აშშ-ის რამდენიმე აეროპორტის საიტებზე კიბერშეტევა იყო

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტის ოფიციალურ საიტებზე კიბერთავდასხმა იყო. ტელეკომპანიების, CNN-ის და ABC-ს ცნობით, 10 ოქტომბერს მომხდარ კიბერშეტევას გავლენა არ მოუხდენია საჰაერო მიმოსვლის კონტროლის და უსაფრთხოების სისტემაზე. გარკვეული დროით, სრულად ან ნაწილობრივ გაითიშა აეროპორტების საიტები და მიუწვდომელი იყო ინფორმაცია თვითმფრინავების ჩამოსვლის და გაფრენის შესახებ.

კიბერშეტევის სამიზნეებს შორის იყვნენ ნიუ-იორკის აეროპორტი La Guardia და ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ატლანტის აეროპორტები.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა. ეს ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოჩნდა და მიზნად გამოაცხადა კიბერშეტევები უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე.