რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. იქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების "სამხრეთის" დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აზოვსტალის აღებას ყველა საშუალებით, მათ შორის საავიაციო ბომბებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით. სერგეი სუროვიკინის დანიშვნამდე უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობა არ არსებობდა.
რით არის ცნობილი არმიის გენერალი სუროვიკინი?
„სპეცოპერაციის მე-8 თვეს შეიქმნა რაღაც ერთიანი შტაბის მსგავსი და მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ პატივისცემით ეპყრობიან, არამედ, რომლისაც ეშინიათ, რადგან ბევრი თავი შეიძლება დაგორდეს მყისიერად: სუროვიკინი დიდხანს არ ალაპარაკებს უუნარო მეთაურებს, ”- განაცხადა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა ბორის როჟინმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის საკადრო გადაწყვეტილება მოიწონეს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა და კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა.
უკრაინაში გენერალ სუროვიკინის დანიშნა მიიჩნიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებზე იერიშების გაძლიერების უტყუარ ნიშნად, რაც დადასტურდა 9 ოქტომბერს ზაპოროჟიეზე, ხოლო 10 ოქტომბერს კიევსა და სხვა მსხვილ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო იერიშებით.
გენერალი მძიმე კრიმინალური წარსულით
სერგეი სუროვიკინი მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 1991 წლის 21 აგვისტოს, ГКЧП-ს ცნობილი მოვლენების დროს მოექცა, როცა მოსკოვში ბორის ელცინის მომხრეები წინ აღუდგნენ საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) მხარდამჭერ სამხედროებს. 1991 წელს კაპიტანი სუროვიკინი მეთაურობდა ტამანის დივიზიის ქვეითი საბრძოლო მანქანების იმ კოლონას, რომელიც ცდილობდა თეთრი სახლის დამცველთა რიგების გარღვევას.
კაპიტანმა სუროვიკინმა გზის გახსნა მოითხოვა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, მაგრამ პასუხად თეთრი სახლის დამცველებმა სამხედროებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. მაშინ სუროვიკინმა ბარიკადების გარღვევის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ქვეითთა რამდენიმე საბრძოლო მანქანამ (BMP) მართლაც მოახერხა გზის გაგრძელება, თუმცა შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი: დიმიტრი კომარი, ილია კრიჩევსკი და ვლადიმერ უსოვი.
გადატრიალების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ კაპიტანმა სუროვიკინმა შვიდი თვე გაატარა „მატროსკაია ტიშინას“ დაკავების იზოლატორში, თუმცა, საბოლოოდ მოეხსნა ბრალდება იმ მოტივით, რომ ზემდგომთა ბრძანებებს ასრულებდა.
1995 წელს, როდესაც ფრუნზეს სამხედრო აკადემიის სტუდენტი იყო, სუროვიკინი გაასამართლეს პისტოლეტის გაყიდვის ბრალდებით: მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ სუროვიკინი დამნაშავედ ცნო სამი მუხლით და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ნასამართლობა მოეხსნა.
2002 წელს სუროვიკინმა დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია, მაგრამ ორი წლის შემდეგ კვლავ სკანდალში გაეხვა. ეკატერინბურგში დივიზიის მეთაურად მსახურობისას, კაბინეტში დაიბარა თავისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანდრეი შტოკალი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით იქვე, კაბინეტშივე მოიკლა თავი (როგორც რუსული მედია წერდა, „ხმამაღალი საუბრის შემდეგ“). მანამდე, იმავე წლის მარტში, სუროვიკინის თანამოსამსახურემ, მას და კიდევ რამდენიმე უფროს ოფიცერს ბრალი დასდო პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მომჩივანმა თავისი განცხადება პროკურატურიდან უკან გამოითხოვა.
2004 წლის ივნისში სერგეი სუროვიკინი დაინიშნა ჩეჩნეთში დისლოცირებული გვარდიის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად. მას და მის ქვეშევრდომებს არაერთხელ დასდეს ბრალი დანაშაულებში. 2005 წელს ჩატარებული ერთ-ერთი "წმენდისას" ბატალიონი „ვოსტოკი“ თავს დაესხა სოფელ ბოროდინოვსკაიას, სადაც, მოწმეების ჩვენებით, ჯარისკაცები სახლებში უვარდებოდნენ სამოქალაქო პირებს, სცემდნენ და ძარცვავდნენ მათ. მამაკაცები ჯერ შებოჭეს, შემდეგ კი პირქვე დამხობილები დაყარეს მიწაზე და ასე ამყოფეს ექვსი საათის განმავლობაში თავსხმა წვიმის დროს.
