პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციირება მოხდა. დოკუმენტი უკრაინაში მიღებული კანონის ანალოგიურია. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კომიტეტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას უნდა გადაეცეს. კანონპროექტში კორექტივების შეტანისას, კომიტეტი აპირებს, უკრაინისთვის განკუთვნილი დოკუმენტით იხელმძღვანელოს.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო დაინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც. ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლებოდა სხვაგვარად დაგვეწერა, მათ შორის, გამომდინარე და თანმდევი კანონპროექტებიც, თუმცა ჩვენი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ ის დასკვნა, რომელიც გაიცემა უკრაინასთან მიმართებით, მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი“, - თქვა ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამომდინარე კანონპროექტების მომზადებაც დასჭირდეს. „უნდა შევთანხმდეთ კონცეპტუალურ საკითხზე და ამ მიზნით არის წარმოდგენილი ძირითადი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე, შემდგომ რა პროცესებითაც განვითარდება ამ კანონპროექტის განხილვა, შეიძლება დაგვჭირდეს რეგლამენტის შესაბამისი პროექტის დაინიცირებაც“, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად - მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამს, ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, რომლებშიც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ:
- პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე "საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
- ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
- ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
პროექტის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ათი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციაში არიან და ამ კონტექსტში ასახელებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს.