ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე.
ლუკაშენკამ გაიხსენა, რომ სანქ-პეტერბურგში დსთ-ს არაოფიციალური სამიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირს შეხვედრა ჰქონდა, „მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან [ვითარების] გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული დაჯგუფების განლაგებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა“, - განაცხადა ლუკაშენკამ სამხედრო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. ლუკაშენკას სიტყვებს სააგენტო Belta ციტირებს.
მისი სიტყვებით, დაჯგუფების საფუძველს წარმოადგენს ბელარუსის შეიარაღებული ძალები. „უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ დაჯგუფების ჩამოყალიბება დაწყებულია, ის უკვე მიმდინარეობს, ჩემი აზრით, უკვე ორი დღეა. ჩემი განკარგულებით", - განაცხადა ლუკაშენკამ.
დღეს, 10 ოქტომბერს, ლუკაშენკამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ თითქოს არაოფიციალური არხებით მიიღო გაფრთხილება კიევიდან ბელარუსზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
„როგორც განგვიცხადეს: ისე ვიზამთ, რომ ეს იქნება ყირიმის ხიდი -2. ამ ინფორმაციის შესახებ დაუყოვნებლივ მაცნობეს. ჩემი პასუხი მარტივი იყო: გადაეცით უკრაინის პრეზიდენტს და სხვა ჭკუადაკარგულებს, რომ ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან თავისი ბინძური ხელებით“, - განაცხადა ლუკაშენკამ და შეხვედრის მონაწილე ძალოვნებს მიმართა: „ეს თქვენი ფუნქციაა, ჩათვალეთ ეს თქვენდამი ბრძანებად".
მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლუკაშენკას აიძულებს, ღიად მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.