შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს სთხოვს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეფასებას

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს მიმართავს და სთხოვს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულად შეფასებას. ამ ცვლილებების მიღებას პარლამენტი მესამე მოსმენით 13 დეკემბერს გეგმავს. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება ერთ-ერთია ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

"საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ქვეშ შეიქმნა, შედგებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წევრებისგან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ახალ ინიციატივებს, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ანტი-კორუფციული ორგანოს - GRECO-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, პარლამენტმა კი იგი 5 ოქტომბერს პირველი მოსმენით, მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო. საპარლამენტო განრიგის მიხედვით, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება 13 დეკემბერს იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს, მოგმართოთ თხოვნით, რომ შეიმუშაოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება ინიცირებული ცვლილებების თაობაზე", - წერს შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს.

ასევე ნახეთ რა შეგვიკვეთეს და რა ჩამოუვათ 5 თვეში - საქართველოს არ აქვს ერთი გეგმა EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად