ქრთამი გაწვევისგან თავის ასარიდებლად - რუსეთში კორუფციის ბუმია

რუსეთის ასობით მოქალაქის სურვილმა, არ დაექვემდებარონ მობილიზაციას, კორუფციის ახალი ტალღა წარმოქმნა: ქრთამი იმის სანაცვლოდ, რომ სამხედრო კომისარიატის სიიდან ამოგწერენ; ქრთამი ყალბი ჯანმრთელობის ცნობისთვის; ქრთამი საზღვრამდე მისაღწევად...

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ამ თემაზე ილია შუმანოვმა ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის („Transparency International“) რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

- თქვენ წერთ, რომ მობილიზაციას რუსეთში ყოფითი და ადმინისტრაციული კორუფციის ბუმი მოჰყვა. კერძოდ რა სახის კორუფციაზეა საუბარი?

- ეს არ არის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც რუსეთში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ყოფით კორუფციაზეა ლაპარაკი, რომელსაც რიგითი მოქალაქე აწყდება, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესიც. ამ სახის კორუფცია ბევრს უკვე დაავიწყდა. უკვე აღარ გამოიყენებოდა და ახლა ახალი ფორმით აღმოცენდა.

კორუფციის ერთ-ერთი სახეა ქრთამის მიცემა დეფიციტურ საქონელსა და მომსახურებასთან ხელმისაწვდომობისთვის. საბჭოთა კავშირში 1990-იან წლებში ეს საკმაოდ გავრცელებული იყო. მაგალითად, ტრანსპორტით მომსახურება. მობილიზაციის პირველ დღეებში რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც გაწვევა შეიძლება შეხებოდათ, ცდილობდნენ ყველა საშუალებით დაეტოვებინათ ქვეყანა, მათ შორის იყო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების მოსყიდვა. ქრთამს აძლევდნენ „გაიშნიკებსაც“, რომ ჩრდილოეთ ოსეთის გავლით გასულიყვნენ. ეს ისაა, რაც რუსეთის მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ დაივიწყეს.

- ქრთამის ოდენობა იზრდებოდა? თუ საერთოდ არ იყო მანამდე?

- საერთოდ არ იყო. ჩრდილოეთ ოსეთის გავლით ზემო ლარსში გადასვლა კაპიკიც არ ღირდა. ახლა ეს ერთგვარი მოსაკრებელია, რომელსაც რამდენიმე საგუშაგოზე აგროვებენ - 5 ათასი რუბლი კაცზე. სექტემბრის ბოლოს ასეთი რიცხვები იყო.

მობილიზაციის გამოცხადებამდე რაც 200-300 ათასი რუბლი (3261-4892 დოლარი) ღირდა, ახლა რიგ შემთხვევებში მილიონობით რუბლი ღირს - ამ ფულს ითხოვენ იმაში, რომ გასაწვევთა სიიდან გარანტირებულად ამოგიღონ.

- მილიონი რუბლი დაახლოებით 17 ათასი დოლარია, არა?

- კი, ეს სოლიდური თანხაა, რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქეს არ აქვს.

- რუსეთის ჯარის მდგომარეობა, იქნება ეს აღჭურვილობა, ფორმა, ეკიპირება, შეიარაღება, - ესეც კორუფციის შედეგია?

- რუსეთის არმიას კორუფცია ნამდვილად ახასიათებს. დუმის დეპუტატებიც კი ლაპარაკობენ, რომ ნახევარი ტონა სამხედრო ფორმა სადღაც გაუჩინარდა, და რომ შეიარაღებისა თუ სამხედრო კომპლექსების შესაკეთებლად დადებული სახელმწიფო ხელშეკრულებების 70 პროცენტი „ატკატებზე“ მოდის.

- რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია, ეს კორუფცია დაამარცხოს, ან სურვილი მაინც აქვს?

- ისეთი კორუფცია, რომელიც ახლა რუსეთშია, ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება. ვხედავთ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრეს იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობენ. რეპრესიული მანქანა იქ უფრო გაძლიერდა. სახელმწიფო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ქურდობის ან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდი იქნება. სისტემა ცდილობს კორუფციულ სქემებს გაუძალიანდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის.