ზელენსკი: 229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას

კიევის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2022 წლის 10 ოქტომბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩნენ და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ახლობლებს.

„229-ე დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას და პირისაგან მიწისა აღგვას. განადგურებას ჩვენი ადამიანების, რომლებსაც ზაპოროჟიეში, სახლში სძინავთ. მოკვლას ადამიანების, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამსახურში მიდიან“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელებში.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე - განახლებადი ინფორმაცია