პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის" ეთერში განმარტა, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოში მიმდინარე საქმეებთან. „უბრალოდ დროში დაემთხვა. რაღაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, სააკაშვილი არის დაზარალებული", - თქვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ „მთავარი არხის" ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება, ვინაიდან არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით.
„ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროტოკოლი, რომელიც გაწერილია ქართულ კანონმდებლობაშიც. გამომდინარე იმ პარტნიორული ურთიერთობიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის არის, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გაგებით მოეკიდება ამ საკითხს. ადრე თუ გვიან დაიწყება პროცესები და მიხეილ სააკაშვილი შეძლებს თავის დაცვას კიევის სასამართლოში", - თქვა მან.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველო საშუალებას არ მისცემს, უკრაინის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხოს საქმეზე, რომელშიც დაზარალებულად არის ცნობილი, ადვოკატი კონკრეტულ ნაბიჯებს გეგმავს.
„თუ ეს ასე არ მოხდება, ვერ გეტყვით, რა რეაქცია ექნება უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვიცი, რა რეაქცია მექნება. აუცილებლად მივმართავ ევროპულ სასამართლოს. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. ეს ადამიანი ცნეს დაზარალებულად და მას სრული უფლება აქვს უკრაინის კანონმდებლობით, რომ სასამართლოში მისცეს ჩვენება", - განაცხადა მან.
ადვოკატის თქმით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის ნორმალურად დაკითხვა ვერ მოხერხდება, თან თუ ადვოკატი სჭირდება. „ვერანაირ შეზღუდვას ვერ ვხედავ, რომ გარკვეული ვადით მისი გადმოცემა არ მოხდეს“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.