რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლითაც პუტინი იმუქრება? - მოკლედ ახსნილი

ბირთვულ ომზე ან როგორც ბოლო დღეებში ხშირად გაისმის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე უკრაინის წინააღმდეგ, შეიძლება ჰიროშიმას ცნობილი „სოკოს ღრუბელი" გაგახსენდეთ. არის თუ არა საფრთხე იგივე, რით ჰგავს და განსხვავდება ე.წ. ტაქტიკური ბირთული იარაღი რომლითაც პუტინი იმუქრება, ცნობილი „სოკოსგან“ ანუ სტრატეგიული ატომური იარაღისგან?

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის შედარებით მცირე ზომის ბირთვული ქობინი თავისი გადასატანი სისტემით, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე და შექმნილია კონკრეტულ ტერიტორიაზე მტრის სამიზნეების გასანადგურებლად. ოღონდ ფართო რადიოაქტიური აფეთქების და მასშტაბური რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.

სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია კონტინენტების გადაკვეთისთვის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემები გამოიყენება უფრო მოკლე მანძილზე - როგორც წესი, 500 კილომეტრს ქვემოთ.

თუმცა, როგორც NPR-ის მეცნიერებისა და უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯეფ ბრუმფილი შენიშნავს, „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის „მცირე იარაღი“.

„მაგალითად, ყველაზე დიდი, ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს ოდესმე ჩამოუგდიათ, დაახლოებით 11 ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრისა იყო. მაგრამ ე.წ. მცირე ბირთვულ იარაღს შეუძლია მიაწოდოს ერთი კილოტონა ტროტილი და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე დიდი ბომბი“.

რით განსხვავდება ტაქტიკური ატომური იარაღი - სტრატეგიული ბირთვული იარაღისგან?

სტრატეგიული ატომური იარაღი გათვლილია დიდი რაოდენობის მოსახლეობის ან/და მტრის მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად.

ყაზახეთი, პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდა, 1949 წლის აგვისტო

რა სიმძლავრისაა ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ყველაზე მცირე ტაქტიკური ბირთვული ქობინის სიმძლავრე ერთ კილოტონამდეა ტროტილის ეკვივალენტში, ანუ აფეთქების სიმძლავრე არ აღემატება ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას.

ყველაზე დიდი ქობინი შეიძლება 100 კილოტონა იყოს.

სტრატეგიული ბირთვული იარაღი კი ბევრად მძლავრია - 1000 კილოტონამდე.

ცნობილი ატომური ბომბი, რომელიც აშშ-მა ჩამოაგდო ჰიროშიმაზე 1945 წელს,15 კილოტონა იყო .

როგორ მუშაობს ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული ქობინი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.

ასეთი იარაღის გასროლა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.

გამოუყენებიათ თუ არა ის ოდესმე?

არასოდეს. მოქმედი ბირთვული იარაღი კონფლიქტებში აქამდე არ გამოუყენებიათ, რადგან ბირთვული იარაღის მქონე არც ერთ ქვეყანას არ სურდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ყოვლისმომცველი ბირთვული ომის გაჩაღება.

ვის რამდენი ბირთვული იარაღი აქვს

აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 2000-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს. დაახლოებით 10-ჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე შეერთებული შტატებს. აშშ-ს 200 ტაქტიკური ბირთვული იარაღიდან კი, დაახლოებით, ნახევარი განლაგებულია ევროპის ბაზებზე.

სააგენტო "როიტერი" ასევე წერს, რომ რუსეთს დღეს აქვს 1458 სტრატეგიული ბირთვული ქობინი, რომელიც მზადაა გასასროლად, შეერთებულ შტატებს კი ასევე მზადყოფნაში აქვს 1389 ქობინი.

რაც შეეხება მთლიანად ბირთვული იარაღის ოდენობას, BBC-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის მონაცემებს და მიანიშნებს, რომ ყველა ეს რიცხვი არის მიახლოებითი, სურათი ასეთია:

  • რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის 5977 ქობინი;
  • ნატოს 5943 (აქედან 5428 აშშ–ს, 290 საფრანგეთს, 225 დიდ ბრიტანეთს);
  • ჩინეთს - 350;
  • პაკისტანს 165;
  • ინდოეთს - 160;
  • ისრაელს - 90;
  • ჩრდილოეთ კორეას - 20.

რა ზიანის მიყენება შეუძლია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს?

ტაქტიკური ბირთვული იარაღი უფრო დამანგრეველია, ვიდრე სხვა იარაღი იმავე ფეთქებადი ენერგიით. ბირთვული აფეთქებები უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიური აფეთქებები. და ის ტოვებს მომაკვდინებელ რადიაციულ ნაკადს, რომელიც კონკრეტულ ტერიროიაზე დააბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს და საკვებს.

ალექს ველერშტეინის ინტერაქტიული სიმულაციური საიტი სახელად - NUKEMAP ასახავს ბირთვული აფეთქებების მრავალ ეფექტს.

ატომური ბომბის და მსოფლიო - ისტორია მოკლედ

  • 1942 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატები აყალიბებს „მანჰეტენის პროექტს“ პირველი ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
  • 1945 წლის ივლისში აშშ ატარებს ბირთვული იარაღის პირველ გამოცდას - ის გამოცდის 15-20 კილოტონიან ბირთვულ იარაღი, სოკოროს სამხრეთით, ნიუ მექსიკოში, სადაც რადიაციის დონე ამ უბნის ირგვლივ 10-ჯერ გაიზრდება.
  • 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ ატომური ბომბს ჩამოაგდებს იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაზე, რის შედეგადაც თვეების განმავლობაში 140 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. რადიაციით გამოწვეულს დაავადებებს მოგვიანებით კიდევ უამრავი ადამიანი შეეწირება.