სერგეი სუროვიკინმა ბრალდებების პასუხად განაცხადა, რომ ჯარისკაცების მიმართ გამოთქმული ბრალდებები მიზნად ისახავდა ბატალიონის მეთაურის, სულიმ იამადაევის რეპუტაციის „შებღალვას“. იამადავევს მოგვიანებით რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
55 წლის სერგეი სუროვიკინი ნოვოსიბირსკის მკვიდრია. შეიარაღებულ ძალებში იმყოფება 1983 წლიდან. მსახურობდა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტიგენტის რიგებში.
1995 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის ომსკის უმაღლესი სამეთაურო სკოლა.
1995 წლიდან მსახურობდა ტაჯიკეთში დისლოცირებულ გატჩინის 201-ე მოტომსროლელ დივიზიაში.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
2004 წლის ივნისიდან მონაწილეობდა მეორე ჩეჩნურ კამპანიაში, სადაც სუროვიკინმა მოიპოვა მკაცრი და მომთხოვნი სამხედრო ლიდერის რეპუტაცია. ჩეჩნეთში სამსახურის დროს ფართო რეზონანსი შეიძინა მისმა საჯარო დაპირებამ, ყოველ დაღუპულ ჯარისკაცზე გაენადგურებინა სამი ბოევიკი.
2013 წელს დაინიშნა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლად. აქტიურად იყო ჩართული კურილის კუნძულებსა და არქტიკაში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაში.
2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარების დაჯგუფებას სირიაში.
2017 წლიდან რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სარდალია.
2017 წელსვე მიიღო რუსეთის გმირის წოდება. სერგეი სუროვიკინი რუსეთისა და სსრკ-ს ისტორიაში პირველი საერთო-საჯარისო მეთაურია, რომელიც საჰაერო კოსმოსური ძალების სარდლად დაინიშნა.
2021 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუროვიკინს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა.
დონბასი და სირია
რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ სუროვიკინი მონაწილეობდა დონბასში რუსული ჯარების გაგზავნაში.
”2014 წელს, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, რატომღაც, მუშაობდა არა აღმოსავლეთ ციმბირში, არამედ როსტოვის ოლქში, სადაც ხელმძღვანელობდა მის დაქვემდებარებაში მყოფი სატანკო ნაწილების, ყბადაღებული „ბურიატი ტანკისტების" გაგზავნას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში", - წერდა ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქველ ფეისბუკში 2016 წელს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თანამდებობის შეცვლის შემდეგ, 2017 წლის მარტში, სუროვიკინი დანიშნეს სირიაში რუსეთის საავიაციო დაჯგუფების სარდლად. რუსული ავიაცია საჰაერო მხარდაჭერას უწევდა ბაშარ ალ-ასადის ძალების წინსვლას, რაც მოიცავდა სირიის იმ ქალაქების დაბომბვას, რომლებიც ოპოზიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ.
სირიაში სუროვიკინის ქვეშევრდომებს ბრალი დასდეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში. რუსული საავიაციო დანაყოფი დაადანაშაულეს საცხოვრებელ რაიონებზე იერიშის მიტანაში, ქიმიური იარაღით დაბომბვასა და საავადმყოფოებზე საჰაერო თავდასხმაში.
2020 წლის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშში სუროვიკინი დასახელებულია იმ რუს და სირიელ სამხედრო მეთაურებს შორის, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2019-20 წლებში იდლიბის პროვინციაში მიტანილი იერიშის დროს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რუსული ავიაცია მიზანმიმართულად უტევდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საავადმყოფოებს.
სირიის ოპერაციის შედეგად სუროვიკინს მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება.
კადიროვის და პრიგოჟინის მოწონებული
”უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება ახლა საიმედო ხელშია”, - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა სერგეი სუროვიკინის სარდლად დანიშვნის კომენტირებისას.
”პირადად ვიცნობ სერგეი ვლადიმიროვიჩს თითქმის 15 წელია. მასზე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილი, ძლიერი ნებისყოფის, შორსმჭვრეტელი გენერალი და ნამდვილი მეომარია, რომლისთვისაც ისეთი ცნებები, როგორიცაა პატრიოტიზმი, პატივი და ღირსება, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას, ”- დაწერა რამზან კადიროვმა Telegram-ზე.
კადიროვი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრის ეს საკადრო გადაწყვეტილება აუცილებლად მოიტანს შედეგს.
რუსეთის არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინის იცნობს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც სუროვიკინს რუსეთის არმიის ყველაზე კომპეტენტურ მეთაურს უწოდებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ მას შეუძლია იმოქმედოს არსებულ ვითარებაში იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც წინამორბედებმა გადასცეს.
