ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. თსუ-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე. არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.
კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას, აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
თსუ-ს რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.
ასევე ნახეთ სტუდენტები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას ჯაბა სამუშიას თსუ-ს რექტორად არჩევის შესახებ