ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ამერიკელ პროფესორ ჯეიმს კობის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა მისცა.
„რეგულირების სააგენტომ პროფესორ კობის, ასევე მეორე ამერიკელ ექსპერტს, რომელიც დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას 6-თვიანი დროებითი ლიცენზია როგორც იქნა მიანიჭა", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე მარიამ ჯიშკარიანი.
რეგულირების სააგენტოს დოკუმენტის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის მონახულების ნებართვას გასცემს.
ასევე ნახეთ "მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“ - სააკაშვილის დროებით გათავისუფლების ორი თეორიული გზაინტერნეტსივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად: ჯეიმს კობი ქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედია, რომელიც ასევე მოღვაწეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლისა და სახსრების სერიოზული ტრავმების მკურნალობას.
კობი ადამიანის უფლებების დამცველადაც არის ცნობილი და მოიხსენიება მოხალისე-ექსპერტად მოძრაობისა „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“. 1997 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მან მიიღო ნაშრომისთვის, რომელიც სახმელეთო ნაღმების გაუვნებელყოფას შეეხება და ეს ნაშრომი მძლავრ საერთაშორისო კამპანას დაედო საფუძვლად. ის მსახურობდა ამერიკის არმიაში, სადაც პრევენციული მედიცინის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს ჯილდო და მაიორის წოდება.
საქართველოში ჩამოსული ცნობილი ექიმი ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას უკვე კვირაზე მეტია ელოდება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 3 ოქტომბერს განმარტა, კობისთვის ნათქვამი უარი "არასრულყოფილი" დოკუმენტაციით იყო განპირობებული, თუმცა ადვოკატები და ცენტრი „ემპათია“ საპირისპიროზე ლაპარაკობენ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.