იმ დღეს, როცა თბილისის ქუჩებში უკრაინის ომთან დაკავშირებული წარწერების გადაღება დავიწყეთ, ჩემმა 10 წლის შვილმა მითხრა, რაა მანდ გადასაღები, ყველგან “Fu*k Russia” და “Путин ху*ло” წერიაო.
მართალი იყო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.
თუკი თბილისის ცენტრალურ, ტურისტულ უბნებში 50-მდე დიდ და პატარა ქუჩას შემოივლით, ნახავთ, რომ დედაქალაქის ქუჩებში ითხოვენ რუსებისთვის ვიზების დაწესებას, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას და აქ ჩამოსული რუსების უკან, სამშობლოში დაბრუნებას. იმავე ადგილებში ნატრობენ სიკვდილს უკრაინის მტრებისთვის და საერთაშორისო ტრიბუნალს ვლადიმირ პუტინისთვის.
თბილისის ქუჩები რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა გეგმით ჩამოვიდნენ, ახსენებს, რომ აქ არც ისე სასურველი სტუმრები არიან.
2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი სოლიდარობის ყველაზე თვალსაჩინო გამოსახულება ფანჯრებიდან და აივნებიდან გამოკიდებული უკრაინის დროშებია. ზაფხულის მწველი დღეების შემდეგ მათი ნაწილი მართალია გახუნდა, მაგრამ მაინც კიდია.
სადაც დროშები, იქაც წარწერები - უკრაინას დიდება, რუსებს ჩვენი მრისხანება. მაგალითად, ამ დროშებიანი სახლის გვერდითა ფასადზე პუტინს აგინებენ და რუსებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
ქუჩის მეორე მხარეს დგას სახლი, სადაც ცნობილი "ცისფერყანწელი" პოეტი, პაოლო იაშვილი ცხოვრობდა. კედელზე მარკერით არის გაკეთებული წარწერა რუსებისთვის, რომელსაც მხოლოდ ფეხით მოსიარულე თუ შენიშნავს.
ანტირუსული წარწერების ნაწილი გადაკეთებულია, “გასწორებული”.
მაგალითად, მრგვალ ბაღთან, საბავშვო სათამაშოების მაღაზია “პეპელას” კედელი მესიჯების ბრძოლის ველი გახდა. ვიღაც წითელი საღებავით ყოველ ჯერზე - თავიდან “F**k Russia”-ს წერდა, მერე ვიღაცამ სიტყვა რუსეთი ლურჯი საღებავით გადახაზა და მის ნაცვლად პუტინი დააწერა, სხვას ესეც არ მოეწონა და მთლიანად “გააშავა” კედელი, პასუხად ახალი წარწერა გაჩნდა. შეხსენება, რომ რუსეთი ბავშვებს ხოცავს უკრაინაში.
მეორე "ბრძოლის ველი" პეტრიაშვილის ქუჩაა. თბილისური სახლის ღობე ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გარშემო ატეხილ დავას “ირეკლავს”. აქ პირველი წარწერა მარტის დასაწყისში გაჩნდა და მალევე "დაკორექტირდა". ბოლო შესწორება რამდენიმე კვირის წინ არის შეტანილი.
პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომლის დასაწყისშიც ღვინის ქარხანაა, რუსების ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა კედელზე გაჩნდა წარწერა - გმირებს დიდება - სკოლის გვერდზე, პუტინის ლანძღვა - საცხოვრებელი სახლის ღობეზე, რუსებისთვის სახლში დაბრუნების მოწოდებები - კედლებზე.
პეტრიაშვილის სიახლოვეს, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისში, სამშენებლო ღობეზე ნახავთ რებუსს რუსული სამხედრო ხომალდის შესახებ.
"ცენზურას" ვერც ეს რებუსი გადაურჩა.
და კიდევ არსებობს დედაენის ბარი დედაენის ბაღში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს “ვიზის მისაღებად” ფორმულარის შევსება და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება უწევთ.
“რუსებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან, შეიძლება არაფერი იცოდნენ აფხაზეთზე. რატომ გაქვთ თქვენს კითხვარში პუნქტი “სლავა უკრაინე” ან ის, ვიცით თუ არა, სად მიდის რუსული სამხედრო ხომალდი?” - ჰკითხა რუსულ ენაზე რამდენიმე დღის წინ თბილისში გადაცემის გადასაღებად ჩამოსულმა რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ბარის მეპატრონე დათა ლაფაურს.
“თუ რუსებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან, არაფერი არ იციან აფხაზეთზე და სამხეთ ოსეთზე, ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ ელოდება. თუ რუსებმა არ იციან, რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუ მათ არ იციან, რომ რუსი ჯარისკაცები ახლაც არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, რომ აქედან 26 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან და მხოლოდ ჩამოდიან ჩვენთან ხაჭაპურის საჭმელად, მათი ადგილი აქ არ არის”, - უპასუხა ინგლისურად დათა ლაფაურმა ქსენია სობჩაკს. ეს რუსულ-ინგლისური დიალოგი სობჩაკის გადაცემიდან ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
“რუსი კოლონიზატორი ყველგან კოლონიზატორია“, - დაწერა უკრაინის მხარდამჭერმა პროფაილმა წმინდა ჯაველინმა 60 ათასზე მეტი გამომწერით ტვიტერზე.