აფეთქების კვალი ნაგასაკის თავზე, 1945 წლის 9 აგვისტო

  • 1945 წლის 9 აგვისტოს, შეერთებული შტატები ნაგასაკის თავზე მეორე, პლუტონიუმის ბომბს აფეთქებს. დაახლოებით 74 000 ადამიანი დაიღუპება.
  • 1946 წლის იანვარში გაერო მოითხოვს ატომური იარაღის განადგურებას. თავის პირველ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა ითხოვს ბირთვული იარაღის სრულ აღმოფხვრას და ქმნის კომისიას ბირთვული იარაღის მოსაგვარებლად.
  • 1949 წლის აგვისტოში, პირველი ატომურ ბომბს გამოცდის საბჭოთა კავშირიც და ყაზახეთში, ამ გამოცდის შემდებ, ის გახდება მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც წარმატებით შექმნის და გამოცდის თავის ბირთვულ მოწყობილობას.
  • 1952 წელს დიდმა ბრიტანეთიც გამოცდის თავის პირველ ატომურ იარაღს - მონტებელოს კუნძულებზე, დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე.
  • 1955 წლის ივლისში ქვეყნდება ცნობილი რასელ-აინშტაინის მანიფესტი, რომლითაც ბერტრანდ რასელი, ალბერტ აინშტაინი და სხვა წამყვანი მეცნიერები აფრთხილებენ მსოფლიოს ბირთვული ომის საშიშროების შესახებ და მოუწოდებენ ყველა მთავრობას, გადაწყვიტონ დავები მშვიდობიანი გზით.
  • 1958 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის ბირთვული განიარაღების კამპანია იწყება - და მისი საკულტო ემბლემა ხდება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სიმბოლო მსოფლიოში.
  • 1959 წელს იკრძალება ბირთვული ტესტების ჩატარება ანტარქტიდაზე.
  • 1960 წელს პირველი ბირთვულ იარაღს გამოცდის საფრანგეთი საჰარის უდაბნოში.
  • 1961 წელს საბჭოთა კავშირი აფეთქებს ყველაზე მძლავრ ბომბს, 58 მეგატონიან ბირთვულ იარაღს, მეტსახელად „მეფე ბომბს“.
  • 1962 წელს კუბის სარაკეტო კრიზისი იწყება, როცა შეერთებული შტატები კუბაში საბჭოთა რაკეტებს აღმოაჩენს. შეერთებული შტატები კუბას 13 დღით ბლოკავს. კრიზისი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ბირთვული ომის ზღვარზე მიჰყავს.
  • 1963 წელს ფორმდება ნაწილობრივი გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება, ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ატმოსფეროში, კოსმოსსა და წყალქვეშ ბირთვულ გამოცდას.
  • 1964 წელს მსოფლიო ბირთვულ სცენაზე ჩინეთი შემოდის და თავის პირველ ატომურ ბომბს გამოცდის.
  • 1967 წელს ლათინური ამერიკა ბირთვული იარაღზე უარს ამბობს და მეხიკოში იდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება.
  • 1968 წელს ხელმოწერისთვის იხსნება ე.წ. გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, არაბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები თანხმდებიან არასოდეს შეიძინონ ბირთვული იარაღი და ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები იღებენ ლეგალურ ვალდებულებას განიარაღებაზე.
  • 1974 წელს თავის პირველ ატომურ იარაღს გამოცდის ინდოეთი რაჯასტენის უდაბნოში, კოდური სახელწოდებით „მომღიმარი ბუდა".
  • 1979 წელს ბირთვული აფეთქება ხდება ინდოეთის ოკეანეში. ვარაუდობდნენ, რომ ის სამხრეთ აფრიკამ ისრაელის დახმარებით ჩაატარა.
  • 1982 წელს მილიონი ადამიანი გამოდის განიარაღების მოთხოვნით ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში - ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი დიდი ანტისაიმარო დემონსტრაცია.
  • 1985 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ენიჭებათ ექიმებს ბირთვული ომის პრევენციისთვის/
  • 1986 წელს ცნობილი ხდება, რომ ბირთვული იარაღი შესაძლოა ჰქონდეს ისრაელსაც.
  • 1986 წელსვე აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები რონალდ რეიგანი და მიხაილ გორბაჩოვი ერთმანეთს ხვდებიან რეიკიავიკში, და განიხილავენ ბირთვული იარაღის გაუქმების შესაძლებლობას.

რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ შეთანხმებას საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვაზე, 1987 წელი, თეთრი სახლი.

  • 1987 წელს, საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც საშუალო რადიუსის რაკეტები აიკრძალა.
  • 1995 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ხდება.
  • 1996 წელს მათ აფრიკაც უერთდება.
  • 1996 წელს, უკრაინაც ხდება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფო, მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიღებული უკანასკნელი საბჭოთა ბირთვულ ქობინს გადასცემს რუსეთს - გასანადგურებლად.
  • 1996 წელს, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო გამოსცემს საკონსულტაციო დასკვნას, რომელშიც ადგენს, რომ ბირთვული იარაღით მუქარა ან მისი გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, მაგრამ სასამართლომ ვერ დაასკვნა, ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება კანონიერი თუ უკანონო იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მოუწოდებდა თავდაცვის უკიდურესი ზომების მიღება თავის გადასარჩენად.
  • 1996 წელს, ბირთვული გამოცდის სრული აკრძალვის ხელშეკრულება იხსნება ხელმოწერისთვის გაეროში. მას ხელს აწერენ ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები. ინდოეთი აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას.
  • 1996 წელს ბელარუსიც გადასცემს თავის ბოლო ატომურ იარაღს რუსეთს გასანადგურებლად.
  • 2006 წელს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა ბირთვული გამოცდამ.

არის თუ არა ბირთვული საფრთხე რეალური?

ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა ასეთი რამ თქვა: „თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენ უდავოდ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არისო".

ასევე ნახეთ პუტინი დასავლეთს "ყველა საშუალებით" ემუქრება: "ეს არ არის ბლეფი"

აშშ-ს დაზვერვა ამას აღიქვამს უფრო მუქარად უკრაინისადმი მათი დახმარების სანაცვლოდ, ვიდრე ბირთვული ომის დაწყების ნიშნად.

