ევროპის 44 ქვეყნის ლიდერები პრაღაში „რუსეთის გარეშე ახალ წესრიგზე“ იმსჯელებენ

პრაღის ციხესიმაგრეში 6 ოქტომბერს დაიწყო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერთა შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრი, კანდიდატი და ბლოკთან ეკონომიკურად დაკავშირებული სახელმწიფოების ლიდერები მონაწილეობენ.

მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაახლოებით საათზე მეტი მოანდომა პრაღაში ჩასული 44 ქვეყნისა და ევროკავშირის ლიდერების მისალმებას და ხელის ჩამორთმევას.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, ხოლო ახალი ფორმატის დანიშნულება ასე განსაზღვრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილეები განიხილავენ "ახალი წესრიგის შექმნას რუსეთის გარეშე", - განაცხადა ბორელმა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.

მანამდე ბორელმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პუტინის რუსეთის მონაწილეობის გარეშე ერთიანი ევროპული სივრცის მშენებლობის იდეას ავითარებს.

ამ ახალ წესრიგში რუსეთის გარდა, არც ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ადგილია. ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ეს ორი ქვეყანა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ისტორიულ სამიტში არ მონაწილეობს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მნიშვნელოვანი უწოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, თუმცა სხვა დეტალებზე შეხვედრის დაწყებამდე არც მას და არც ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებს არაფერი უთქვამთ. მათზე უფრო მეტს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ისაუბრებენ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში, რომლებიც პრესისთვის დახურულია.

ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ მომდევნო შეკრების დეტალებსაც - ის მომავალ წელს ჩატარდება ევროკავშირის რომელიმე არაწევრ ქვეყანაში და ეს, კულუარული ინფორმაციით, შეიძლება იყოს მოლდოვა.