ევროპულმა საბჭომ დღეს, 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების ხელშესაწყობად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საზღვარზე ევროკავშირის მისიის გაგზავნას.
ერთი დღით ადრე, 6 ოქტომბერს პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონევროპული საბჭოს განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ისიც დაადასტურეს, რომ ეს გახდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის საფუძველი. კომისიების სხდომა ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში გაიმართება.
ევროპული საბჭოს ოფიციალური განცხადების თანახმად, სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიას. აზერბაიჯანი თანახმაა მისიასთან ითანამშრომლოს. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მისია, რომლის მიზანია ნდობის განმტკიცება და სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა, ოქტომბრიდან დაიწყება და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება.
ასევე ნახეთ ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.