87 რაკეტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინას 10 ოქტომბრის დილას ესროლა, ნახევარზე მეტი - 46 საჰაერო თავდაცვამ ჰაერშივე გაანადგურა.
„ერთადერთი საშუალება, რათა შემდგომში არ დავუშვათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინის ტერიტორიისა და სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსი, უკრაინის „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.
რუსეთის თავდასხმების ფონზე, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას „რამდენიმე დღეში“ მიაწვდის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემას. მანამდე კი, ერთი მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის კომპლექსი კიევმა აშშ-ისგან უკვე მიიღო.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: აშშ-სგან მიღებულია NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემარა სჭირდება და რა აქვს უკრაინას ცის დასაცავად?
10 ოქტომბერს რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ სატელეფონო საუბარში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში არსებული ვითარების განსახილველად "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგანგებო შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
კიევში მოელიან,რომ უკრაინის პრეზიდენტი კოლექტიური დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის სისტემებით და შესაძლოა, მათ შეახსენოს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნაც, რასაც ნატოს წევრებმა რამდენჯერმე არ დაუჭირეს მხარი.
ასევე ნახეთ
რა არის არასაფრენი ზონა და რატომ არ კეტავს ნატო უკრაინის საჰაერო სივრცეს
„საქმე ისაა, რომ ნატო დღევანდელ სიტუაციაში ნამდვილად არ წავა უკრაინის ცის დაკეტვაზე, რადგან ეს დღესდღეობით ტექნიკურად რთულია. ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინამ უნდა მოითხოვოს საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის უკრაინის შეიარაღებაში არსებული S-300-ებისა თუ იმავე „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების მასობრივი მოწოდება“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები იყო პასუხი, მისი თქმით, კიევის "ტერორისტულ" ნაბიჯებზე, მათ შორის ქერჩის ხიდის აფეთქებაზე, რომელიც რუსეთს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ვიდეოზარის დროს, 10 ოქტომბერს თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან გაუშვა "ზუსტი იარაღი" და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები.
უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები სამხედრო ობიექტებს არ დასცემია. სამაგიეროდ, საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინაში კვლავ დაიღუპნენ მშვიდბიანი მოქალაქეები და მწყობრიდან გამოვიდა რამდენიმე ენერგოობიექტი.
დაზუსტებული მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაზიანდა 70, აქედან 29 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, 4 მრავალსართულიანი და 35 კერძო საცხოვრებელი სახლი და კიევში მდებარე ერთ-ერთი სკოლა.
“რუსეთმა იერიშები განახორციელა ყველა სახის რაკეტით - საავიაციო ბაზირების, საზღვაო ბაზირების „კალიბრებით“, მიწისზედა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებით. ერთი სიტყვით, ყველა სახის რაკეტით მაქსიმალური დარტყმები განხორციელდა. და ამ იერიშების ამოცანებს არ შეადგენდა სამხედრო ობიექტები და სამხედრო სამიზნეები, რადგან სამხედრო თვალსაზრისით ამ იერიშებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა დაშინება - დაშინება უკრაინელების, დაშინება უკრაინის ხელისუფლების და ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების დაშინება, რათა ჩვენ დავთანხმდეთ კაპიტულაციაზე“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
რუსეთის 10 ოქტომბრის თავდასხმა, რომელსაც კიევი ტერორისტულ აქტს უწოდებს, ხდება იმ დროს, როდესაც, უკრაინა მეორე თვეა, მძლავრი კონტრშეტევებით იბრუნებს 24 თებერვლის შემდეგ დაკარგულ ტერიტორიებს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
მიხაილო სამუსის თქმით, „ უკრაინა და მისი შეიარაღებული ძალები ახლა კიდევ უფრო აქტიურად გადავლენ შეტევაზე სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე და შესაძლოა, გახსნან ფრონტის ხაზი ახალ მიმართულებაზე, მაგალითად, მელიტოპოლში ან სხვა რაიონში. ნაწილობრივი მობილიზების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო ფრონტის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერება".
რაც შეეხება უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს, რუსეთის აგრესიული რიტორიკა და აგრესიული ქმედებები სულ უფრო აძლიერებს დასავლეთის სამხედრო ალიანის მზადყოფნას, კიდევ უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში.
10 ოქტომბრის საჰაერო იერიშებიდან მალევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსის ქვეყნები გააგრძელებენ კიევის დახმარებას.
"ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და დავგმე რუსეთის საზარელი და განუკითხავი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო გააგრძელებს გაბედული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა", - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმას.
აშშ, გერმანია - ვინ იქნება შემდეგი?
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს რუსეთის მიერ ნატყორცნი რაკეტების ნახევრის განადგურება, უკრაინის არმიას გადაუდებლად სჭირდება ომში გახარჯული საბრძოლო მასალების საცავის შევსება.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა საკმაოდ ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ის შედგება საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო და სარადარო კომპლექსებისგან. უკრაინის ხელისუფლება უკვე 8 თვეა იმეორებს, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკრაინას მიაწვდიან თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსებს, რომლებიც სწორედ ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტების, საჰაერო, წყლისზედა და ხმელეთზე ბაზირების ისეთი რაკეტების გასანადგურებლად არის შექმნილი, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. იმედია, რომ ახლა მაინც, უკრაინას დასავლელი კოლეგები უფრო აქტიურად მიაწვდიან სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რადგან ერთადერთი საშუალება, რათა შემდგომში არ დავუშვათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან უკრაინის ტერიტორიისა და სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაა“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
რუსეთის თავდასხმების ფონზე, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას სწრაფად მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
"კიევზე და ბევრ სხვა ქალაქზე განახლებული სარაკეტო ცეცხლი მკაფიოდ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, უკრაინას სწრაფად მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები", - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი 10 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც თავდასხმებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.
ბერლინის თანახმად, უკრაინა "რამდენიმე დღეში" მიიღებს ოთხიდან პირველ IRIS-T SL-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ეს არის საშუალო სიშორის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, რომელიც ჰაერი-ჰაერის კლასის IRIS-T -კლასის რაკეტით არის აღჭურვილი.
ნატოს სხვა ქვეყნებიც ინდივიდუალურად აგრძელებენ სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ყველაზე დიდი დონორი აშშ-ია, რომელმაც მაღალტექნოლოგიური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის რამდენიმე დანადგარის გარდა, სექტემბრის ბოლოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის პირველი კომპლექსი გადასცა.
ეს არის მაღალტექნოლოგიური ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემა, რომლის მიწოდებაზე გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს იქნა მიღებული.