გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში უკრაინამ მასობრივი სამარხებიდან ექსჰუმაცია დაიწყო

დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, რომელიც მაისის შემდეგ რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ ყოფნის შემდეგ ახლახან გაათავისუფლა უკრაინის არმიამ, კვირას ჩაატარეს ოკუპაციის დროს დაღუპულ სამოქალაქო პირთა მასობრივი სამარხებიდან პირველი 20 ცხედრის ექსჰუმაცია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იტყობინება.

მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდა, ცნობილი გახდა ორი მასობრივი სამარხის შესახებ. ერთში დამარხულია 200-მდე სამოქალაქო პირი. ისინი ცალ-ცალკე საფლავებში არიან დაკრძალული. მეორე - უკრაინის არმიის სამხედროთა საძმო საფლავია. ექსჰუმაციის მიზანია დაღუპულთა ვინაობისა და მათი სიკვდილის მიზეზების დადგენა. ის ტარდება ომის წესებისა და ჩვეულებების დარღვევათა შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

როგორც იტყობინებიან, მთლიანობაში 29 სექტემბრიდან უკრაინის პოლიციამ დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში 87 გვამი აღმოაჩინა. მათი უმრავლესობა ჭურვების ნამსხვრევებით მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა ან ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

მანამდე ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რომელიც უკრაინის ჯარებმა სექტემბერში დაიბრუნეს, გვამების ექსჰუმაცია ჩაატარეს სამარხებიდან, რომლებშიც 400-ზე მეტი ადამიანი იყო დამარხული. როგორც იტყობინებიან, მათ შორის ნაპოვნია გვამები წამების კვალით.