ქსენია სობჩაკი პირველი რუსი არ არის, ვინც თბილისის ქუჩების ანტირუსულმა განწყობებმა გააბრაზა.
ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტიდან გააძევეს და საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ბანერები გამოფინეს წარწერებით “Fuck Russia” და “Путин хуйло” - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო ბოდიშის მოხდას ითხოვდა თბილისში აგორებული “რუსოფობიური ტალღის” გამო.
დედაენის ბარი არ არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ანტირუსული განწყობებია. ლეონიძის ქუჩის კუთხეში, ნახევრად სარდაფში გახსნილ პატარა ბარში კლიენტებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტი მიზანში ამოიღონ და უფასო სასმელი მიიღონ.
“მთელი ის დრო, რაც საქართველოში გავატარე, დაძაბული ვიყავი”, - ამბობს იუთუბზე 16 აგვისტოს ატვირთულ ვიდეოში რუსი ბლოგერი ალენა, რომელიც ბათუმში ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ ტაილანდში გადავიდა.
“სეირნობ სანაპიროზე, ხედავ წარწერებს: რუსეთი ოკუპანტია, ფაშისტები, წადით აქედან. შედიხარ კაფეში, იქაც წარწერებია რუსეთზე. იყო შემთხვევა, როცა ავტომობილი რუსული მანქანით, დაკაწრული დახვდა პატრონს. ასეთი შემთხვევების გამო, ბევრს რუსულნომრიან მანქანაში უკრაინის დროშა უდევს გამოსაჩენ ადგილას”, - ჰყვება ალენა.
ამ ვიდეოს დასაწყისში ის ხსნის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსაც: აქ მოხვედრა მარტივია, ერთი წელი უვიზოდ შეგიძლია იცხოვრო, ბათუმში ზღვაა და დაბალი ფასები, თუმცა, ადამიანები ყველანირად ცდილობენ გაჩვენონ ანტირუსული განწყობებიო, - ამბობს ალენა და თან აყოლებს, ყველა არ სვამს ტოლობის ნიშანს რუსეთის ხელისუფლებასა და ხალხს შორის, მაგრამ საქართველოში ცხოვრება რუსებისთვის მაინც გვარიანად სტრესულიაო.
“როცა სახლიდან გამოვდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა და ვერავინ ვერ მიტანდა. მთელი ეს წარწერები ქალაქში ყველგან არის”, - ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, ლერა პეტერბურგიდან რუსი ჟურნალისტის, ანასტასია მატვეენკოს მიერ თბილისში გადაღებულ გადაცემაში, რომელიც იუთუბზე 23 აგვისტოს აიტვირთა. ის ჰყვება, რომ 2022 წლის მარტამდე რუსებისთვის ასეთი რთული არ იყო საქართველოში ცხოვრება, ყველაფერი უკრაინაში ომმა შეცვალა: ფასებიც და ხალხის დამოკიდებულებაც.
“თითქმის ყველა შენობის კედელზე წაიკითხავთ რაიმეს რუსეთის და მისი პრეზიდენტის შესახებ”, - ჰყვება იუთუბზე რუსი ბლოგერი, ვოვა კარმანოვი და იქვე აჩვენებს ქუჩებში გადაღებილ წარწერებს იმის დასტურად, რომ საქართველოშიც ყველა “რუსოფობი” არ არის. საქართველოში დროებით ან დიდი ხნით ჩამოსული რუსი ვლოგერების ვიდეოებში, სადაც ისინი საქართველოში ჩამოსვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე უზიარებენ გამოცდილებას რუსულენოვან აუდიტორიას, ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი “რუსოფობიური წარწერები და ანტირუსული განწყობები”.
“ჩვენ კაფეში ვსხედვართ, ჩვეულებრივად ვსაუბრობთ რუსულად, თუ თავაზიანად მოიქცევი, რეაგირებაც ნორმალური იქნება. მთავარია, თუ აქ ჩამოდიხარ, გახსოვდეს ომის, ოკუპაციის, ისტორიის, იმის შესახებ, რაც ახლა ხდება… და ქუჩაში არ გახვიდე რუსეთის დროშით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება”, - უხსნის ვოვა კარმანოვს ნიკოლაი, ახალგაზრდა კაცი მოსკოვიდან, რომელიც თბილისში საცხოვრებლად ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩამოვიდა.
აქტივისტებმა, ვინც საქართველოში ჩამოსულ რუსებს წარწერებითა და სტიკერებით ახსენებენ მათი ქვეყნის ბოროტებას, იციან, როგორ მოქმედებს ეს მათზე და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლება პერიოდულად შლის ანტირუსულ წარწერებს, მტკვრის სანაპიროსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებზე ახლები მალევე ჩნდება.
მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკით, ხელისუფლებას ქალაქის ქუჩებიდან სთხოვენ რუსებისთვის ვიზის დაწესებას და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მათი უმრავლესობა თბილისში რჩება.