თუმცა არაერთი ექსპერტი მაინც შიშობს, რომ რაც უფრო მეტად წავა რუსეთი ამ ომში წარუმატებლობისკენ, მით უფრო მეტად გაუჩნდება უკრაინაში მცირე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ცდუნება „მარცხის თავიდან ასაცილებლად“.

„ვშიშობ, პუტინმა, შესაძლოა, მაინც გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში ყველას დასაშინებლად“, - ფიქრობს ბირთვული იარაღის ექსპერტი ჯეიმს ეკტონი.

აშშ–ს პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაცია იქნება.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ბაიდენი რეალურად მიიჩნევს პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს

ჩაუდენელის ჩადენა - რას ფიქრობენ საქართველოში?

„გამორიცხულია, პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან თუნდაც ერთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება პასუხი. თუ პირველი ნაბიჯი ტაქტიკური იარაღის გამოყენება იქნება, მას აუცილებლად მოჰყვება სტრატეგიულიც. ეს უკვე სხვა სცენარია, რომელშიც მხოლოდ რუსეთი და ნატო კი არ იქნება ჩართული, არამედ ჩინეთი და მთელი მსოფლიოც. ეს არავის აწყობს“, - შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე.

მისი აზრით, შესაძლოა, რუსეთს რაოდენობრივად დღეს ყველაზე მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ჰქონდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც იმ დღეში უნდა იყოს, როგორშიც ახლა რუსული ჯარია. და მაინც, თუ პუტინი გაბედავს და გაისვრის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ეს ნიშნავს, პროცესში ყველა ბირთვული სახელმწიფოს ჩართვას, რაც უკვე „გაცილებით მეტია, ვიდრე ომი უკრაინასთან - ეს ატომური ომია“, -ამბობს აკია ბარბაქაძე.

აკია ბარბაქაძე

„ტაქტიკური იარაღი შეიძლება ჩამოაგდო, მაგალითად, სადმე მინდორში, რომელსაც ორი კილომეტრის რადიუსში ვერავინ მიუახლოვდება მაღალი რადიაციული ფონის გამო - ჯარს იქ ვერ შეიყვან და სანგარს ვერ გათხრი. ასეთი დაცვისთვის შეიძლება ის გამოიყენო“, - გვითხრა სამხედრო ჟურნალისტმა უჩა აბაშიძემ, რომლის აზრით, ამ ამბავში მთავარი მაინც „ჩაუდენელის ჩადენაა“, რადგან მსგავსი რამ ჯერ მსოფლიოში არ მომხდარა - ბოლომდე იმის თქმაც ძნელია, როგორი იქნება მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების პასუხი.

მისი თქმით, დღეს, ატომური იარაღის გასროლის პროცედურაც კი ბუნდოვანია: პუტინი ჩუმად გაისვრის? თუ წინასწარ გააფრთხილებს ვინმეს? თუ ულტიმატუმს დააყენებს?

"იმ რაკეტებიდან, რაც დღეს კიევში ჩამოვარდა, ნებისმიერს შეიძლებოდა ჰქონოდა დამაგრებული ბირთვული ქობინა. ამ კალიბრის იარაღზე დღეს უკვე უნდა ჰქონდეს რეაქცია მსოფლიოს, მაგრამ პუტინმა მთელი მსოფლიო მიაჩვია იმას, რომ უკრაინის თავზე უზარმაზარი რაკეტები დაფრინავს და ეცემა სამოქალაქო ობიექტებთან ახლოს ან პირდაპირ მათ. მან ეს ნორმა გახადა. 40 წლის წინ, ცივი ომის დროს, ერთი ცალი მსგავსი რაკეტის გაფრენაც კი დიდი ომის წინაპირობა გახდებოდა. დღეს კი ყველა დოქტრინის ხაზები გადაკვეთილია და მთელი მსოფლიო მხოლოდ რეაგირების რეჟიმშია - თითქოს, რა მოხდება იმის მიხედვით მოიქცევიან“ - უთხრა უჩა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.