„გადაცემით კი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ საუკეთესო ვითარება გადაეცა, - ამბობს “ვაგნერის“ დამფუძნებელი, - რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სუროვიკინი ლეგენდარული პიროვნებაა, ის დაიბადა იმისთვის, რომ ერთგულად ემსახუროს სამშობლოს. სამშობლოს ერთგულად მსახურება არ არის ლამაზი მუნდირის ჩაცმა და გულზე ჩინ-მედლების დაკიდება. ჩვენ ყველას გვახსოვს 1991 წლის აგვისტოს მოვლენები თეთრ სახლთან, სუროვიკინი ის ოფიცერია, რომელიც უყოყმანოდ, ბრძანების მიღების შემდეგ, ტანკში ჩაჯდა და თავისი ქვეყნის გადასარჩენად გავარდა. სუროვიკინმა 1991 წლის აგვისტოში ვერ მოასწრო ტანკში სრული საბრძოლო მასალის ჩატვირთვა. რომ მოესწრო, მაშინ სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით, ათჯერ უფრო ძლევამოსილ ქვეყანაში. დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი 1991 წლიდან იღებს სათავეს. სუროვიკინი საუკეთესოა. ის ცდილობდა სამშობლოს გადარჩენას, მაგრამ მისი წარმატება, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია ტანკში ჩატვირთული ჭურვების რაოდენობაზე“.
„არც გენერალია და არც ოფიცერი...“
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ სერგეი სუროვიკინის, საჰაერო იერიშების მთავარი იდეოლოგის დანიშვნა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდლად, აუცილებლად გააძლიერებს სამოქალაქო ობიექტებისა და საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვას.
„სუროვიკინის პრიორიტეტული სამიზნეები სამოქალაქო მოსახლეობა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაა და არა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან“, - ამბობს ოლეგ ჟდანოვი, რომლის თქმითაც, გენერალი სუროვიკინის მთავარი იარაღი ე.წ. ხალიჩისებური დაბომბვაა, სხვა მხრივ კი ის არაფრით გამოირჩევა სხვა რუსი გენერლებისგან:
„ამ გენერალმა ერთხელ უკვე ვერ გაართვა თავი მის წინაშე დასმულ ამოცანას, როცა ხელმძღვანელობდა სამხრეთის მიმართულებას და ამაოდ ცდილობდა მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგობის გატეხას. სწორედ მისი ინიციატივა იყო საავიაციო ბომბების, გრადებისა და ცეცხლოვანი ჭურვების გამოყენება აზოვსტალის წინააღმდეგ, რამაც რუსეთის ჯარებს წარმატება ვერ მოუტანა“.
კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი ამბობს, რომ გენერალი სუროვიკინი თანამდებობაზე დაინიშნა ერთი, კონკრეტული მიზნით, რაც ცხადი გახდა დანიშვნიდან მეორე დღესვე ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის მიტანით.
„სუროვიკინი არც ოფიცერია და არც გენერალი. სუროვიკინი ცხოველია. სწორედ მისი გაცემულია ბრძანება ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის მიტანის შესახებ. ამით მან ყველას უთხრა, რომ უკვე ადგილზე იმყოფება და სიტუაციას მართავს. სირიისგან განსხვავებით, უკრაინაში სუროვიკინი კბილებში მიიღებს. უკრაინის საჰაერო-თავდაცვამ იცის, რომ იერიშები გაძლიერდება. ამ გენერლის სარდლად დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ აქცენტი მაქსიმალურად იქნება გადატანილი საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყენებაზე. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს საჰაერო თავდაცვის ანტისარაკეტო სისტემები, თვითმფრინავები და პარიტეტული იარაღი, რომელსაც შეუძლია აეროდრომების განადგურება. საჭიროა არა მხოლოდ რაკეტების, არამედ მათი მატარებლების განადგურებაც. საჭიროა რუსეთის სიღრმეში მდებარე აეროდრომების განადგურება. შესაბამისად, საჭიროა ტომაჰავკები (Tomahawk - სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტა), რადგან საუბარია 2-2,5 ათას კილომეტრით დაშორებული სამიზნეების განადგურებაზე. თუ უკრაინა ასეთ რაკეტებს მიიღებს, შეძლებს გაანადგუროს ყველა ეს Ту-22 და Су-34, რომლებითაც დაიბომბა ზაპოროჟიე და იბომბება უკრაინის სხვა ქალაქები“, - განაცხადა რომან სვიტანმა.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმები 10 ოქტომბერსაც განხორციელდა. სარაკეტო იერიშებს ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი და დაიჭრა 64 პირი.
10 ოქტომბერსვე გერმანიამ განაცხადა, რომ "რამდენიმე დღეში" უკრაინას მიაწვდის ოთხიდან პირველ IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
"კიევზე და ბევრ სხვა ქალაქზე განახლებული სარაკეტო ცეცხლი მკაფიოდ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია უკრაინას სწრაფად მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები", - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი 10 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც უკრაიანულ ქალაქებზე თავდასხმებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა, - რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული იერიშები უწინარესად იწვევს სამოქალაქო მოსახლეობის ტერორიზებას. და ამიტომ ჩვენ მათ ახლა მხარს ვუჭერთ ანტი-საჰაერო იარაღით".