტრო
გელათის ფრესკის დაზიანების ამბავს, რომელიც მედიამ ამჯერადაც აქტიურად გააშუქა, „ყალბი ინფორმაცია“ და საზოგადოების „განზრახ შეცდომაში შეყვანა“ უწოდა კულტურის სამინისტრომ მის მიერ პასუხად გავრცელებულ განცხადებაში. უწყება წერს, რომ ტყუილია, თითქოს ტაძარში წვიმის წყლის ჩასვლის და ლპობის პროცესის დაწყების გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაზიანდა ღვთისმშობლის მოზაიკა და დაიწყო მისი ზედაპირის ცვენა.
კულტურის სამინისტროს ვერსიით, სინამდვილე ის არის, რომ მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი და ღვთისმშობლის სახის ნაწილი მე-16 საუკუნემდე დაზიანდა და რომ სწორედ მე-16 საუკუნეშია ფრესკული ტექნიკით აღდგენილი ღვთისმშობლის ღაწვის ნაწილის მონაკვეთი.
სამინისტრო ამბობს, რომ ძირითადი ტაძრის საკურთხეველში, სადაც მოზაიკაა განთავსებული, მონასტერში 2020 წლამდე შექმნილი მძიმე ვითარების პერიოდშიც კი, წყალი არ ჩასულა.
„ხოლო 2021 წელს, საკურთხეველში კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მონიტორინგმა დაზიანებები არ გამოავლინა. რის შემდეგაც, რელიგიური მსახურებისათვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, ხარაჩოები საკურთხევლიდან დროებით მოიხსნა. ზუსტი შეფასება კი ხარაჩოსა და პროფესიული დაკვირვების გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია“, - წერს კულტურის სამინისტრო.
ამ განცხადებამდე ორიოდე კვირით ადრე, 22 სექტემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის" დროს გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში აღარ არსებობს „კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკები“ და რომ აქვთ „საიმედო გეგმაც“, როგორ უნდა გადაიხუროს ტაძარი.
მან ასევე თქვა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც 2021 წლის მარტამდე, ანუ კულტურის სამინისტროს ცალკე ინსტიტუციად ჩამოყალიბებამდე ხდებოდა.
თუმცა მან ახსენა 2008 წელი - წინა ხელისუფლების პერიოდი და თქვა, რომ არაფერი იყო გაკეთებული“ და „პროექტი იყო ხარვეზიანი“.
ამავე გამოსვლისას წულუკიანმა გაიმეორა, რომ კრამიტი, რომლითაც იყო გელათი გადახურული, არ იყო ხარისხიანი - ის ატარებდა წყალს.
ასევე ნახეთ წულუკიანი: გელათის ტაძარი გადახურეს კრამიტით, რომელიც ტყდებოდა და წყალს ატარებდა2008 წელი თეა წულუკიანმა ახსენა 2021 წლის მაისშიც, როცა გელათის რესტავრაციის საკითხზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ძეგლზე სწორედ ამ დროიდან მიმდინარეობდა „საზიანო ექსპერიმენტი“, როცა მისი თქმით, საქართველოში ამ დარგის გამოცდილ სპეციალისტებს „აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე“ - ანუ წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე.
რადიო თავისუფლებამ ნიკა ვაჩეიშვილს ამ საკითხზეც სთხოვა კომენტარი, რაზეც მან გვიპასუხა, რომ გელათში, 2012 წლამდე ჩატარებული სამუშაოების დროს არაფერი დაზიანებულა და ამის შემოწმება არ არის რთული.
მისივე განმარტებით, პრობლემები იქ სწორედ 2014 წლის შემდგომ გამოჩნდა:
"გელათში პრობლემები მხოლოდ 2014 წლიდან ჩატარებულ სამუშაოებზე ჩნდება, იმ დროიდან იწყება აქ ძვირადღირებული, მაგრამ კუსტარული მიდგომა. სწორედ ამ პერიოდს აფასებს და აკრიტიკებს "იუნესკო" და სხვა საერთაშორისო მისიები, შესაბამისად, პრობლემის "დაძველება" და უხარისხო სამუშაოების სხვაზე გადაბრალება - ტყუილია და შეურაცხმყოფელი", - უთხრა ნიკა ვაჩეიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ კულტურის მინისტრი გელათზე: დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზეგელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს ეროვნულ განძად მიიჩნევა, „იუნესკოს“ მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.