პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ამ მიზნით საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოზე.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
17 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს წინაშე 12 პუნქტის შესრულების პირობა დააყენა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.