G7-ის შეხვედრა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილი იერიშის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ოქტომბერს

ზელენსკი: “დიდი შვიდეული“ სასწრაფოდ შეიკრიბება უკრაინაზე თავდასხმების გამო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინაში არსებული ვითარების განსახილველად გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგანგებო შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

გერმანია "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარე ქვეყანაა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართება, სიტყვით გამოვა. გერმანიის მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ შეხვედრა სამშაბათს, 11 ოქტომბერს გაიმართება.

გუშინ ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით გმობდნენ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ მიტანილ იერიშს. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოსკოვი აცხადებს, რომ 10 ოქტომბრის იერიში იყო პასუხი კიევის "ტერორისტულ" ქმედებებზე, მათ შორის თავდასხმაზე ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.

განახლებადი ინფორმაცია ამ თემაზე ნახე აქ.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, რუსული კომპანია საბაჟო პროცედურის გავლის დროს სანქცირებულთა სიაში არ იყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებას, საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ.

„ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით, გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა სანქცირებული ნავთობპროდუქტი, 81 ათასი ლიტრი ბენზინი. ორგანიზაციამ „მამხილებელი დოკუმენტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადასცა.

„დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული ნავთობგიგანტი, სანქცირებული სახელმწიფო კომპანია «Роснефть», ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს შ.პ.ს. „SPG თრეიდინგი” და ტვირთის მიმღებია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, - აცხადებს „ანტიკორუფციული მოძრაობა".

წაიკითხე მეტი.

თსუ კონკურსს აცხადებს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. თსუ-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე. არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

წაიკითხე მეტი.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი რუმინეთში

11 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

დანიის კუნძულს, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან აირის გაჟონვის მახლობლად, აუხსნელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება

დაუდგენელი მიზეზით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება დანის ერთ-ერთ კუნძულს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე სავარაუდო „დივერსიული“ თავდასხმის შედეგად აირის გაჟონვის მახლობლად მდებარეობს.

Energinet-მა, რომელიც კუნძულ ბორჰოლმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოიძიებს ენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს წყალქვეშა კაბელის დაზიანებას.

ბორჰოლმზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ორი კვირაში მას შემდეგ, რაც კუნძულის მახლობლად „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რომლებიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, მოხდა აირის გაჟონვა. გამოითქვა ვარაუდები, რომ გაჟონვის მიზეზი იყო მილსადენების დაზიანება „საბოტაჟის“ შედეგად.

წაიკითხე მეტი.

თავისიანებისთვისაც საშიში - ვინ არის გენერალი სუროვიკინი?

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. იქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების "სამხრეთის" დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აზოვსტალის აღებას ყველა საშუალებით, მათ შორის საავიაციო ბომბებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით. სერგეი სუროვიკინის დანიშვნამდე უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობა არ არსებობდა.

სერგეი სუროვიკინი მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 1991 წლის 21 აგვისტოს, ГКЧП-ს ცნობილი მოვლენების დროს მოექცა, როცა მოსკოვში ბორის ელცინის მომხრეები წინ აღუდგნენ საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) მხარდამჭერ სამხედროებს. 1991 წელს კაპიტანი სუროვიკინი მეთაურობდა ტამანის დივიზიის ქვეითი საბრძოლო მანქანების იმ კოლონას, რომელიც ცდილობდა თეთრი სახლის დამცველთა რიგების გარღვევას.

კაპიტანმა სუროვიკინმა გზის გახსნა მოითხოვა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, მაგრამ პასუხად თეთრი სახლის დამცველებმა სამხედროებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. მაშინ სუროვიკინმა ბარიკადების გარღვევის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ქვეითთა რამდენიმე საბრძოლო მანქანამ (BMP) მართლაც მოახერხა გზის გაგრძელება, თუმცა შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი: დიმიტრი კომარი, ილია კრიჩევსკი და ვლადიმერ უსოვი.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

რატომ ვერ ცვლის სახელმწიფო ქალთა მკვლელობის მაღალ სტატისტიკას? როგორ რეაგირებს სისტემა ფემიციდზე? როგორ რეაგირებს საზოგადოება ქალთა მკვლელობებზე? სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება? ბოლო სამ დღეში, საქართველოში სამი ქალი მოკლეს. მათ შორის ერთი, 26 წლის ქალი, 7 წლის შვილის თანდასწრებით მოკლა ქმარმა, რომელიც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2022 წლის პირველ ათ თვეში, საქართველოში 16 ქალია მოკლული. 2014-2022 წლებში 190-მდე ქალი მოკლა კაცმა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, გამკაცრდა კანონმდებლობა ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის შესახებ, ქალთა მკვლელობის სტატისტიკა არათუ იკლებს, არამედ იმატებს. უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ფემიციდის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე, რომლებიც მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალიან შესუსტებულია.