ბაიდენი უკრაინას დაჰპირდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის შემდეგ, 10 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები და სამძიმარი გამოუცხადა თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას დაჰპირდა თავდაცვისთვის საჭირო დახმარების გაგრძელებას, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს. ჯო ბაიდენის თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, ძვირად დაუჯდეს და პასუხი აგოს სამხედრო დანაშაულისთვის. უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხს დღეს, 11 ოქტომბერს განიხილავენ "დიდი შვიდეულის"(G7) ლიდერები.

ასევე ნახეთ შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 18 ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემით უზრუნველყოფს

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბარს პროდუქტიული უწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა.

10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი და 97 დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურის 70-მდე ობიექტი, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები და 40-მდე საცხოვრებელი სახლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა იერიშისთვის გამოიყენა 80-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. მათგან 40-ზე მეტი გაანადგურა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.

ასევე ნახეთ კრემლის „დაშინების აქტი“ - მიაღწია თუ არა მიზანს?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებული დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებით და გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით და ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს უკრაინის ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის და სამხედრო მართვის ობიექტებს. „ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და იმ მასშტაბის, რომელიც რუსეთისთვის შექმნილი საფრთხის დონეს შეესაბამება“, - თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტი სახელმწიფოს სახე, რომელიც უკრაინელ ხალხს კლავს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.