საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი კატეგორიულ უარს ამბობს საკვების მიღებაზე და ის პრაქტიკულად სულ წევს. ალასიანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოძრაობა უჭირს.
„საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. პრაქტიკულად სულ წევს, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ ყოფილა. ეს რამდენიმე დღეა, სულ წევს. არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა. ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ არის მძიმე მდგომარეობა, ეს ეხება ხერხემალს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მანამდე სააკაშვილი მოინახულა ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა, პროფესორმა ჯეიმს კობიმ.
ჯეიმს კობი არის ქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედია, რომელიც ასევე მოღვაწეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლისა და სახსრების სერიოზული ტრავმების მკურნალობას.
ასევე ნახეთ რეგულირების სააგენტომ ამერიკელ ექიმს ჯეიმს კობის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა მისცაკობი ადამიანის უფლებების დამცველადაც არის ცნობილი და მოიხსენიება მოხალისე-ექსპერტად მოძრაობისა „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“. 1997 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მან მიიღო ნაშრომისთვის, რომელიც სახმელეთო ნაღმების გაუვნებელყოფას შეეხება და ეს ნაშრომი მძლავრ საერთაშორისო კამპანას დაედო საფუძვლად. ის მსახურობდა ამერიკის არმიაში, სადაც პრევენციული მედიცინის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს ჯილდო და მაიორის წოდება.
საქართველოში ჩამოსული ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას უკვე კვირაზე მეტია ელოდებოდა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 3 ოქტომბერს განმარტა, კობისთვის ნათქვამი უარი "არასრულყოფილი" დოკუმენტაციით იყო განპირობებული, თუმცა ადვოკატები და ცენტრი „ემპათია“ საპირისპიროზე ლაპარაკობენ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.