შეუფასებელი ლიტერატურული მემკვიდრეობის გარდა, ტერენტი გრანელს ასობით ჩანახატი აქვს დატოვებული. 10 ოქტომბერს, მისი გარდაცვალების დღეს, წალენჯიხაში, გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნად გამოცემული ნახატების პრეზენტაცია გაიმართა.
ტერენტი გრანელი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საბჭოთა ტერორს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას. ლერი ალიმონაკი, რომელსაც ტერენტი გრანელის მოღვაწეობა დეტალურად აქვს შესწავლილი, ამბობს, რომ გრანელმა „სრულიად ბავშვმა“ გაითავისა ის მსოფლმხედველობა, რომელსაც ჯერ ილია ჭავჭავაძე ქადაგებდა, და რომელიც შემდეგ სოციალ-ფედერალისტებმა აიტაცეს. ტერენტი გრანელი ამ პარტიის წევრიც იყო. თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს გაზეთებში აქვეყნებდა. სტალინს ლექსიც „მიუძღვნა“, რომელშიც პროლეტარიატის ბელადი დიქტატორად ჰყავდა მოხსენიებული.
„მინდა მისი სიტყვები გითხრათ: „თავისუფლება არის პრობლემა, თავისუფლება არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ყოველწუთიერი, საერთო, ეროვნული, ინტეგრირებული მიდგომა“. რომ არ ვიცოდეთ, რომ მისი ავტორი პოეტია, შეიძლება გვეგონოს, რომ ეს არის დიდი პოლიტიკოსის სიტყვები. ეს მისი მოქალაქეობრივი პოზიცია იყო“, - თქვა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ წიგნის წარდგენისას.
ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს, 37 წლისა. სიკვდილამდე ის არაერთხელ მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ვარაუდობენ რომ არა იმდენად ავადმყოფობის, არამედ საბჭოთა რეჟიმის დევნის გამო. ხატვა სწორედ იქ, საავადმყოფოში დაიწყო. ხატავდა ყველაფრით და ყველაფერზე, შავი ფანქრით, ფერადი ფანქრით, ქაღალდზე, ქვითარზე, შპალერის ნაგლეჯზე, ხელსახოცზე...
„ხატავს, როცა უკვე სულიერი დეპრესია აქვს, ციხეშია გამოკეტილი, შემდეგ ფსიქიატრიულში. ეს პერიოდი მისთვის ძალიან პროდუქტიულია. მკითხველისთვის ეს არის უფრო ხილვებში გარდამავალი, ფანქრის ენერგიული მონასმით შესრულებული ნახატები, მაგრამ მე კომპოზიციებსაც ვხედავ, მაგალითად, ერთგან გალიაში გამომწყვდეული მტრედი ჰყავს დახატული“, - ამბობს წიგნის რედაქტორი თამარ ბელქანია.
დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ ლიტერატურის მუზეუმმა ტერენტი გრანელის ნათესავებისგან 800-ზე მეტი ნახატი შეისყიდა. ახლა ეს ნახატები წიგნად არის გამოცემული.
„გრანელი არ არის მხატვარი, სწორედ ამით არის ღირსშესანიშნავი ეს ნახატები. მაგრამ პოეტი რომ არ გამოსულიყო, უეჭველი მხატვარი გამოვიდოდა. აბსტრაქტული ნახატებია. ხატვისას არა მგონია მხატვრული ნაწარმოების შექმნა სურდა. ხატვა განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც არის. თან ძალიან ბევრი ნახატია, ეს რაც შემორჩა, ნაწილი ალბათ გადაყარეს კიდეც“, - ამბობს წიგნის დიზაინერი თამაზ ვარვარიძე.
ტერენტის მხატვრული ნიჭის შესახებ შემონახულია მისი დისშვილის ელენე (უჩიკო) კვარაცხელიას მოგონება, მას ტერენტიმ ერთხელ ფარშავანგი დაუხატა, თან ისეთი, გეგონებოდა თავს შემაბრუნებს და შეჰყივლებსო. მერე მოუხატა ოთახიც.
„ბიძაჩემმა თავისი ინიციატივით ჩემი საძინებელი ოთახის კედლები რომ მოხატა, საოცარი სანახავი ფერადი სამყარო იყო. მოხატვა ხუთ დღეში დაამთავრა - დღე და ღამე მუშაობდა. როცა ერთად ვიყავით ზღაპრებს ვაყოლებდი. თხრობის თავისებური მანერა ჰქონდა, თან ზღაპრის პერსონაჟებს მიხატავდა. მე ვთხოვდი, ისინი რომელიმე ჩვენი ნაცნობისთვის მიემსგავსებინა. საოცარი სისწრაფით, თითქმის ხელის ერთი მოსმით ხატავდა. ზღაპრის ფრინველებსა და ცხოველებსაც საოცრად მეტყველი სახე და სასაცილო პოზა ჰქონდათ, გეგონებოდა, რომ ისინი მოძრაობდნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ კიდევაც. ისინი ძალზე განსხვავდებოდა მის მიერ შესრულებული სხვა ნახატებისაგან. ერთი მეზობელი ქალბატონი დედაჩემ ზოზიას ეუბნებოდა -„როცა გაბრაზებული ვარ, ან გულზე რაიმე დარდი მომაწვება, თქვენთან მოვდივარ, ამ ბავშვის ოთახში შევდივარ და რამოდენიმე წუთში ვმშვიდდებიო“.
ტერენტის მიერ მოხატული ოთახი ერთ წვიმიან დღეს განადგურდა, როდესაც დაზიანებული სახურავიდან სახლში წყალი ჩავიდა. თუმცა, გადარჩა მისი ქაღალდზე შესრულებული ნახატები - მათგან 870 გრაფიკული ნამუშევარი ამჯერად ლიტერატურულ მუზეუმში ინახება.