ჯაბა სამუშიას რექტორობას ულოცავენ მაშინ, როცა არც მისი და არც სხვა კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია გახდა.
ჯაბა სამუშიას, რომელსაც, როგორც ცნობილია, ჯერ ოფიციალურად კანდიდატურა არ დაუყენებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, მეგობრები სოციალურ ქსელში უკვე ულოცავენ უნივერსიტეტის რექტორობას.
რადიო თავისუფლება ჯაბა სამუშიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ის არც სატელეფონო ზარებსა და არც ტექსტურ შეტყობინებებს ამ ეტაპზე, არ პასუხობს.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით პარასკევს, 7 ოქტომბერს, მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო:
„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს. დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯაბა სამუშია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. ფონდში ის 2018 წლიდან, სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა, მანამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე “ქართული ოცნებიდან”.
სექტემბრის მიწურულს ჯაბა სამუშიას წერილი მისწერეს რუსთაველის ეროვნული ფონდის სამეცნიერო პროექტების შერჩევის პროცესში ჩართულმა მეცნიერებმა ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მათ ჯაბა სამუშია გააფრთხილეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ახალი კონკურსანტების არჩევის პროცესს და იმას, რამდენად მიეცემათ მეცნიერებს გამარჯვებული პროექტების განხორციელების უფლება.
მეცნიერების განცხადების მიზეზი იყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წინა კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის უკან გაწვევა ეროვნული მუზეუმის დირექტორატის მიერ, რომელთაგან 12-მა საბოლოოდ დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა, თუმცა იმის გამო, რომ მეცნიერების ნაწილს შეზღუდული აქვს მუზეუმის ფონდებზე წვდომა და გართულებული არქეოლოგიური გათხრების ნებართვის მიღება, პროექტების სრულყოფილად განხორციელება ვერ შეძლეს. დაფინანსების გარეშე დარჩა დირექტორატის გადაწყვეტილებით ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების პროექტი, რომლის ავტორებიც ფიქრობენ, რომ დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი არიან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
თსუ-ს რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.