სტუდენტები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას ჯაბა სამუშიას თსუ-ს რექტორად არჩევის შესახებ

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევის შესახებ.

მოძრაობა განცხადებას ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ ჯგუფებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არ არიან დამოუკიდებელნი.

„ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, რომელსაც არალეგიტიმური აკადემიური საბჭო მოჩვენებითი არჩევნების პროცესის შემდეგ დანიშნავს. ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნებიან კანდიდატები, მაგრამ ვხედავთ მილოცვებს კონკრეტული ადამიანის მისამართით და ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომენტარსაც არ აკეთებს, ვინაიდან ვერავინ გაბედავს, შეეწინააღმდეგოს მათი პარტიული „ბოსების" სიტყვას...

ჯაბა სამუშიას მთელი დღის განმავლობაში მეგობრები, ახლობლები ულოცავენ რექტორის თანამდებობის დაკავებას. გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, შესაბამისად, აკადემიური საბჭო ახალ რექტორს ვერ აირჩევდა... უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“.

სტუდენტები მოითხოვენ, დაიშალოს აკადემიური საბჭო, როგორც არალეგიტიმური და მართული ორგანო, ასევე შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და მეტად დემოკრატიული გახდეს იგი - რექტორი უნდა აირჩიოს პროფესორების სრულმა შემადგენლობამ, რაც გავრცელდება არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ მოიცავს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ჯაბა სამუშიასთან დაკავშირებას, თუმცა, ის არც სატელეფონო ზარებსა და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

9 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია გახდა.

ჯაბა სამუშიას, რომელსაც, როგორც ცნობილია, ჯერ ოფიციალურად კანდიდატურა არ დაუყენებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, მეგობრები სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ უნივერსიტეტის რექტორობას. თუმცა, მოგვიანებით, ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის დავით ოქიტაშვილმა, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, მილოცვის პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით პარასკევს, 7 ოქტომბერს, მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

თსუ-ს რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.